საქართველოსთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიღებულია და, სავარაუდოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები აგვისტოში დაიწყება. როგორც სამხედრო ექსპერტმა გაზეთ ~რეზონანსისთვის~ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო, რაშიც მას მხარს უჭერენე რუსეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინიტროების აგრესიულად განწყობილი გენერალიტეტი. ~ჩვენთან გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი - ვლადიმერ პუტინი~, _ აღნიშნა ფელგენგაუერმა.მისივე მტკიცებით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების გეგმა გარკვეული არ არის, მაგრამ მოვლენათა ესკალაციის სავარაუდო თარიღად აგვისტოს ბოლო სახელდება - საკურორტო სეზონის დამთავრებიდან ზამთრამდე, რაც ლოგიკურია, ვინაიდან ზამთარში უღელტეხილზე თოვლი იქნება, ნისლიანი ამინდებია და რუსეთის საავიაციო უპირატესობა ნულს უტოლდება. სამხედრო ექსპერტის ვარაუდით, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ჯერ ზემო აფხაზეთში, ხოლო შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაიწყება, პროვოკაციები შეზღუდული ექნება, მაგრამ ჩარევას ისეთი ხასიათი ექნება, რომ იგი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.