ღარიბაშვილს არ აკმარეს ციხეში გაშვება და მოინდომეს მისი ყოველგვარი პერსპექტივის დანგრევა, ეს საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლაა და არა საზოგადოებრივი სიკეთისთვის - ღარიბაშვილის დროსაც ბევრი უსამართლობა ხდებოდა, რასაც სწორედ ეს სისტემა ჩადიოდა. მაშინ ხელისუფლებაში მყოფი ბევრი ადამიანი ძალიან თავაწეული დადიოდა, დაბლა არ იყურებოდა და არ აკვირდებოდა, რა ხდებოდა ქვემოთ ან რა ემართებოდათ ადამიანებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, „სანამ ხელისუფლებაში ხარ“, მანამდე უნდა იზრუნო, რომ სისტემა ჯანსაღი იყოს, რადგან ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ამ სისტემამ შენივე განადგურება არ მოინდომოს.
„ხელისუფლებისგან წასვლის შემდეგ, როდესაც ეს სისტემა შენ დაგეტაკება და შენს განადგურებას მოინდომებს, ბრძოლას ნაკლები ფასი აქვს. ეს საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლაა და არა საზოგადოებრივი სიკეთისთვის. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ვინც ხელისუფლებაში იყო, ვერავინ ხვდებოდა, რომ სანამ მმართველობაში ხარ, წესიერად უნდა მოიქცე და ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც შემდეგ უკან არ მოგიტრიალდება. ღარიბაშვილის დროსაც ბევრი უსამართლობა ხდებოდა, რასაც სწორედ ეს სისტემა ჩადიოდა. მაშინ ხელისუფლებაში მყოფი ბევრი ადამიანი ძალიან თავაწეული დადიოდა, დაბლა არ იყურებოდა და არ აკვირდებოდა, რა ხდებოდა ქვემოთ ან რა ემართებოდათ ადამიანებს.
ღარიბაშვილს ყოველთვის ჰქონდა ამბიცია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ყოფილიყო. ეს ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გარშემო შემოიკრიბა, არიან არსაიდან მოყვანილები, 90%-ს არავინ იცნობდა. ყველაზე საშიში ადამიანები სწორედ ისინი არიან, რომლებსაც წუმპიდან ამოიყვან, თავში დასვამ და სოციალურ კიბეზე გადაახტუნებ, რადგან მერე უკან ჩაჩოჩება არავის უნდა. ამასთან, მათ აქვთ ისეთი ფსიქოლოგია, რომ იციან ავტორიტეტი არ გააჩნიათ. ამიტომ, იმდენად ბრიყვები არიან, რომ ხშირ შემთხვევაში ცდილობენ სხვისი ავტორიტეტი გაანადგურონ და რეპრესიებით, ცრუ თუ ნამდვილი ბრალდებებით არ დაუშვან, რომ სხვას ავტორიტეტი ჰქონდეს. ცდილობენ უპირატესობა მოიპოვონ იმის ხარჯზე, რომ თავად არიან ძალაუფლებაში და ეს ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ.
რამდენად საშიში იყო ღარიბაშვილი? ჩემთვის არა, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ მყოფებისთვის კი, რადგან მათ თუნდაც ღარიბაშვილის ავტორიტეტის ეშინოდათ, რომელსაც ჩემი აზრით, დიდი შანსი არ ჰქონდა, რომ დიდი სახალხო ლიდერი გამხდარიყო. თუმცა ღარიბაშვილი იყო პრორუსული და ძალიან კონსერვატიული ამომრჩევლისთვის სანიშნო ფიგურა, რადგან მისი გზავნილები სწორედ იმ ამომრჩევლისთვის იყო, რომელიც საბჭოთა ნოსტალგიას განიცდის. მე რომ მკითხოთ, იგი ყველაზე პროსაბჭოური მენტალობის პოლიტიკოსი იყო. ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს გარკვეული დასაყრდენი გააჩნიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა არის კობახიძის ან მდინარაძის დასაყრდენი ან რომელი სოციალური ფენა? ეს დედამიწის ზურგზე არავინ იცის! ისინი პოლიტიკაში არიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ შეფასებებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით მოქმედებს, მისი აზრით, ეს აბსურდია.
