უნდა განგვემარტოს, ვის რა დარღვევა აქვს, პარტიის გაუქმების ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს, ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში ამოვიკითხო?, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც განიხილავენ „ქართული ოცნების“ სარჩელს ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის თაობაზე.
მანამდე, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა დააყენა.
გვარამიას თქმით, არ აინტერესებს დროებითი საგამოძიებო კომისიის „თხზულება“ და არც ის, რა დაასკვნა. გვარამიას განცხადებით, მისი ინტერესია, კონკრეტულ პარტიებს გაუქმებისთვის კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძველი მიემართებათ.
გვარამიას თქმით, სარჩელი კოლექტიურია, შესაბამისად, პარტიებს ინდივიდუალურად პასუხის გაცემის შესაძლებლობა ეკარგებათ და კომიკური ვითარება იქმნება.
„საერთოდ არ მაინტერესებს კომისიამ რა დაასკვნა 20-წლიანი გარემოებების შესწავლით. 120 მოწმით გაიარეს ამ ქვეყნის ისტორიის 22 წელი. დაასკვნეს, ომი ვინ დაიწყო, პროვოკატორი ვინ იყო და ასე შემდეგ - 120 მოწმით, მეგობრებო.
უნდა განგვემარტოს, ვის რა მტკიცებულება მიემართება, ვის რა დარღვევა მიემართება, ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს პარტიის გაუქმების. ასე კოლექტიურ რაღაცას რომ წერენ, არ ვიცი, ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ ნაწილში ამოვიკითხო , რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში. მეც და ჩვენ ყველა კოლექტიურ პასუხს ხომ არ გავცემთ. ხომ უნდა მითხრათ: „შენი პარტია არის, ამაში, ამაში, ამაში მხილებული და პასუხი გაეცი“. გახარიას კაცი მეჩხუბება სამართლიანად შენ რატომ ილაპარაკე ჩემ მაგივრადო, რა ვქნათ? ერთი და იმავეს გვეუბნებით, ვერცერთი ვერ ვასხვავებთ, რომელი მომემართება, მე და რომელი სხვას”, - აცხადებს გვარამია.