ვალერი გელბახიანი თბილისის საქალაქო სასამართლოდან საჩხერეში გაემგზავრა, სადაც ავადმყოფ დედას მოინახულებს.
როგორც გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საჩხერის საავადმყოფოს რეანიმაციაში მისი დედა მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, დარწმუნებული არ იყო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში, ვინაიდან ამის საფუძველი ჰქონდა. როგორც გელბახიანმა განაცხადა, მისი მოქმედება საკმაოდ სარისკო იყო, თუმცა ამ რისკმა გაამართლა.
"ვერ ვიქნები გულგრილი, მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებასთან კონტაქტის საშუალება მომეცა. მძიმე მდგომარეობაში მყავს დედა, უნდა ჩავიდე საჩხერეში და ვნახო. ხელს შევუწყობ გამოძიებას, ეს ჩემს ინტერესებშიც შედის", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, გელბახიანის თქმით, ჯერ განცხადებას ვერ გააკეთებს, რადგან პირადი პრობლემები აქვს მოსაწესრიგებელი, პირველ რიგში კი, გამოძიებასთან საქმე მოსაგვარებელი.
"როცა მექნება თავისუფალი პოლიტიკური უფლებები, ალბათ, დავფიქრდები როგორი იქნება ჩემი პოლიტიკური მომავალი", - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.
რაც შეეხება გირაოს თანხას, ვალერი გელბახიანმა აღნიშნა, რომ არც 30 000 და არც 50 000 არ აქვს და თუ შესაძლებელი იქნება რაიონში მიწის ნაკვეთის ან საცხოვრებელი სახლის გირაოში ჩადება, ამ სახით გადაიხდის გირაოს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი შონიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ვალერი გელბახიანის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ის დარბაზიდან გაათავისუფლა.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ითხოვდა 30 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას, თუმცა მოსამართლემ გირაოს თანხა 50 000 ლარით განსაზღვრა.
ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს. საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, "ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. დღეს კი, ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს".
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება",- აღნიშნულია სამინისტროს განმარტებაში.