მზეს აფხაზეთი მოენატრა

ქართველებმა მაწამეს, შუბლზე იარაღის ლულა დამადეს... არ მეგონა, თუ როდესმე ქართველისთვის თვალებში შეხედვას შევძლებდი, – ამბობს აძიუბჟელი აფხაზი – ომარ ძვაბავა და თვალს მისწორებს...

ძვაბავების ხუთშვილიანი ოჯახის ცხოვრება მდინარე კოდორის სანაპიროდან თბილისის გარეუბანში – ლილოში გრძელდება. კრისტინა, ალისა, ალბინა, ამრა და საიდი რუსულ სკოლაში დადიან, თუმცა ნაწილობრივ მაინც ქართულად უწევთ სწავლა. ერთი წლის წინ, აქ რომ ჩამოსახლდნენ, არც ერთმა მათგანმა ერთი სიტყვა ქართული კი არ იცოდა. ახლა უფროსი შვილები ალაპარაკდნენ ქართულად. მხოლოდ უმცროსებმა – ამრამ და 10 წლის საიდმა არ იციან ქართული. ამრას ყველაზე მეტად უჭირს – ჩვენი სტუმრობის დასაწყისში ჩვენთან საუბარი თითქოს არც სურდა, არც რუსულად და არც აფხაზურად, მაგრამ მოგვიანებით სკოლის ამბების მოყოლა დაიწყო – მეოთხე კლასში სწავლობს, მართალია, რუსულ სკოლაში, მაგრამ ზოგმა მასწავლებელმა რუსული არ იცის და ამ საგნებში ქართულად ბევრს ვერაფერს იგებს. თუმცა, დამრიგებელი რუსულენოვანი ჰყავს და მის საგნებს კარგადაც სწავლობს. ქართული არა, მაგრამ აფხაზური იცის კარგად, გამართულად საუბრობს აფხაზურად. სურს, აფხაზური მოგვასმენინოს. ისე ჟღერს მისი ლაპარაკი, თითქოს, ლექსს ჰყვება. არ მესმის, რას ამბობს, მაგრამ ბავშვს სევდიანი თვალების აქვს და ველოდები, რას გვითარგმნის მისი ბებო – დარია შაპკოვსკაია.

ამბობს, რომ ძალიან უყვარს სამშობლო, ისევ იქ მინდაო, იქ ყველაფერი მესმის, რას ლაპარაკობენ, იქ მირჩევნიაო, – გვითარგმნის დარია ბებო ამრას ნათქვამს.

ამრა – აფხაზურად მზეს ნიშნავს, მზეს აფხაზეთი მოენატრა. ერთი წლის წინ, როცა თბილისში წამოსვლა გადაწყვიტეს, უფროსებს სთხოვდა – არ წავიდეთ საქართველოში, ისინი ხომ მტრები არიან, დაგვხოცავენო. მაინც წამოვიდნენ, დააჯერეს, რომ აქ ცუდი არაფერი ემუქრებოდათ.

"მე ქართველებთან ერთად ვიზრდებოდი, ვსაწვლობდი, ვმეგობრობდი. მე ხომ მახსოვდა, ვინ არიან ქართველები, მაგრამ ამათ – ბავშვებს უწამლავენ გონებას, ასწავლიან, რომ ქართველი ჩვენი მტერია. ამიტომ ეშინოდა აქ წამოსვლა. ახლა ასე აღარ ფიქრობს, ქართველ ბავშვებთან მეგობრობს. საერთოდ როგორ ვართ? რომ გითხრათ, სოხუმის მერე აქ ძალიან კარგად ვარ-მეთქი, ხომ ვერ დამიჯერებთ? ყურადღებას არ გვაკლებენ, მაგრამ აფხაზეთი დედამიწაზე ყველაზე ლამაზია. თანაც, აქ დასახლებისგან მოწყვეტილი ვართ, მეზობლებიც არ გვყავს, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობ, რომ საქართველოში ვართ" , - გვეუბნება დარიკო ბებო.

ამრა მშვიდად, სევდიანად უსმენს ბებიას. ვეკითხები, როგორი იქნება, აფხაზეთში ქართველებთან ერთად რომ დაბრუნდეს. იღიმის და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ერთად დაბრუნდებიან.

საუბარს ისევ ბებო აგრძელებს და იხსენებს, რა ხდებოდა ომის დროს აფხაზეთში.

