რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოჩართვისას განაცხადა, სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია და რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„სამუშაო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პირველ რიგში, მთლიანად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დიდ პრობლემას წარმოადგენდა როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ისე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებისთვის. ამ ეტაპზე რაიმე სახის დაბრკოლება არ გვაქვს. სამუშაოები კარგ ტემპში მიმდინარეობს, მუშაობს ყველა შესაბამისი კომპანია. როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ავარიულ მდგომარეობაშია რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის თეატრთან და პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიც და საჭიროებს გამაგრებას.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. ვისაც არ ეზარება, ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, თუ რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. ამიტომ, არ დაუჯეროთ არავის. თუ რაიმე სათქმელი იქნება, ჩვენ ყოველთვის მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობას განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოს და მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, როგორც ოპერის წინ, ისე კლასიკური გიმნაზიის წინ არსებული გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრების სამუშაოებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა.

„გამზირზე არსებულ ორ მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი დასკვნები, რომელთა საფუძველზეც დავიწყეთ დეტალური პროექტირება. დაწყებულია ასევე წინამოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის მიხედვით გამაგრდება ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა უსაფრთხო იყოს და ექსპლუატაციის ვადებს გაუძლოს. გარდა ამისა, ზედა ნაწილზე მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ გზის მოწყობას დავიწყებთ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება კომუნიკაციების მოწყობას, თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, თვის ბოლოს სარეაბილიტაციო ობიექტებზე საკომუნიკაციო კომპანიები დაასრულებენ მუშაობას, რომლის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ თვის ბოლოდან გავლენ ობიექტიდან. ძველიდან ახალ მილებზე გადაერთების სამუშაოები დარჩება, რომელიც საგზაო მიმართულებით შეფერხებას არ გამოიწვევს. ამ პერიოდიდან უკვე სრული მასშტაბით დაიწყება საგზაო მიმართულებით მუშაობა - პირველ ეტაპზე, დარჩენილ მონაკვეთებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, შემდეგ კი გზის საფუძვლის მომზადება და ბოლო ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ ტროტუარებზე - ეწყობა არხები, სადაც შემდეგ კაბელები განთავსდება. დაწყებული გვაქვს გამზირის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოებიც“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა