დევნილებს ორი კვირის განმავლობაში უფასო პირადობის მოწმობების მიღების საშუალება ექნებათ, - ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, წყალტუბოში დასახლებულ დევნილებს, დღეს, 14:00 საათზე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუა, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი მურად აბლოტია ეწვევინ და დევნილი მოსახლეობისთვის განკუთვნილი აქციის პირობებს დეტალურად გააცნობენ.
სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის სამსახურებში 23 ივნისამდე სრულწლოვან დევნილებს კვლავ მიეცემათ საშუალება ისარგებლონ აქციით და ახალი პირადობის მოწმობები უფასოდ მიიღონ.
აღნიშნული აქცია 25 მაისს დაიწყო და დღემდე სრულწლოვან დევნილებზე უფასოდ გაცემულია 30 000 პირადობის ახალი მოწმობა.
ორი შაბათ-კვირის განმავლობაში, 23 ივნისის ჩათვლით, მთელ საქართველოში რეგისტრირებულ პირადობის ახალი მოწმობის არმქონე 100 000 – ზე მეტ დევნილს ექნება შესაძლებლობა დაზოგონ 34 ლარი და ყოველგვარი დანახარჯის გარეშე მიიღოს ახალი, გაყალბებისაგან დაცული დოკუმენტი.
სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, აქციის ფარგლებში, იუსტიციის სახლები განსაკუთრებულ რეჟიმში 09:00 საათიდან იმუშავებს. მათივე ინფორმაციით, ფილიალები სრულ მზადყოფნაშია, როგორც საკადრო რესურსის, ასევე პროცედურული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. სამუშაო საათები კი, დევნილთა მოსალოდნელი ნაკადების გათვალისწინებით გადანაწილებულია დატვირთვის შესაბამისად.
"სააგენტო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს იმისთვის, რომ საარჩევნო სიები იყოს გაცილებით უფრო ზუსტი, ვიდრე აქამდე ყოფილა. არსებობს რიგი ხარვეზები მონაცემთა ბაზაში, რაზეც ხშირად საუბრობენ. ახალი პირადობის მოწმობები მნიშვნელოვნად განაპირობებს ბაზაში სწორი, გაუყალბებელი მონაცემების ასახვას, რაც ერთ ამომრჩეველზე ერთ ხმას ნიშნავს", - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"