"ერთი შეცდომა ყველას მოსდის. თანაც, ვფიქრობ, რომ მათ, ვინც მაშინ აფხაზეთში შემოგვეჭრა, ეროვნება არ ჰქონდათ. მათ ვერც ქართველებს დავარქმევ და ვერც სხვა ეროვნებას. მათ სამეგრელოსაც იგივე უბედურება დაატეხეს თავს, რაც აფხაზეთს, უბრალოდ, აფხაზეთში რუსეთი ჩაერია და ასეთი შედეგი მივიღეთ", - ამბობს დარიკო შაპკოვსკაია, რომელიც ომმა მეუღლეს თითქმის 17 წლით დააშორა. ომის მერე დარიკო რუსეთში გადასახლდა, მუშაობდა, სოხუმში დაბრუნებულმა ლამაზი, ორსართულიანი სახლი ააშენა. კრიმინალებმა ძალიან გამდიდრებულად მიიჩნიეს და ოთხჯერ დააყაჩაღეს. გადაწყვიტა, თბილისში გადმოსახლებულიყო მეუღლესთან ერთად და ოჯახი ისევ დაიშალა - ნაწილი მოსკოვში ცხოვრობს, ნაწილი კი - თბილისში. სოხუმში ახალი სახლის კარი გამოკეტეს და ახლობლების იმედზე დატოვეს, მაგრამ მძარცველებს მაინც ვერ გადაურჩნენ – სახლს კარ-ფანჯარაც კი მოხსნეს. უცვლელი სახით მისი ნაშრომით აშენებული სახლი მხოლოდ კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონში შენახულ ფოტოებში შემორჩათ. სახლის გაყიდვა უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ – რუსებს აფხაზეთში ქონებას არ ურეგისტრირებენ, აფხაზებს კი რამდენიმე მილიონ რუბლად შეფასებული სახლის ყიდვა არ შეუძლიათ...

"სხვა გზა არ გვაქვს ქართველებსა და აფხაზებს – უნდა შევრიგდეთ. ჩვენი გაყოფა ერთი სხეულის შუაზე გაჭრას ნიშნავს. ისინი იქ ისევ ფიქრობენ, რომ ქართველები ჩვენი მტრები არიან. ვცდილობ, ვისთანაც ხმა მიმიწვდება, გავაგებინო, რომ ეს ასე არ არის. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქი ამბობს ამას, ის ტყუილად არაფერს იტყვის, მან იცის, რომ ასე იქნება. მე მჯერა, რომ დავბრუნდებით. პრობლემა ის არის, რომ აფხაზეთში აქედან შესული ყველანაირი ინფორმაცია დაბლოკილია და ხალხს დაჟინებით უმეორებენ, რომ ქართველები მტრები არიან. ბავშვებს ამ სიძულვილით ზრდიან. ან კი სადღაა აფხაზეთი – რუსები განკარგავენ ყველაფერს. ცოტა ხნის წინ მოსკოვში ვიყავი და ჟურნალისტები იქაც კი საქართველოს საწინააღმდეგო განწყობაზე აგებენ მთელ თავის საქმეს. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ საქართველოს დაჩოქება არ გამოსდით", - ამბობს დარიკო შაპკოვსკაია.

მისაღებ ოთახში ხატების კუთხე აქვს მოწყობილი. ზემოთ მხარეს ორი ჩამუქებული ხატი ჰკიდია – აფხაზეთიდან წამოიღო, ძალიან ძველი ხატებია და სჯერა, რომ მათ განსაკუთრებული ძალა აქვთ. ამავე კედელზე მათი აფხაზეთიც არის – პატარა აფხაზური დროშა. ცდილობს, ოთახში თავისი პატარა სოსუმიც ჰქონდეს – ფანჯარასთან კუთხეში მიმდგარ ქოთნებში ლამაზი მცენარეები აქვს დარგული. ფანჯრის წინ კი პატარა, დათოვლილი პალმა დგას.

