არჩილ გორდულაძე - სააკაშვილის თქმით, ახალგაზრდებმა „ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან“, ხაზარაძემ განაცხადა, რომ „გეგმა ერთია - სრული დაუმორჩილებლობა“, ხოშტარიამ პოლიციას „ანტიკონსტიტუციური“ უწოდა და აღნიშნა: „მე ვარ აქციების ორგანიზატორი“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების: ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და თინა ბოკუჩავას საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის და 2025 წლის იანვარში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დაკავებულ პირებს ეხებოდა.
გორდულაძის თქმით, 2024 წლის 29 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ წინააღმდეგობა იქამდე უნდა გაეწიათ, ვიდრე საბოლოოდ არ გაარღვევდნენ.
„2024 წლის 29 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: - „დაიკიდეთ ყველა პარტია, უნდა მივაწვეთ, ვიდრე არ გავარღვევთ“. „ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ძალა არის თქვენში. ჩვენ ვართ აქ, მათ შორის, ჯანმრთელობაც, სიცოცხლეც გავწიროთ. დავანგრევთ ამათ, სახეს ავახევთ. გავარღვევთ და გავიმარჯვებთ. ეროვნული წინააღმდეგობაა საჭირო. დაიკიდეთ ყველა პარტია. თუ ვინმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის გამოყენება შეგიძლიათ, გამოიყენეთ. მივაწვეთ“. 2024 წლის 3 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: - „ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზებამ დიდწილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც“. გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს. ის ბევრად აღემატება ბელორუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდ წილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან, იმპროვიზაცია და ის, რისი სწავლა ალბათ შეუძლებელია თუ თანდაყოლილი არ გაქვს.
2024 წლის 19 დეკემბერს თინა ბოკუჩავამ განაცხადა – „ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არ შეეხება ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ მისიის მთავარი მანდატი არის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“. “ბუნებრივია, ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც ვაყენებთ ამ დელეგაციასთან, არის სწორედ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი ნაცემი და ნაწამებია რეჟიმის მიერ“.
2024 წლის 29 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: - „სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილი ხალხი, ციხეში არ უნდა შეხვდეს ახალ წელს“. 2025 წლის 17 იანვარს თინა ბოკუჩავამ განაცხადა: - „გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, იქნება ეს ახალგაზრდები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს, თუ იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისათვის და ევროპული მომავლისათვის“, - განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძემ საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების შესახებ პარტიების „ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებზეც ისაუბრა
კერძოდ ახსენა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელიც მისი თქმით, სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებდა.
„2024 წლის 15 ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „უფლებას, როცა გართმევენ და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა“. 4 დეკემბერს ხაზარაძემ განაცხადა: გეგმა ერთია - სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს!“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ. ეს ახალგაზრდები პოლიტპატიმრები არიან“! 2024 წლის 2 დეკემბერს ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: „ვისაც არ მოგწონთ, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, შეგახსენებთ, რომ სანამ ხალხი აჯანყდებოდა, ის იყო მშვიდად და ითმენდა, ბევრი წელი, მაგრამ ხელისუფლებამ მას ყველა გზა წაართვა, რომ თავისი ხმა მიეწვდინა და თავისი უფლება და ინტერესი დაეცვა. 2024 წლის 11 დეკემბერს ანა დოლიძემ განაცხადა: - „საქართველოს ჰყავს 300 პოლიტპატიმარი, მათ შორის ჩვენი კოალიციის წევრი, ალეკო ელისაშვილი“.
2024 წლის 4 დეკემბერს გიგა ბოკერიამ განაცხადა: - „რეჟიმი მიმდინარე პროტესტში სერიოზულ საფრთხეს ხედავს“. „დღეს რეჟიმი რეპრესიების შემდგომ ეტაპზე გადავიდა - პარტიების ოფისების და აქტივისტების სახლების მასობრივი ჩხრეკა და დაკავებები ამაზრზენი ძალადობის თანხლებით. ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის მიერ საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად შერჩეული პირები უნდა დაინიშნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს- ის, და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლების პოზიციებზე.
2024 წლის 30 ნოემბერს გიორგი გახარიამ განაცხადა: - ყველა ადამიანი, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარეს და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების: ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ჯაფარიძის საჯარო განცხადებეზეც ისაუბრა.
გორდულაძის მიერ დასახელებული ფაქტების მიხედვით, 2024 წლის 4 დეკემბერს ელენე ხოშტარიამ პოლიციას „ანტიკონსტიტუციური“ უწოდა და განაცხადა, რომ თავად არის აქციების ორგანიზატორი, აქვთ ბევრი „პარალონები, ფოიერვერკები“, კვლავ შეიძენენ და ზუსტად იმავეს გააგრძელებენ.
„2024 წლის 2 დეკემბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა: - „ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს“. „კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში. ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს!“.
2024 წლის 6 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: – „პროტესტმა, შესაძლოა, სხვადასხვანაირი ფორმა მიიღოს, თუმცა ის, რაც ხდება რუსთაველზე, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს“.
2024 წლის 4 დეკემბერს ნიკა მელიამ განაცხადა: - „საყოველთაო, სახალხო პროტესტი მივა იმ წერტილამდე, როდესაც ქვეყანაში იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობა“.
2024 წლის 4 დეკემბერს ელენე ხოშტარიამ განაცხადა: - „მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა- ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“. „ეს პოლიცია არის ანტიკონსტიტუციური პოლიცია, ეს პოლიცია ემსახურება რეჟიმს, ეს პოლიცია მიდის ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ. მე თვითონ ვუთხარი, რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და ხალხის აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერს ამას ჩვენ ვიყენებთ აქციებზე.“
2025 წლის 3 იანვარს ნიკა მელიამ განაცხადა: „მივესალმები პოლიტპატიმრებს, თითოეული თქვენგანისთვის ვდგავართ აქ... ათწლეულების საქმე კეთდება ამ პროტესტით“.
„მივესალმები პოლიტიკურ პატიმრებს, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მათ და გამარჯვება, თითოეული მათგანისთვისაც ვდგავართ აქ და ეს მინდა რომ ხშირად გაიგონონ რუსთაველის გამზირიდან“.
2026 წლის 26 მაისს ნიკა გვარამიამ განაცხადა: - „მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ, 2023 წელს დაპატიმრებულებს, 2024 წელს დაპატიმრებულებს, 2025 წელს დაპატიმრებულებს, ყველას, ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს“,- განაცხადა გორდულაძემ.

