„მაგალითისთვის, მე, სააკაშვილმა და ივანიშვილმა რომ ვთქვათ, რომ 2-ჯერ 2 არის 4, კირცხალია დასკვნას გააკეთებს, რომ ჩვენ შეკრულები ვართ და ეს საერთო ნარატივია? აბსურდია! ეს თავის მართლებაა იმის გამო, რომ მათ არ უნდათ საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, თითქოს ღარიბაშვილსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ზეწოლა ხდება. აქ პრობლემა იმაშია, რომ ეს ხალხი პოლიტიკაში არსაიდან მოვიდა. არასდროს უბრძოლიათ არც საკუთარი და არც ვინმეს უფლებებისთვის, არავის ინტერესები არ დაუცავთ, ყოველთვის მონები იყვნენ, ამ ხელისუფლების თუ წინა ხელისუფლების. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიას გადახედეთ და ნახავთ, რამდენი პროცენტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი და მხარდამჭერი 2012 წლამდე. ის ხალხი კი, ვინც „ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ რთულ პირობებში იბრძოდა, ყველა ჩამოშორებულია და მათ ადგილას ყოფილი „ნაცები“ არიან.
ღარიბაშვილი სწორედ ძველი ადამიანებისთვის არის სანიშნე ფიგურა, რადგან 2012 წლის „ქართული ოცნებიდან“ იყო. თუმცა, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო, მაინც და მაინც არ წყალობდა ამ ხალხს და მის წრეშიც იყვნენ პირები, რომლებიც განსაკუთრებით არ აქტიურობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა კი გზა გახსნილია და ვინც ამაზე ვილაპარაკებთ, თურმე „ნაცებთან“ შეკრულები ვართ. „ნაცებთან“ შეკრულს კი ვინ მეძახის? ის ადამიანები, რომლებიც იმ 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლები იყვნენ, ხმებს უგროვებდნენ და თავიანთ საწარმოებში ხალხს აიძულებდნენ, ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიეცათ!“ - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ირაკლი მელაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მძიმე ბედი ელის, რადგან ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას მინიმუმ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდება წაუყენა.
„საინტერესოდ არის დაგეგმილი ის წერილები, რომლებსაც ღარიბაშვილი ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერ შუაშია, შესაძლოა სხვა მიმართულებით ვიფიქროთ, ვინ დგას იმ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების უკან, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობენ და დღეს ამ საქმეში არიან ჩართულები? ვინ არის „რეპორტიორის“ დამფუძნებელი, ვინ უწყობდა ხელს და ვინ იდგა ხშირ შემთხვევაში „ობიექტივის“ უკან? ამ ხალხში უნდა ვეძებოთ. თავიანთი ჭკუით, საკმაოდ ცნობილები არიან იმისთვის, რომ ასეთი წერილები მოამზადონ. ვფიქრობ, პრობლემა თვითონ „ოცნებაშია“ და იმ ადამიანებში, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და არ აწყობთ ის, რასაც კობახიძე აკეთებს. კობახიძემ და მთავრობამ სასწაული მოახდინეს, ყველა მეგობარი მტრად აქციეს და არცერთი მტერი მოყვრად, ქვეყნის შიგნით უმაღლეს დონეზე აიყვანეს დაძაბულობა და მიუღებლობა. მსგავსი წარუმატებელი პოლიტიკა ძალიან იშვიათად მინახავს. ბუნებრივია, შიგნით გაჩნდნენ ძალები, რომლებსაც არ სურთ იმავეს გაგრძელება. ხვდებიან, რომ კობახიძე არის წყალი, რომელიც უნდა წავიდეს, ქვიშა კი უნდა დარჩეს, ანუ უნდა დარჩეს „ქართული ოცნება“. ამიტომ, ვიღაცას „ქართული ოცნების“ გადარჩენა სურს კობახიძისგან. ამას ემსახურება ისიც, რომ ღარიბაშვილი აღარ ურტყამს ივანიშვილს, პირველი განცხადება მან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გააკეთა, შემდეგ კი ვექტორი ცოტა შეიცვალა და გადავიდა მდინარაძესა და კობახიძეზე. კობახიძეს ძალიან მძიმე ბედი ელის, ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს, მინიმუმ მკვლელობამდე მიყვანის ბრალდებაა.
