ყველგან, ყველა უწყებაში კორუფცია გამოიკვეთა, თბილისის მერიაში კორუფცია არ არის? კახა კალაძის გარემოცვა, თავად კახა კალაძე კორუფციაში ამდენი წლის განმავლობაში არ მონაწილეობდა? - როგორც კი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ კახა კალაძის „განკითხვის დღე“ დადგა, ვერ წარმოიდენთ რა მასშტაბის კორუფციული “ქეისები” შეიძლება ვიხილოთ თბილისის მერიაში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კორუფციასთან ბრძოლა იქნება წარმოუდგენელი, თუ არ გატარდა ინსტიტუციური რეფორმები.
„ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რასაც ჩვენ წლების წინ ვამბობდით და ვამხელდით ხელისუფლებას. მათ შორის სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები არსებობდა ამასთან დაკავშირებით. ვამბობდით, რომ ელექტროენერგიის იმპორტში არსებობდა შუამავალი კომპანიები, რომლებიც ხელოვნურად ზრდიან ელექტროენერგიის ღირებულებას და შედეგად, ჩვენს მომხმარებლებს, მოქალაქეებს უძვირდებათ კომუნალური გადასახადი, ანუ უძვირდებათ ელექტროენერგიის ღირებულება. მაგალითად, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „აზერ ენერჯისა“ და საქართველოს სახელმწიფო კომპანიას შორის, 2016 წელს გაჩნდა შუამავალი კომპანია, „ელ გრინი“, რომელიც დააფუძნა ნოღაიდელმა, სულხან პაპაშვილმა და უჩა მამაცაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური სტატუსით მიავლინა აზერბაიჯანში ვიზიტით, რომ ეს კორუფციული სქემები მას დაელაგებინა, არამარტო ელექტროსისტემებში, რკინიგზაში და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო კომპანიებში. მას შემდეგ წლებია ასობით მილიონი ლარი კეთდება ამ შუამავლობით. როცა ჩვენ ამაზე დავიწყეთ ლაპარაკი, მხილება, მე, ლაშა ფარულავას და ანტიკორუფციულ მოძრაობას, უჩა მამაცაშვილმა სასამართლოში გვიჩივლა, რომ ეს იყო ცილისწამება. ჩვენ გვახსოვს სასამართლო პროცესები კარგად, სადაც ნოღაიდელიც მონაწილეობდა, როგორც უჩა მამაცაშვილის მოწმე. ასევე, მონაწილეობდა დავით ნარმანია, მონაწილეობდნენ ელექტროსისტემის ხელმძღვანელი პირები. ისინი ყველა ერთხმად ამბობდა, რომ არანაირი კორუფცია ეს არ არის, ეს არის კარგი შუამავალი კომპანიები.
მინდა ვკითხო ირაკლი კობახიძეს, „საქართველოს რკინიგზაში“ რომ შუამავალი კომპანიებია დღემდე, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში რა ხდება? თუ ლაშა აბაშიძე მისი ახლო მეგობარია და ლაშა აბაშიძესა და „საქართველოს რკინიგზაზე“ ეს არ ვრცელდება და ვრცელდება ჩიკვაიძეზე, რომელიც არ არის მისი ახლო მეგობარი? ამ შეკითხვას მე მას გადავცემ და საჯაროდ უპასუხოს - „საქართველოს რკინიგზაში“ არის თუ არა შუამავალი კომპანიები და თუ არის შუამავალი კომპანიები, „საქართველოს რკინიგზაში“ შუამავალი კომპანიები კარგია და ისინი ხელოვნურად არ აძვირებენ გადაზიდვის სერვისის მომსახურებას და არ უშლიან ხელს საქართველოს დერეფანში ტვირთების მოზიდვას და ენერგეტიკაში ეს პრობლემა იყო? ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. კორუფციასთან ბრძოლა, რასაც ბოლო პერიოდია ვხედავთ, არის შიდა კლანური დაპირისპირება, სადაც კორუფცია არის გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი.
რეალურად კორუფციასთან ბრძოლა იქნება წარმოუდგენელი თუ არ გატარდა ინსტიტუციური რეფორმები. ინსტიტუციური რეფორმა არის თავისუფალი სასამართლო, ეს არის პოლიტიკისგან დაცლილი პროკურატურა. ეს არის მიუკერძოებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსური პოლიცია და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო. კითხვას ვსვამ: ყველგან, ყველა უწყებაში კორუფცია გამოიკვეთა, თბილისის მერიაში კორუფცია არ არის? კახა კალაძის გარემოცვა, თავად კახა კალაძე კორუფციაში ამდენი წლის განმავლობაში არ მონაწილეობდა და მის წინააღმდეგ კითხვა არ არსებობს? უბრალოდ კახა კალაძის წინააღმდეგ, ჯერჯერობით, არ არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა, ამიტომ თბილისის მერიაში არ არის კორუფცია. მაგრამ როგორც კი დადგება ის დღე, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ კახა კალაძის „განკითხვის დღე“ დადგა, ვერ წარმოიდენთ რა მასშტაბის კორუფციული “ქეისები” შეიძლება ვიხილოთ თბილისის მერიაში“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.