საქართველოს უნივერსიტეტში „მასწავლებლის გავლენის ჯილდოს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კონკურსის სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. კონკურსის ცოდნის პარტნიორმა „ბიბლუსმა“ კი საკუთარი რჩეული დაასახელა.
„მასწავლებლის გავლენის ჯილდო“ საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივის - „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა. მისი მიზანია იმ მასწავლებლებისა და პროექტების გამოვლენა და აღიარება, რომლებმაც მოსწავლეების, სკოლისა თუ საზოგადოების ცხოვრებაში რეალური და ხელშესახები ცვლილება შექმნეს.
კონკურსი ტრადიციული მასწავლებლის ჯილდოებისგან განსხვავდება - მისი მთავარი კრიტერიუმი არ არის მხოლოდ პროფესიული გამოცდილება, სტაჟი ან მასწავლებლის ბიოგრაფია. მთავარი ყურადღება შექმნილ გავლენაზეა გამახვილებული - იდეებზე, პროექტებსა და ინიციატივებზე, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებად იქცა.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები სხვადასხვა საჭიროებასა და გამოწვევას პასუხობდა და მოიცავდა როგორც არაფორმალური განათლების, ისე კითხვის კულტურის, სასკოლო გარემოსა და თემის განვითარების მიმართულებებს.
პროექტები ჟიურიმ მათი იდეის, განხორციელების პროცესის, მიღებული შედეგებისა და შექმნილი გავლენის მიხედვით შეაფასა.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თინათინ ღუდუშაური - საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი; ზაქრო ქიტიაშვილი - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, მასწავლებელთა განათლების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ლადო აფხაზავა -სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი; დათო ტურაშვილი - ქართველი მწერალი და ნატო ინგოროყვა - პროექტის კონსულტანტი.
„მასწავლებლის გავლენის ჯილდოს“ გამარჯვებულები:
თემური სუყაშვილი - ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა პროექტი - „Learning by Changing Community მოდელის ინტეგრირება არაფორმალურ განათლებაში“;
ნათია უჩავა - სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლა პროექტი - „ერთი იდეა - ათასობით გავლენა“;
ლელა კოტორაშვილი - თბილისის N59 საჯარო სკოლა პროექტი - „წიგნი -„მოსიარულე გაკვეთილები“.
სამივე გამარჯვებულ მასწავლებელს გადაეცა ფულადი პრემია, სპეციალური ჯილდო და საჩუქრები.
კონკურსის ცოდნის პარტნიორმა „ბიბლუსმა“ კი საკუთარი რჩეული გამოავლინა. „ბიბლუსის რჩეული“ გახდა ნათია ფურცელაძე, ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლიდან, პროექტით - „არაფორმალური განათლების სივრცე „საპოვნელა“.
ნათია ფურცელაძის პროექტი „ბიბლუსმა“ ცოდნისა და კითხვის კულტურის განვითარების მიმართულებით გამორჩეულად მიიჩნია. სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, „ბიბლუსის“ მხარდაჭერით ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა სრულად განახლდება. ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის თანამედროვე და მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას და წიგნთან მათი კავშირის კიდევ უფრო გაძლიერებას.
დაჯილდოების ცერემონიაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასწავლებლის როლს არა მხოლოდ საგნის სწავლების, არამედ სასკოლო და საზოგადოებრივი გარემოს განვითარებაში. კონკურსის მონაწილეთა პროექტებმა აჩვენა, რომ სწორად შერჩეულ იდეას, ინიციატივასა და თანმიმდევრულ მუშაობას შეუძლია შექმნას ცვლილება, რომელიც ერთი კლასის ან ერთი სკოლის ფარგლებს სცდება.
„მასწავლებლის გავლენის ჯილდოს“ პირველი დაჯილდოება სწორედ ამ იდეის აღნიშვნას ემსახურებოდა - გამოევლინა და დაეფასებინა ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და იდეებს რეალურ გავლენად აქცევენ.
„მასწავლებლის გავლენის ჯილდო“ საქართველოს უნივერსიტეტის უფრო ფართო ინიციატივის „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ ნაწილია. ინიციატივა მასწავლებლების პროფესიული განვითარების, მხარდაჭერისა და მათი გამოცდილებისა და იდეების გაზიარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
„ყველაფერი იწყება მასწავლებლით.“
(R)