დღეს არსებულ სიტუაციას რომ შევხედოთ, “ქართული ოცნების” რეიტინგი და მხარდაჭერა იმდენად დაბალია და საზოგადოებაში უკმაყოფილება იმდენად მაღალია, დაბალრეიტინგულ პარტიებსაც კი კონკურენტებად განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ მათგანაც საფრთხე მოდის, - ამის შესახებ “ჯერ საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ხატიაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
“ქართულმა ოცნებამ” როდესაც საზღვარგარეთ არჩევნები წააგო, მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენს მილიონამდე ემიგრანტს ხმის მიცემა აუკრძალა. აქაც იგივე პრინციპია, ქვეყანაში ოპოზიციის მხარდამჭერი მილიონამდე ადამიანი “ქართული ოცნებისთვის” არის საფრთხე, იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ამიტომ ისეთ ნაბიჯს დგამენ, რომლითაც პარტიებს გააუქმებენ და ამ ადამიანებს არჩევანის უფლებას ართმევენ. ამ ყველაფერს ისევ და ისევ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ძალიან სერიოზული ტრიგერი გახდეს და ბევრი პროცესი დაიძრას.
მსგავსი ნაბიჯები რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია - რაც უფრო მძიმე სიტუაცია იქნება და რაც უფრო გადავა საქართველო რუხი ზონის რეჟიმში, ეს მით უფრო არის რუსეთის ინტერესებში, რადგან მას არ უნდა, რომ თავის საზღვრებთან ქვეყნები დემოკრატიულად ვითარდებოდნენ, რადგან ის ამაში საფრთხეს ხედავს. არ ვიცი, ეს გეგმა სად არის დაწერილი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
მეორე მომენტია ის, რომ ახლა გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა, ვნახეთ ამერიკის პოზიციები, ვნახეთ, რომ ევროპაშიც არეულობაა, იგივე საფრანგეთში. გარდა ამისა, ევროპა გადართულია უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობაზე და, შესაბამისად, ისეთი სიტუაცია დადგა, რომ შესაძლოა, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის ახლა ვერავინ ვერ მოიცლის, ამ ნაბიჯს გადადგამენ [პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით] და აქედან მშრალად გამოვლენ. თუმცა, თუ ეს გადაწყვეტილება რეალურად იქნება მიღებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამას მკვეთრი ნაბიჯები და კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, დეკემბერშიც კი ვნახოთ გარკვეული ნაბიჯები აშშ-ის მხრიდან.
მე ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება ის პერსპექტივა, რომ თითქოს რაღაც დალაგება მიდის აშშ-თან. უფრო მეტიც, ამერიკას, მიუხედავად თავისი საგარეო პოლიტიკის მინუსებისა, ყოველთვის გვესმის ასეთი პოზიცია, რომ ისინი მხარს უჭერენ გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, პარტიების აკრძალვა პირდაპირ ართმევს ხმის უფლებას ადამიანებს, ამით კი ამერიკა არ იქნება კმაყოფილი.
ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ტრიგერი როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე ეს შეიძლება გახდეს მაკონსოლიდირებელი ფაქტი ქართულ საზოგადოებაშიც.
ამდენი თვის განმავლობაში ოპოზიციაში რომ გარკვეული პრობლემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ხერხდება გაერთიანება, ასეთ კრიტიკულ მომენტში შესაძლოა სწორედ ის მუხტი გაჩნდეს, რაც მათ გააერთიანებს”, - აღნიშნა ხატიაშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეხვდება პარტიების გაუქმებას ბრიუსელი და რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით ანდაც უვიზო მიმოსვლის ნაწილში და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებზე, ხატიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ევროკავშირი გარკვეულ სანქციებსა თუ ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ის არ ელოდება.
“ის ფაქტი, რომ ჩვენ ვშორდებით ევროკავშირს, უკვე ასახულია საქართველოს არაერთ მოქალაქეზე. არაერთი პროექტი გაჩერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში ბევრი რამ შეფერხდა და ეს უკვე გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე.
ზოგადად, ის სიტუაცია, რაც საქართველოში არის და ის კანონმდებლობა, რაც იქნა მიღებული ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა მოქალაქეს ეხება პირდაპირ თუ ირიბად.
ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებას [პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით] პირველ რიგში, გავლენა ექნება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ნოემბერში იქნება გამოქვეყნებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გაცილებით კრიტიკული ანგარიში, ვიდრე ეს იყო შარშან.
რაც შეეხება ბრიუსელის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, მე არ გამოვრიცხავ, რომ სანქციები იქნება ინიცირებული, თუმცა, ეს სავარაუდოდ, იანვრის თვეში ან იანვრის შემდეგ მოხდება, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ლიეტუვა გახდება. წელს ქმედით ნაბიჯებს, როგორიც არის მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, არ ველოდები.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირი არ წავა იმ ნაბიჯზე, რომელიც ქართველ ხალხს დააზიანებს. მას აქვს როგორც ეკონომიკური ბერკეტები, ისე სასანქციო ბერკეტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოყენებული, ეს, რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკას დააზიანებს. ამაზე პასუხისმგებელი კი “ქართული ოცნება” იქნება”, - აღნიშნა ხატიაშვილმა.
მან შაბათს გამართული უმრავლესობის სხდომაც შეაფასა, რომელსაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ხატიაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” ახლა კრიზისშია და ეს შეხვედრა გუნდის შიგნით სიტუაციის დეესკალაციას ისახავდა მიზნად.
“ზოგადად, როდესაც “ქართული ოცნება” შიდა კრიზისშია ხოლმე, ადრეც გვინახავს ასეთი ტიპის შეხვედრები და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა, გარკვეულწილად, მიმართული იყო იმისკენ, რომ გუნდის შიგნით სიტუაციის დეესკალაცია მომხდარიყო.
აშკარა არის, რომ "ქართული ოცნების” შიგნით გარკვეული პრობლემები არსებობს, გარკვეული უთანხმოება, იგივე შიში… გრიგოლ ლილუაშვილი 2020 წელს წარმოიდგენდა, რომ ციხეში აღმოჩნდებოდა ან ირაკლი ღარიბაშვილი ივარაუდებდა 2021 წელს, რომ ის ციხეში მოხვდებოდა? მდინარაძე ერთი წლის წინ წარმოიდგენდა, რომ ის ყველანაირ თანამდებობას ჩამოშორდებოდა? როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” წევრები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და არ აქვთ გარანტია, რომ ორ წელიწადში ისინიც იმავე ადგილას არ აღმოჩნდებიან. აქედან გამომდინარე, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს შეხვედრაც, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად მოახდენდა ეს შეხვედრა გუნდის შიგნით კონსოლიდაციას”, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.