უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით გერმანიამ უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი გამოყო, რომლის ჯამური ღირებულება 1.3 მილიარდ ევროს აჭარბებს.
„ეს არის იარაღი, რომელიც ახლა დაგვეხმარება, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, გერმანიის დახმარების ეს პაკეტი ითვალისწინებს თანხებს ახალი ჩამჭრელი დრონების წარმოებისთვის, რომლებსაც რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ გამოიყენებენ.
თავის მხრივ, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 350 მილიონი ევრო ენერგეტიკულ სფეროში დახმარების აღმოჩენას მოხმარდება.
„ეს სწრაფად და მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ეს გაძლიერება სასწრაფოდ არის საჭირო. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რუსეთის თავდასხმების შედეგების შემსუბუქებას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და, უპირველეს ყოვლისა, დაეხმარება უკრაინის მოსახლეობას მომავალი ზამთრის გადატანაში“, - აღნიშნა მერცმა.