არჩევნების იდეა უქმდება - საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია პოლიტიკური ველის იმ პარტიებისგან მოსუფთავება, ვისაც არჩევნების ბოლო შედეგების მიხედვით, საზოგადოების მხარდაჭერა გააჩნია! აქვე გვპირდებიან, რომ თუკი ვინმე გამოჩნდა, ვინც გავლენას მოიპოვებს, მასაც იგივე ბედი ელის ანუ მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისგან ხელდასხმული პარტიები „ნეიტრალური საქართველო“ და ხალხის ძალა“ უნდა ავირჩიოთ, - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი“ საქართველოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შედეგი იქნება ის, რომ მომავალ - კალენდარულ თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. როგორც ჩიხრაძემ ამავე კონტექსტში განმარტა, “ქართულ ოცნებას“ მაღალი ლეგიტიმაცია და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ძალიან სჭირდება, რადგან არასაკმარისი ხმების გამო უკვე ვეღარ ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვეღარ დანიშნავს სახალხო დამცველს, ასევე სერიოზული პრობლემები გაჩნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით.
ჩიხრაძის თქმით, ეს არის ერთპარტიული დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„საკონსტიტუციო სარჩელი, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა ერთად არის ჩაყრილი, ანალიტიკის დონეზეც კი ვერ უძლებს კრიტიკას. მაგალითად, 2008 წლის ამბებთან რა კავშირი აქვს „ლელოს“, რომელიც 2020 წელს ჩამოყალიბდა ან რა საერთო აქვს გიორგი გახარიას პარტიას და პარტია „ახალს“. სარჩელში ბრალი არის ის, რომ ერთ-ერთი არჩევნებში „ლელომ“ და გახარიას პარტიამ ითანამშრომლეს და ერთმანეთს კანდიდატურები არ დაუყენეს ანუ ჩვეულებრივი პოლიტიკური ნაბიჯი, პოლიტიკური შეთანხმება მონათლულია როგორც სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული. სარჩელი ასეთი “მარგალიტებით“ არის სავსე.
პროცესზე ჩვენი იურისტები დასაბუთებულ პოზიციას წარმოადგენენ არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას რაიმეს გავაგებინებთ, არამედ იმიტომ, რომ პროცესი შემდგომ ევროპის სასამართლოში გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს შემადგენლობა ვერ დაინახავს, ობიექტური სასამართლოსთვის ძალიან ცხადი და თვალსაჩინო იქნება.
რა თქმა უნდა, არავინ პოლიტიკური ბრძოლის გაჩერებას არა აპირებს. მე ჩემი პოლიტიკური ცხოვრება დისიდენტური მოძრაობიდან დავიწყე - აღმოჩნდა, რომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ლამის დაისი დისიდენტური იქნება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.