სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობაში" საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. კომპანია "მედისონის" ხელმძღვანელობამ კომპანიაში შემავალი სამი კლინიკის ექიმებისა და ექთნებისთვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის განხილვა მოაწყო. შეხვედრას სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობის" ექიმებისა და ექთნების გარდა თბილისის #1 და #2 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმები და ექთნები ესწრებოდნენ.
განხილვას ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კერძოდ, სპეციალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, რუსუდან რუხაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, კახა ხელაძემ უპასუხეს. დაზღვევის შესახებ პრეზენტაცია კი შეხვედრაზე კლინიკა "ჯანმრთელობის" სამედიცინო დირექტორმა, მარინა შიხაშვილმა წარმოადგინა.
როგორც შეხვედრაზე კომპანია "მედისონის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო მიქავამ აღნიშნა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ქვეყანაში დღეს დაიწყო და კლინიკები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. თავად კომპანია "მედისონი" ვარაუდობს, რომ მისი კლინიკების მეშვეობით 100 ათასამდე ბენეფიციარს ჩართავს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში უბნის ექიმების მეშვეობით, რადგან ყველაზე მეტად კონტაქტი და ურთიერთობა უბნებზე მათ გააჩნიათ მოსახლეობასთან.
ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა სამედიცინო კლინიკა "ჯანმრთელობის" სამედიცინო დირექტორმა მარინა შიხაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მეშვეობით დაზღვევა შეეხება 6-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს და 65 წლამდე ასაკის მამაკაცებს, კერძოდ, იმ კონტინგენტს, რომლებსაც არ გააჩნიათ დაზღვევა და არც ერთ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში არ არიან ჩართული.
მისივე თქმით, ამ პროგრამის მეშვეობით მოსახლეობისათვის უფასო იქნება გადაუდებელი ამბულატორიული, გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა, რომელიც ეხება 450 ნოზოლოგიას, ასევე, უფასო იქნება გულის კარდიოგრამა და სისხლის და შარდის ანალიზი, ექიმის კონსულტაცია, ხოლო 1-ელი ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის პროგრამას ასევე დაემატება გეგმური მომსახურების სერვისები.
შიხაშვილის განცხადებით, საყოველთაო დაზღვევის ამოქმედების პირველ დღეს მათ კლინიკას საკმაოდ დიდმა კონტინგენტმა მიმართა მომსახურების მისაღებად. იგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მიმართვიანობა გაიზარდოს პოლიკლინიკებში, თუმცა ეს მათ სამედიცინო დაწესებულებას პრობლემას არ შეუქმნის, მიაწოდონ მოსახლეობას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
(R)