“ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის პარალელურად, ახალ პარტიებს ქმნის, ერთი სული აქვთ, როდის შევა საკონსტიტუციო სარჩელი ძალაში, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე განაცხადა.
შარაშიძის ვარაუდით, პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარტიები - “ნეიტრალური საქართველო”, „თავისუფალი ხალხის პარტია“ [ყოფილი “გირჩი”] და “ხალხის ძალა” - კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა, მით უფრო მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიაც დაამატეს ე.წ. სარჩელს - პარტია, რომელიც დღეს ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს და რომელიც ყოველთვის, ყველა ეტაპზე მონაწილეობდა ყველა კონსტიტუციურ პროცესში, იყო ყველა სამართლებრივ პოლიტიკურ პროცესში. ალბათ, „ქართულ ოცნებაზე“ მეტად იყო არჩევნების მომხრე და არჩევნების პროპაგანდისტი, მაშინაც კი, როდესაც ცნობილი მოვლენების დროს საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი ბოიკოტს უჭერდა მხარს. თვალი რომ გადაავლოთ, „ქართული ოცნება“ უფრო მეტად უწევდა 4 ოქტომბერს პროპაგანდას და უფრო მეტად აპროვოცირებდა ხალხს იმისკენ, რომ წასულიყვნენ აქციაზე და არა არჩევნებზე. ჩვენ კი პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ამის შემდეგ იყო ჩვენი პარლამენტში შესვლა და ა.შ.... და კითხვა, თუ რატომ დაგვამატეს ასაკრძალ პარტიათა სიაში, პასუხი ასეთია: ეს კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რაც ნახეს, ჩვენთან ოპონირების დროს ძალიან უმწეო არიან პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ 12 ვართ 89-ის წინააღმდეგ, მათ კი ჩვენთან ოპონირების რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენთან ოპონირებით ხალხი კარგად ხედავს მათ რეალურ სახეს.
“ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის პარალელურად, ქმნის ახალ პარტიებს. ერთი სული აქვთ, როდის შევა საკონსტიტუციო სარჩელი ძალაში, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ, ამას “ქართული ოცნება” იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი ოპოზიცია სჭირდება. არა ჩვენნაირი მწვავე და რეალური ოპოზიცია, არამედ საკუთარი ხელდასმული ოპოზიცია, მაგალითად “ნეიტრალური საქართველო”. საიდან აქვს “ნეიტრალურ საქართველოს” ამხელა რესურსი ან ამდენი დაფინანსება? ის არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გამტარი ორგანიზაცია. ასევე “გირჩი” და “ხალხის ძალა”, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან მალე. დიდი ალბათობით, ეს იქნება ის საკონსტიტუციო გადატრიალება, რასაც “ქართული ოცნება” ამზადებს და რისთვისაც მარტო საკუთარი პარტიული უმრავლესობა არ ჰყოფნის, სავარაუდოდ, ამ პარტიული კოალიციით აპირებს. აპირებს, რომ კონსტიტუცია შეცვალოს და 78-ე მუხლი კონსტიტუციიდან ამოიღოს. დიდი ალბათობით, ყველაფრის მიზანი სწორედ ეს არის”, - აღნიშნა შარაშიძემ.
მან საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, მანანა კობახიძეზეც ისაუბრა, რომლის ინტერვიუც დღეს “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა და სადაც მანანა კობახიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან წასულიყო.
გიორგი შარაშიძის განცხადებით, მანანა კობახიძემ იცოდა, რომ პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებას” უკვე მიღებული აქვს, საკონსტიტუციო სასამართლო კი მხოლოდ ფორმალურად გააფორმებს ამას. შარაშიძის თქმით, კობახიძეს არ სურდა, აღნიშნულ გაფორმებაში საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა.
“მანანა კობახიძის ინტერვიუდან ერთი ძალიან ნიშანდობლივი რამ იკვეთება, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით - მან გადაწყვეტილება სწორედ იმიტომ მიიღო, რომ იცის, გადაწყვეტილება [პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით] “ქართულ ოცნებაში” არის მიღებული. მანანა კობახიძე ინტერვიუში ასევე ჰყვება, როდის მიიღო ეს გადაწყვეტილება - მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელი პლენუმს უნდა განეხილა, რაც კიდე ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მანანა კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, უბრალოდ არ ჰქონდა სურვილი, რომ ამ გადაწყვეტილებაში საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა.
“ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოც კი აქცია ნოტარიუსად და მას უბრალოდ ფორმალური გამფორმებლის ფუნქცია აქვს დარჩენილი. სამწუხაროდ, მოლოდინი იმისა, რომ დანარჩენმა მოსამართლეებმა რაიმე კრიტიკული აზრი დააფიქსირონ, სამწუხაროდ, არ გვაქვს”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 17 ოქტომბერს გამართულ უმრავლესობის სხდომაზეც ისაუბრა, რომელსაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
შარაშიძის შეფასებით, ეს შეხვედრა იყო იმის მორიგი ჩვენება, რომ “ქართული ოცნება” ისევ ერთიანია, რაც სიმართლესთან ახლოს არ არის.
“ივანიშვილის სხდომაზე დასწრება ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ ყველა დეპუტატმა ნამდვილად გაიაზრა ის, რომ მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგება და მათაც გარკვეული შეგულიანება და გამხნევება სჭირდებათ და როგორც ჩანს, ივანიშვილმა ამის საჭიროება დაინახა.
როდესაც პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შევა ძალაში, აღარაფერი აღარ იქნება ძველებურად. “ქართულ ოცნებას” აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაჰყავს ქვეყანა და განსაკუთრებით მისი საერთაშორისო პოზიციონირება. ეს უკვე არის დიქტატურაში გადასვლა.
ამას დასჭირდა ივანიშვილის გამოჩენა, საზოგადოებაში ერთიანობის საჩვენებლად ერთი მხრივ და მეორე მხრივ, თავად გუნდში იმიტომ, რომ ამ გუნდშიც არის ხალხი, ვისთვისაც ბევრი რამ მიუღებელია.
ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ საქმე აქვთ ცუდად, დანარჩენს დრო გამოაჩენს”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.