იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი კიმიტაკე ნაკამურა მოსკოვში ჩავიდა და დაკავებულ იაპონელ ჟურნალისტთან საკონსულოს წარმომადგენლების დაშვება და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
იაპონური მედიის ცნობით, კიმიტაკე ნაკამურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორს, ლუდმილა გეორგიევნა ვორობიოვას შეხვდა. აღნიშნული დეპარტამენტი იაპონიასთან ურთიერთობებს კურირებს. იაპონიის მთავრობის პრესსპიკერის მინორუ კიჰარას განცხადებით, შეხვედრაზე ჟურნალისტის დაკავების საკითხი და ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული სხვადასხვა მოვლენები განიხილეს.
„შეხვედრაზე იაპონიამ გამოხატა თავისი პოზიცია და მოითხოვა, რომ რუსეთში დაკავებულ იაპონიის მოქალაქეს რაც შეიძლება მალე მიეცეს საკონსულო წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
რუსეთმა ჟურნალისტი იუკი იმაი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. კერძოდ, ის ეჭვმიტანილია თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგრობევაში. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ იმაის 12 დეკემბრამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.