საკონსტიტუციო სასამართლოში აბსოლუტურად კომიკური სარჩელია შეტანილი, რაც ჩვენს სახელმწიფოებრივ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის - სანქცირება თუ „მგლის ბილეთი“ გამოეწერებათ ამ ადამიანებს. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ტოტალურ უკანონობაში მიიღებს მონაწილეობას, იქნება თანამონაწილე,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმი" „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას იწყებს.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საქართველო მივიდა იმ მიჯნამდე, როცა სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრა.
„ჩვენ არჩევანი თავის დროზე გავაკეთეთ, როცა ერთპარტიული სისტემა დავანგრიეთ და გადავედით მრავალპარტიულ, დემოკრატიულ სისტემაზე. ასე თუ ისე, 30 წელია ეს სისტემა არსებობს და ჩვენ მივედით დრამატულ მიჯნამდე. ბიძინა ივანიშვილი, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მას პოლიტიკური ველის მოსუფთავების მცდელობა მანამდეც ჰქონდა - „შუა უნდა გაიკრიფოს“ - ანუ მისი მცდელობა იყო, რომ ყველა ან მასთან უნდა დამდგარიყო, ან მისთვის მტრის ხატად შერაცხულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
[რაც შეეხება დიპლომატებთან შეხვედრას], დიპლომატებისთვის რაიმე განსაკუთრებული სათქმელი არ გვაქვს. ისინიც ხედავენ იმ მიჯნას, რასაც ჩვენ და არ ვიცით, არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი, რაც ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. არც საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯას აქვს მნიშვნელობა და არც არაფერს. მოსამართლეები თავადაც ფიქრობენ, რომ მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევთ. ამის ნიშანი იყო მანანა კობახიძის განცხადებაც. სანქცირება თუ „მგლის ბილეთი“ გამოეწერებათ ამ ადამიანებს. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ტოტალურ უკანონობაში მიიღებს მონაწილეობას, იქნება თანამონაწილე!
მოსამართლეები უნდა გავაფრთხილოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება მათი გარანტი. მან აჩვენა ყველას, რომ როდესაც რაიმე პრობლემა შეექმნება, მათ სანაგვეზე მოისვრის ხოლმე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ისინი თავიანთ თავს მოისვრიან სანაგვეზე“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს დააკმაყოფილებს და ოპოზიციური პარტიები აიკრძალება „ლელო - ძლიერი საქართველო“ ბრძოლას განაგრძობს.
„პრაქტიკულად არჩევნებს აუქმებ, როცა პარტიებს კრძალავ. საარჩევნო გზის ნიველირება ხდება და მერე რაც ხდება, ახსოვს ისტორიას. ამ ქვეყანას ბევრი ჭრილობა აქვს ამ მიმართულებით და აღარ არის საჭირო, რომ ზედმეტად დაიჭრას მისი სახელმწიფოებრივი სხეული. მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ეს პასუხისმგებლობა, დამოკიდებულება და სიფრთხილე არ აქვს საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ.
ბრძოლას ვაგრძელებთ. „ლელო“ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, „სამწუხაროდ, ახლა უკუპროცესი გვაქვს, როდესაც სახელმწიფოებრიობაზე უარს ვამბობთ და როდესაც სახელმწიფო ემსახურება ერთ პოლიტიკურ ძალასა და ერთ ადამიანს“.
„ჩვენ ვიქნებით დისიდენტები, თუ გაგვაუქმებენ. ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის ნორმალურ რელსებზე დასაბრუნებლად. სახელმწიფო ვართ ჩვენ, ხალხი, რომელსაც პრაქტიკულად ართმევენ არჩევანის თავისუფლებას და მილიონამდე ასეთი ამომრჩეველია. ამ ერთ მუჭა ადამიანებთან, რომლებმაც ძალაუფლება მიიტაცეს და ახლა სახელმწიფოს მიტაცებას ცდილობენ, გვექნება დაპირისპირება.
დღეს ჩვენ რა გვაქვს? კეთილდღეობა მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის, მათ მიერ მიტაცებული ძალაუფლება, ამ ძალაუფლების წყალობით მიტაცებული ბიუჯეტი და დანარჩენი მოსახლეობა, რომელიც რთულ მდგომარეობაში ვარდება, რადგან ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 30 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კონკრეტული კანონები მათთან დაპირისპირებული ადამიანების წინააღმდეგ არის შექმნილი და მიღებული.
„გინება შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კანონებით, ეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ წასვლაა. პარტიებს კრძალავ და ამბობ, რომ „პარტიებს არ აქვს მხარდაჭერა“, მაშინ რატომ მიდიხარ ამ გზით? პროტესტს კრძალავ და ამბობ, რომ „პროტესტი მილეულია“, მაშინ რატომ გინდა დააჯარიმო და დააპატიმრო ადამიანები, რომლებიც ტროტუარზე გადაადგილდებიან? ბევრი შიშია.
პაპუაშვილი მინდა გავაფრთხილო, შეიძლება მოენატროს ვახო სანაიას „ფეისბუკ“ პოსტები, ისეთი მომავალი ელოდება. ის არის თანამდებობის პირი, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია, პრაქტიკულად საკონსტიტუციო გადატრიალებასთან გვაქვს საქმე. მას ელოდება მოღალატის იარლიყი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუ მას ჰგონია, რომ ივანიშვილზე გადავა პასუხისმგებლობა? ის თავად სამოქალაქო სექტორიდან არის წამოსული, გერმანიაში აქვს განათლება მიღებული და მან გადაუარა იმას, სადაც განათლება მიიღო, გადაუარა სამოქალაქო სექტორს. ადამიანებს უკრძალავენ პოლიტიკურ აქტივობას, თუკი სამოქალაქო კუთხით აქტივობა გამოუჩენიათ. მათ სურთ არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი გააქრონ, არამედ პერსპექტივაც გააქრონ.
ვახომ ეს პროტესტად აქცია. მინდა გია ვოლსკის ვუთხრა: მის გარშემო ბევრი გინება მესმის, მაგრამ არ მახსოვს, მას ან მის თანაგუნდელებს გაეპროტესტებინოთ დიმიტრი სამხარაძის მიერ წარმოთქმული გინებები. ვხედავთ, რომ ვახო სანაია გინების გამო შეიძლება დასაჯონ, ხოლო ცოცხალი ტროლების მთლიანი არმია, როცა უშვერი სიტყვებით იგინება, ვერ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს ვინმე რაიმე პრობლემას უქმნიდეს. კანონი არის მათთან დაპირისპირებული ადამიანებისთვის შექმნილი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.