ახალდაბასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რასაც მეათე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა, დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „კვირის პალიტრასთან“ საუბარში გორის მე- 6 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ნუცუბიძე ჰყვება, გარდაცვლილ გოგონასთან ერთად დაშავდა კიდევ ორი ბავშვი.
“მარიამ წიკლაურია გარდაცვლილი გოგონა, მე-10 კლასის მოსწავლე. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, სექტემბერში მე-10 კლასში უნდა მოსულიყო. ახლახან გავიგე ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცდი. საუკეთესო ბავშვი იყო მარიამი. როგორც გავიგე, სტუმრად ყოფილა ახალდაბაში და იქიდან ბავშვები ფეხით მოდიოდნენ გორში, საღამო ხანი ყოფილა, ფეხით მიმავალ ბავშვებს დასჯახებია მანქანა. გორიდან ახლოს არის ახალდაბა, მიბმული სოფელია, ზაფხულია და ალბათ ახალგაზრდები ფეხით ბრუნდებოდნენ სახლში. დაბადების დღეზე ყოფილან. სამი არასრულწლოვანი დაშავდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ის ორი ბავშვი, რომელიც მარიამთან ერთად იყო, ჩვენი სკოლის მოსწავლე არ არის. მეგობრები იყვნენ ალბათ. ისინი კარგად არიანო, მსუბუქად დაშავდნენ. როგორც გავიგე, უკვე სახლში არიან. ეტყობა უფრო გზის მხარეს მოდიოდა მარიამი და მას დაეჯახა. ეს მწარე რეალობაა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მარიამს ერთი და ჰყავს, შარშან დაამთავრა სკოლა. ძალიან კარგი, სიცოცხლით სავსე გოგონა იყო ჩვენი მარიამი. ყველაფერი კარგი შემიძლია ვთქვა მასზე, უკვე სიტყვები რომ არა გყოფნის ის მდგომარეობაა. გუშინდელი ამბავია, დღეს დილით გარდაიცვალა კლინიკაში”, - აცხადებს გორის მე- 6 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ნუცუბიძე.
ამავე ცნობებით, დაშავებულები არასრულწლოვნები გორის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, ახალდაბასთან მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. გოგონა კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის უკვე დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.