სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთაველის #30-ში "სონი ცენტრის" მიერ დაკავებული ფართი კრედიტორს - "რუსთაველი ფროფერთის" გადაეცემა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, მარიამ კლდიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.
"აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს წარმოება საუფლებო საქმეზე, სადაც მოვალე მხარეს, "სონი ცენტრს" დაეკისრა ვალდებულება, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩააბაროს აღნიშნული უძრავი ქონება, კერძოდ რუსთაველის 30-ში დაკავებული ფართი გადასცეს კრედიტორ "რუსთაველი პროფერთის". აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ ეცნობა მოვალე მხარეს, მაქსიმალურად იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ინფორმირებული, თუმცა მოვალის მხრიდან გადაწყვეტილების შესრულება არ განხორციელებულა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას და სისრულეში მოყვანას", - აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ლაზერი 2 თბილისის" დირექტორმა, იოსებ ქოქოლაძემ განუცხადა, აღმასრულებლები ტერიტორიიდან კომპანია "ლაზერი 2 თბილისს" ასახლებენ.
კერძოდ, მისი თქმით, აღმასრულებლებს გასახლების ნებართვა "სონი ცენტრი თბილისის" თაობაზე აქვთ, რომელმაც ტერიტორია უკვე დატოვა.
"სონი ცენტრი თბილისი" "ლაზერი 2 თბილისის" გვერდით ფუნქციონირებდა. "სონი ცენტრმა" დიდი ხანია, დატოვა ტერიტორია, აღმასრულებლები არასწორად ასახლებენ "ლაზერი2 თბილისს", რომელიც 2005 წლიდან მუშოაბს", - განაცხადა იოსებ ქოქოლაძემ.
მისივე თქმით, რეალურად ფართი, რომლიდანაც გამოსახლება ხდება, "სონის" აღარ ეკუთვნის.
"ფართი ეკუთვნის "ლაზერი 2 თბილისს", რომელიც ფლობს "სონის" სავაჭრო მარკას და, შესაბამისად, მაღაზია ყიდის "სონის" პროდუქციას", - განაცხადა ქოქოლაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"