მედია - გერმანია რუსული დრონებისა და კიბერშეტევებისგან „დამცავ ფარს“ ამზადებს

ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გერმანია გეგმავს გააძლიეროს თავდაცვა რუსული დივერსიული და სხვა ჰიბრიდული თავდასხმებისგან, - ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი გეგმავს ყოვლისმომცველი ზომების განხორციელებას, რომელიც მოიცავს დრონებისგან, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დივერსიის განხორციელებისა და კიბერშეტევებისგან დაცვას, ასევე ჯაშუშებისა და პოტენციური ტერორისტების იდენტიფიცირებას.

„რუსეთის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების გამოყენებით აეროპორტებზე ჰიბრიდული თავდასხმები, აგენტები ჩვენს ქალაქებში, კიბერშეტევები ჩვენს ქსელებზე და ჩვენი ინფრასტრუქტურის საბოტაჟი ყოველდღიური რეალობაა. ეს თავდასხმები გაძლიერდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ და თავი დავიცვათ“, - განაცხადა დობრინდტმა.

Bild-ის ინფორმაციით, გერმანია, დრონებთან ბრძოლის მიზნით, ფედერალური პოლიციის მობილური დანაყოფის გაფართოებას გეგმავს.

ახალი დანაყოფები, რომელთა სწრაფად განლაგება სხვადასხვა რაიონში იქნება შესაძლებელი, ვერტმფრენებითა და სპეციალური მანქანებით იქნება აღჭურვილი. ისინი ცხრა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში განთავსდებიან : ფრანკფურტში, მიუნხენში, ჰამბურგში, ბერლინში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, ლაიფციგში, ჰანოვერსა და კიოლნში.

მათი ამოცანა იქნება ბერლინში ძირითადი სატრანსპორტო კვანძების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურებისა და სამთავრობო უბნის საჰაერო სივრცის დაცვა. ეს მოიცავს არა მხოლოდ დრონების აღმოჩენასა და ჩაჭრას, არამედ ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი დრონების ნეიტრალიზაციასაც.

გეგმა ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების, ბიომეტრიული სახის ამოცნობისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების, უფრო ფართოდ გამოყენებას, განსაკუთრებით, რკინიგზის სადგურებზე. ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა შეუწყოს ხელი იარაღისა და საეჭვო ქცევის ავტომატურ გამოვლენას, ასევე თავდასხმების ან ჯაშუშობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი პირების იდენტიფიცირებას.

ცალკე მიმართულებაა კიბერთავდასხმებისგან დაცვა. საუბარია კიბერგუმბათის -ციფრული სენსორების ფართო ქსელის - შექმნაზე, რომელმაც ჰაკერული თავდასხმების მცდელობები უნდა გამოავლინოს და დაბლოკოს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა