21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის ავტორთა განცხადებით, ზემოთაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და ამით აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
აღნიშნული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელებულია ის, რომ ეს ხუთი პარტია საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას ქმნიდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ.
“ამის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მკაფიო მაგალითია შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ 2026 წლის 2 მარტს “ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა “ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად“. ამ ალიანსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია მისი წევრი პოლიტიკური პარტიების „სტრატეგიულ ერთიანობის“ ხელშეწყობა, ხოლო მისი ერთ-ერთი დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა.
ამრიგად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს და ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა. მეტიც, მათ მთელი რიგი არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე განახორციელეს, რაც ნათლად დასტურდება ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის მაგალითებს მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით ბოლო წლებში შექმნილი სხვადასხვა პარტიული ალიანსი, პლატფორმა და მოძრაობა, რომლებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.
სარჩელის ავტორთა აზრით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის საკითხთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტების ორგანოების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ჩხოროწყუს, წალენჯიხის, რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პოლიტიკური პარტიების “გახარია საქართველოსთვის“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები. სარჩელში ნათქვამია, რომ ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი მაგალითია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკრებულოების თავმჯდომარეთა და საკრებულოების სხვა თანამდებობის პირთა ერთობლივად არჩევა.
“გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ 2021 წლის თებერვალში აქტიურად ხელი შეუწყო საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ნიკანორ მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მცდელობას, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში. ამ ფაქტს დღემდე არ გამიჯვნია პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“, „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები, თუმცა ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, - წერია მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელში.
სარჩელში ყურადღება გამახვილებულია პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემატიურ ხელყოფაზე. წერია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში - 2004-2012 წლებში შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა, იმავე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი და ადამიანის უფლებების სხვაგვარად ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც ერთეული შემთხვევების ფარგლებს გასცილდა და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.
“2004-2012 წლებში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ქონების გამოძალვაში, საკუთრების უფლების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფასა და აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებისა და მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის დაუშვებლობის პრინციპის სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში გამოიხატა.
ამასთანავე, ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა. მეტიც, მათ საჯაროდ და დეკლარირებულად განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა მათი ერთ-ერთი ერთობლივი სამომავლო სტრატეგიული პრინციპია, რაც მათმა უმეტესობამ 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნის შესახებ დოკუმენტში ასახეს.
არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთანავე, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.
ამრიგად, ნათლად დასტურდება ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში გამოიხატა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. ეს კონსტიტუციური დარღვევა, მათ შორის აღნიშნული არაკონსტიტუციური საქმიანობის სამომავლო მიზნის ქონა, შესაბამის ქმედებათა ნაწილში შეერაცხება ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ პოლიტიკურ პარტიებს.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებები და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი სხვა ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს“, - აცხადებენ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატები.
სარჩელის ვრცელი ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს ეთმობა. მასში ნათქვამია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არაერთი ქმედება ჩაიდინა და აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა დააზიანა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას შეუწყო ხელი. სარჩელის თანახმად, ყოველივე ეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით და სხვა სათანადო წყაროებით დასტურდება.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა რიგი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც“, - წერია საკონსტიტუციო სარჩელში.
მოსარჩელეთა განცხადებით, ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ითხოვენ, რომ ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად.
"აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია: