კოტე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დღეს სპექტაკლ "ირინეს ბედნიერებას" წარმოადგენს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" თეატრიდან აცნობეს, ჭიათურის თეატრში სპექტაკლი დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომანტმა ჯაბა პაპუაშვილმა დადგა.
აღსანიშნავია, რომ დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და თეატრალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის "დიპლომანტი რეჟისორები საქართველოს რეგიონულ თეატრებში" ფარგლებში განხორციელდა.
ერთმოქმედებიანი წარმოდგენის მხატვარია მირიან შველიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ია საკანდელიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: საქართველოს დამსახურებული არტისტი როდერ ჩაჩანიძე, სოფო გოგოლაძე, გოჩა აბაშიძე, ამირან ნასყიდაშვილი, თამუნა ჯაჯანაშვილი, გია კენჭოშვილი, გიორგი ბრეგვაძე, გელა მოდებაძე, გია მუკმანიანი, შალვა ხვედელიძე, გიორგი ბრეგვაძე, სოფო მოდებაძე, შორენა პაპიძე, იური ბიწაძე და თამაზ ფანჩულიძე.
თბილისში ორგანიზებული გასტროლის პარალელურად, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაწყებულია მუშაობა ახალ დადგმებზე. მარტის ბოლოსთვის შედგება ოსკარ უაილდის "ვარსკვლავბიჭუნას" (რეჟისორები სოსო ნემსაძე და ლაშა შეროზია) და მატეი ვიშნეკის "სამუშაო მოხუცი კლოუნისთვის" (რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი) პრემიერები.