ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ - აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება, - ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
გოცირიძის განცხადებით, დაზუსტებით უნდა იქნას წარმოდგენილი, სარჩელში არსებული მტკიცებულებები და ფაქტები კონკრეტულად რომელ ოპოზიციურ პარტიას შეესაბამება.
„მე მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო, როცა იქნება თქვენი განმარტებები წარმოდგენილი, ძალიან გთხოვთ, აქ ყველა მხარემ აღნიშნა, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ და თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა მიეწეროს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად, არის 2003-2012 წლის ფაქტები, ეს ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს? აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.
ევა გოცირიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „ვერ გავიგეთ, ეს ვითომ მტკიცებულებები, ვის რა მიემართება“.
სიორიძის თქმით, გაუგებარია თუნდაც ის, მიემართება თუ არა 2003-2012 წლებში მომხდარი ფაქტები „ლელოს“ მაშინ, როცა პარტია „ლელო“ 2019 წელს დაარსდა.
ამასთან, “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელიძემ განაცხადა, რომ „ვერ ვიგებთ, რაზე გვედავება მოსარჩელე“. მისივე თქმით, კითხვა მარტივია: "2008 წლის ომთან დაკავშირებით, 11 წლის შემდეგ შექმნილი პარტია "ძლიერი საქართველო - ლელო" არის თუ არა მოპასუხე?", რაც სარჩელში გაურკვეველია.
„ვერ ვიგებ, რაზე გვედავება მოსამართლე იმიტომ, რომ მწყობრად ნაკლებად არის ამ სარჩელში რაიმე. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ იდენტიფიცირება მოხდეს, რაღაც გარემოება, რასაც სარჩელში უთითებს მოსარჩელე, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება შიდა სასამართლოსი, საერთაშორისო სასამართლოსი, ოღონდ რომელმა მოპასუხემ უნდა უპასუხოს ამ საკითხს, ეს არ არის ნათლად სარჩელში მოცემული. ეს სერიოზული პრობლემაა. თქვენ გვეუბნებით, რომ ჯერ გავიაროთ შუამდგომლობები, შემდეგ ახსნა-განმარტების ან კითხვების ეტაპზე მხარისგან დავაზუსტოთ თუ რას გვედავება, მაგალითად, "ლელოსთან" დაკავშირებით 2007 წლის ფაქტებია მოყვანილი. ჩვენი პოლიტიკური პარტია შეიქმნა 2019 წელს, დაუდგენელია 2007 წლის ფაქტთან დაკავშირებითაც გვედავება მოსარჩელე თუ არა. იმ შემთხვევაში თუ გავყვებით იმას, რასაც თქვენ გვთავაზობთ, ახსნა-განმარტებას მოვისმენთ, კითხვების ეტაპზე დავაზუსტებთ თუ რას გვედავება, უბრალოდ, შუამდგომლობების ეტაპზე ვერ დავბრუნდებით. ამიტომ არის აუცილებელი და გიორგიც [სიორიძე] ამას ცდილობდა, როდესაც შუამდგომლობაზე პასუხობდა, რომ იმას კი აღარ ვუბრუნდებით, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდა განმწესება, ამ საკითხს დავადგენდით განმწესრიგებელზე და ეს ვერ გავაკეთეთ. ამიტომ, იმისათვის, რომ თუ ხვალ იქნება ჩვენი შუამდგომლობები ზუსტად ის შუამდგომლობები დავაყენოთ, რაც სჭირდება ჩვენს მხარეს, უნდა ვიცოდეთ რა ნაწილში გვედავება მოსარჩელე, მხოლოდ ამას ვითხოვთ.
კითხვა-პასუხის ეტაპზე, რომელიც ახსნა-განმარტებების შემდეგ არის თქვენ მიერ მოხმობილი, აქედან გამომდინარე ვეკითხები მოსარჩელეს გარკვეულ საკითხზე, მაგალითად, 2006 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ვუსვამ კითხვას რაღაც ქმედებასთან დაკავშირებით, რომელშიც შესაძლოა ჩვენც შეფასება გვქონდეს, რომ მძიმე ფაქტი იყო და მეუბნება ერთ შემთხვევაზე, რომ კი ამათზე თქვენც უნდა აგოთ პასუხი, 2006 წელს მომხდარ ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის შემდეგ შეიქმნა პარტია, ან მეორე პასუხს მეტყვის, რომ არა, თქვენ ამ ნაწილში არ ხართ მოპასუხე. მე ამ საპროცესო მოქმედებებს, რომელსაც ახლა ვახორციელებ, ხომ დავაფუძნებდი იმ პასუხზე, რასაც გამცემდა კითხვა-პასუხის ეტაპზე, ანუ თუ მე წინსწრებით არ მეცოდინება მედავება თუ პარტიის შექმნამდე ფაქტებზე მოსარჩელე, როგორ შეიძლება რელევანტური შუამდგომლობა დავაყენო? მარტივი კითხვაა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 11 წლის შემდეგ შექმნილი პარტია "ძლიერი საქართველო - ლელო" არის თუ არა მოპასუხე?“, - მიმართა თორნიკე ართქმელიძემ სასამართლოს.