ძვაბავები მისი ბიძაშვილები არიან, თუმცა ერთ ოჯახად ცხოვრობენ და ბავშვები მას ბებიას ეძახიან. შაპკოვსკაიას სახლიდან მეორე სართულზე – ძვაბავებთან ვინაცვლებთ. პირველივე ოთახში ორი პატარა თამაშობს – ესენი ალბინა და საიდი არიან, მათ ოთახში უამრავი სათამაშოა. მეორე ოთახში უფროსი ქალიშვილი – კრისტინა ტელევიზორს უყურებს, თავაზიანად და ღიმლით გვესალმება და მშვიდად გვესაუბრება. შემოსასვლელ კართან კედელზე კრისტინას ნახატია გაკრული, ქართული და აფხაზური დროშები ერთმანეთზეა გადაჯვარედინებული, ქვეშ კი რუსულად წერია – "ომს – არა, მშვიდობას - დიახ".

ომარ ძვაბავა მძიმედ იწყებს ომის ამბების გახსენებას... რამდენიმე შეიარაღებული სცემდა, აწამებდა, სიკვდილს შუბლზე მიდებული იარაღის ლულიდან ჩახედა თვალებში. მის წამებას ერთ-ერთი მებრძოლი, გვარად დადვანი შეესწრო და თავდამსხმელებს უბრძანა, შეეწყვიტათ. ამბობს, რომ იმ სვანმა გადაარჩინა სიკვდილს.

"ბევრი სისასტიკე იყო, ადამიანებს ოჯახის წევრები, უახლოესი ხალხი დაუხოცეს, ეს ძალიან ძნელი გადასატანია. ისიც კარგად მახსოვს, რომ არც სამეგრელოს დაადგა უკეთესი დღე, ამ იარაღასხმულმა ხალხმა წალენჯიხასა და სხვა რაიონებშიც არანაკლები სისასტიკე ჩაიდნეს. თუმცა, ყველას ხომ არ ჩაუდენია ასეთი რამ. ცოტა ხნის წინ აქ ჩემი სკოლელი ვნახე, ჩემზე ერთი წლით უფროსია, ქართველი, მას სცოდნია, რომ აქ ვცხოვრობ. მესტუმრა, მთელი დღე ერთად გავატარეთ. სხვაგვარად არ შეიძლება, მტრებად ვერ დავრჩებით. ჩემი დის ქმარი აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდა და აფხაზეთში მოკლეს ის საცოდავი, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი და ჩემი მტერია", - ნელა და მძიმედ საუბრობს ომარ ძვაბავა.

მათი საცხოვრებლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში აფხაზეთიდან დევნილი ქართველები ცხოვრობენ ერთ-ერთ შენობაში, როგორსაც "კომპაქტური ჩასახლების ობიექტს" უწოდებენ. დევნილ ქართველებთანაც ახლო ურთიერთობა აქვთ. აქ – აფხაზეთიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში, 90-იანი წლების ცეცხლსა და ოცდამეერთე საუკუნეში რუსულ ტალღას გამორიდებულ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთის მტრობა აღარ ახსოვთ.

ჩვენი სტუმრობის დასაწყისში ჩვენს შორის გაჩხერილი ყინულიც ნელ-ნელა შემოგვადნა და ვიდრე წამოსვლას დავაპირებდით, ძვაბავების ბავშვები გვთხოვენ, ჩვენ ქართული კარგად არ გვესმის და იქნებ ინტერნეტის ჩართვაში დაგვეხმაროთო. ოპერატორს ვურეკავ და მისი მითითებებით ინტერნეტს ვრთავთ. მთხოვენ, ჩვენი ვებგვერდი ვაჩვენო, რომ ამ რეპორტაჟის წაკითხვა შეძლონ. ბებოც და ბავშვებიც კომპიუტერს შემოუსხდნენ, ჯერ ჩვენი გვერდი დაათვალიერეს, შემდეგ კი სოციალური ქსელების საშუალებით ახლობლების მოძებნა დაიწყეს. მათ ვემშვიდოდბებით, აღარ გვსურს, შევწუხოთ, ისეც საკმაოდ აღელდნენ ჩვენთან საუბრისას. დარიკო გვთხოვს, კიდევ ვესტუმროთ. ისევ ალისა გვაცილებს, რომელმაც თავიდან შეგვიპატიჟა სახლში და თბილი ღიმლით გვემშვიდობება.

თბილისში ცივა და თებერვლის თოვლჭყაპია, სოხუმში კი დღეს +10-ია...

მანანა მჭედლიშვილი, მზია საგანელიძის ფოტოები

"ინტერპრესნიუსი"

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შევქმენით პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
ნანა დევდარიანი - გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არავის დავიწყებია (R)
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია (R)
„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)