სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს ახალი უწყების - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ცენტრის შექმნის საჭიროებაზე და სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის აღნიშნული უწყების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ "აგრო"-სა და შპს "აგრო-ქართუს" ბაზებზე შეიქმნა. ცენტრის საქმიანობის მიზანია ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის მოძიება-შესწავლა, ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ელიტური სათესლე და სარგავი მასალის წარმოება და სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემების შემუშავება, ნიადაგების (მ.შ. დეგრადირებული) ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება, ბიოლოგიური მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების ახალი მეთოდების კვლევა-გავრცელება, მცენარეთა მავნებელ-დაავადებების და სარეველების კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის დამუშავება.

"სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფლობს დარგობრივ სამეცნიერო ბაზებს: მრავალწლოვანი კულტურების ბაზას (მცხეთა, სოფ. ჯიღაურაში 80 ჰა, ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა - 437 ჯიში; უცხოური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა - 350 ჯიში, ვაზის საძირეთა და სანამყენეთა საბაზისო სადედეები და სადემონსტრაციო ნაკვეთები, თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ხეხილის ბაღები - 300-ზე მეტი ჯიში); ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის ბაზას (მცხეთა, წეროვანი, ახალქალაქი, ვაჩიანი), საცდელ-სადემონტრაციო ნაკვეთებს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვირუსოლოგიისა და ქსოვილის კულტურის (ინ-ვიტრო) ლაბორატორიებსა და სხვა ინფრასტრუქტურას", _ აცხადებენ სამინისტროში.

პრეზენტაციაზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ დამსწრე საზოგადოებას ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის შემოდგომაზე 14 მუნიციპალიტეტის სტაციონარულ 15 ნაკვეთზე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიშთა შერჩევის სანერგე მეურნეობაში ჯიშთა გამოცდის პროექტი დაიწყო: - კონკრეტული რეგიონისათვის მარცვლეული კულტურების შერჩევის მიზნით, საშემოდგომო ხორბლის 47, ქერის 3, ჭვავის 2, ტრიტიკილეს 1 ჯიში, ასევე ზოგიერთი ბოსტნეული კულტურების 28 ნიმუში დაითესა. დამუშავებულია თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების ტექნიკური რეგლამენტი. ამჟამად მუშავდება კანონპროექტი თესლის შესახებ. კარტოფილის ელიტური სათესლე მასალის მისაღებად სათბურში 800მ2 12 ჯიში და 10 კლონი დაირგო.

სამინისტროს განცხადებით, უკვე დაწყებულია პროექტები სხვადასხვა მიმართულებით: ხეხილის 80 და ვაზის 55 ჯიშის სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა. მესხური ვაზის ჯიშების მოძიება; კვლევები ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მავნებლებისა და დაავადებების გამოსავლენად; დამლაშებულ ფართობზე ნიადაგების კვლევა; საშემოდგომო ხორბლისა და ქერის ადგილობრივი ჯიშების ორგანული წესით მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური რუკების შექმნა; გამოსაცდელი ბიოპრეპარატების, ბიოსისტემების და სხვა გამოყენების სქემების შექმნა; ძროხის, ღორის, ცხენის, ცხვრის, ფრინველების (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი) ადგილობრივი ჯიშების მოძიება; ფუტკრის ქართული პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური) მოძიება; ადგილობრივი თევზის (ცისარტყელა კალმახი, რიონის ლოქო და კობრი, სარკისებრი კობრი) ჯიშ-პოპულაციების მოძიება; თუთის აბრეშუმმხვევიას გენოფონდის აღდგენა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამინისტროები და მასში შემავალი უწყებები, სახელმწიფო რწმუნებულები, საკრებულოების, მუნიციპალიტეტებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რეგიონალური მომსახურეობის საკონსულტაციო სამსახურები, საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები და სხვ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება