ერაყმა ირანთან მდებარე დატვირთული შიბის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უსაფრთხოების ზომების გადახედვისა და აკრძალული მასალების კონტრაბანდის აღსაკვეთად სპეციალური აღმომჩენი მოწყობილობების დამონტაჟების მიზნით დახურა, - ინფორმაციას Reuters-ი ერაყის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მგზავრებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისა და კომერციული სატვირთო ავტომობილებისთვის შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილი იქნება.
ერაყმა ირანთან კიდევ ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, შალამჩეს, დახურვის გადაწყვეტილება სექტემბერში მიიღო. ამის მიზეზი საუდის არაბეთზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება იყო. ერ-რიადმა მაშინ განაცხადა, რომ დრონები ერაყიდან გაუშვეს.