რაც შეეხება იმას, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში კობახიძეს არ იბარებენ, არ იბარებენ, რადგან პრემიერ-მინისტრია. მდინარაძე ცოტა ხნის წინ უშიშროების მინისტრი იყო, მთავრობის ერთ-ერთი ფავორიტი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ღარიბაშვილი კობახიძეს პოლიტიკის ნაწილში არ უპირისპირდება, რადგან ეს ივანიშვილთან დაპირისპირებას ნიშნავს, ძირითადი პოლიტიკური ხაზი ხომ ივანიშვილის გარეშე არ ყალიბდება. მაგრამ ის გამოდის სისხლის სამართლებრივი ბრალდებით, რომელიც ძალიან მარტივია ავაცილოთ ივანიშვილს, გაშლის ხელს და იტყვის- „ეს ამბავი არ ვიცოდი, უი, უი, რა მომხდარაო“ და ამისთვის შემდეგ კობახიძე გაიშაროს. ან, პირიქით, ივანიშვილსაც შანსს აძლევს, რომ იმ მმართველად და ხელმძღვანელად გამოჩნდეს, რომელიც დასჯის დამაზიანებელი იმიჯის მქონე პოლიტიკოსს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. ამიტომ, ეს წაუგებელი ნაბიჯია. კარგად არის დაგეგმილი. ეს მარტო ღარიბაშვილის წერილები არ არის, ეს გარკვეული მედიარესურსების აქტიური ჩართულობაა კობახიძის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ანალიტიკოსის თქმით, „მდინარაძესა და კობახიძესაც იგივე დაემართებათ და მართლმსაჯულების სკამზე აღმოჩნდებიან და ის მექანიზმი, რომელიც ასე აამუშავეს, მათ წინააღმდეგ ამუშავდება“.
„მდინარაძე რას შეეწირა, არ ვიცი. კობახიძე ქმნიდა სტრუქტურას, რომელიც პოლიტიკურ კონტროლს დაამყარებდა რეგიონებში და დააყენა კიდეც იქ თავისი კაცი. მაგრამ როცა ეს პროცესი დაიწყო, მაშინ არ ჩანდა, რომ ღარიბაშვილი ამ განცხადებას გააკეთებდა. შესაბამისად, მდინარაძე ჩამოაშორეს ამ ამბავს, ასევე უცნაური გადაწყვეტილება გამოჩნდა, როცა მთავრობამ უარი თქვა სტრუქტურის შექმნაზე, ფაქტობრივად, კობახიძეს ხელებში ჩაარტყეს. ამ სტრუქტურას რეგიონები უნდა ეკონტროლებინა, რეგიონული პოლიციელის ფუნქცია ექნებოდა, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა, რამდენად კარგად მუშაობენ სამთავრობო ინტერესზე გუბერნატორები და მუნიციპალიტეტები. მეორე მხრივ, არსებობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სადაც მხოლოდ ეკონომიკური მდგენელი რჩებოდა, პოლიტიკური მდგენელი კი იქ უნდა გადასულიყო. კობახიძე ვიცე-პრემიერის რანგში ქმნიდა ამ სტრუქტურას და უეცრად მოუწიათ განცხადების გაკეთება, რომ სტრუქტურა აღარ შეიქმნება.
მეორე მხრივ, ღარიბაშვილის ყოფილი მონების საკუთარი თავის ყოვლად დამამცირებელი სტატუსები და განცხადებები გვხვდება, კირცხალია, ბოჟაძე და სხვა პირები იყვნენ ის ხალხი, რომლებიც ლოცულობდნენ ღარიბაშვილზე და კბილებით იცავდნენ ძალიან ბევრი არასწორი საქციელის დროს. მაგალითად, რაც პარლამენტში მოხდა გუბაზ სანიკიძის წინააღმდეგ, მახსოვს, როგორი აქტიურები და აღშფოთებულები იყვნენ. ახლა კი თურმე ღარიბაშვილი დაბალი დონის აღმოჩნდა, რომელიც „ნაცების“ თამაშს თამაშობს. ამას ყოფილი „ნაცები“ ამბობენ! ამაზე მეტად დამამცირებელი და ამაზრზენი რა უნდა იყოს?
მდინარაძესა და კობახიძესაც იგივე დაემართებათ. შემდეგი იქნება კობახიძის გარემოცვა და თავად კობახიძე. დარწმუნებული ვარ, კობახიძე და მდინარაძე მართლმსაჯულების სკამზე აღმოჩნდებიან და ის მექანიზმი, რომელიც ასე აამუშავეს, მათ წინააღმდეგ ამუშავდება“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.