კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი მისი საქმის ყოფილი პროკურორის განცხადებებს პასუხობს და იმედოვნებს, რომ ვალერი გრიგალაშვილს პასუხისგება მალე მოუწევს.
მოლაშვილს "ინტერპრესნიუსი" საფრანგეთში დაუკავშირდა, სადაც საავადმყოფოში სამკურნალოდ იმყოფება.
როგორც მან განაცხადა, მისი საქმის ყოფილი პროკურორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. სულხან მოლაშვილის თქმით, ვალერი გრიგალაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მოლაშვილი არ უწამებიათ, "უსირცხვილოდ ტყუის".
"თუ გრიგალაშვილი გაათავისუფლეს, ძალიან კარგი უქნიათ, რადგან ეს ადრე უნდა გაკეთებულიყო. შენ არაკაცო და შემთხვევით მოხვედრილო ადამიანო პროკურატურაში, დაასახელე იმ პირის ვინაობა, რომელიც შენი თქმით, ჩემი თანასაკნელი იყო და წულუკიანთან შენს გათავისუფლებაში მიშუამდგომლა! მოვა დრო, როდესაც ქართული მართლმსაჯულება ყველაფერს გათქმევინებს. რომელი თანასაკნელი ჰყავდა სულხან მოლაშვილს, რომელიც მარტო ჩააგდეს საკანში. უსირცხვილო ადამიანი ხარ!", - მიმართა გრიგალაშვილს მოლაშვილმა.
მისი თქმით, გრიგალაშვილი სააკაშვილის მართლმსაჯულების კლასიკური გამოხატულებაა. "ასეთი ადამიანები სამუზეუმო ექსპონატად უნდა შევინახოთ და ვაჩვენოთ ხალხს, როგორი არ უნდა იყოს პროკურორი და იურისტი. როდესაც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ მესამე მუხლი დარღვეულია, ჩემი თუ არ სჯერა, გადახედოს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ის რატომ არ გამოიძია, რა მოხდა, თუ არ აწამეს სულხან მოლაშვილი - სცემეს?! თვითგვემას მიმართა?!. მაგან ერთხელ ისიც განაცხადა, მოლაშვილმა იცოდა, რომ დავაპატიმრებდითო და შეიძლება თვითდაზიანება მიიყენა, რათა ციხეში, რომ მიიყვანდნენ, ერთი ამბავი აეტეხა ან კრიმინელებმა სცემესო. ასეთი ადამიანია ვალერი გრიგალაშვილი! სამკურნალო დაწესებულებიდან წაყვანის შემდეგ, ჩამსვეს ორთაჭალაში, სადაც ჩვეულებრივი კრიმინალების კორპუსი იყო და არა ყოფილი თანამდებობის პირების. თუ ამბობს, შეიძლება კრიმინალებმა აწამესო, რა უნდოდა სულხან მოლაშვილს ორთაჭალის ციხის მესამე კორპუსში, სადაც უკვე მრავალჯერ ნასამართლევი ე.წ. სტროგაჩები ისხდნენ?! შემდეგ მე-7 საპყრობილეში გადამიყვანეს. ვთქვათ, სულხან მოლაშვილი არავის უწამებია, მათიას იორში, ევროსაბჭოს წარმომადგენელი, რომ შემოვიდა საკანში, სადაც მარტო, სიბნელეში ვიჯექი, შემოსული იყო დიმიტროვი, რომელსაც გული წაუვიდა, იმიტომ, რომ იმ სიმყრალეში და სიბნელეში ვერ გაძლო. შემდეგ კომენტარი გააკეთა, რაც ვნახეთ საშინელებაა, ასე ღორებს არ ექცევიანო. წამება მარტო ის ხომ არ არის, ადამიანს ზურგი ამოუშანთო, ასეთი მოქცევა წამება არ არის?! ეს იცოდა ვალერი გრიგალაშვილმა, რომელსაც ტყუილების მოსასმენად გამოვყავდი საკნიდან. მაშინდელი საშინელებების გამო, ახლა მკურნალობს ხალხი. მეც საფრანგეთში საავადმყოფოში ვარ და ვმკურნალობ მაშინდელ დაავადებებს. გრიგალაშვილი რომ ამდენს ბედავს, მეტყველებს იმაზე, რომ უსუსურია ქართული სახელმწიფო, რადგან იდაყვებამდე სისხლში დასვრილი ჯალათები, როგორიც გრიგალაშვილია და სხვები, კიდევ ლაპარაკობენ. რომელ თანასაკნელზეა ლაპარაკი, დაასახელოს სახელი და გვარი და ამოიღონ მონაცემები სასჯელაღასრულების დეპარტამენტიდან. მაგას მალე მოუწევს პასუხისმგებლობა, თუ არა მართლმსაჯულების წინაშე, საკუთარი შვილების თვალებში ჩახედვის აუცილებლად შერცხვება. დამფრთხალები დადიან ქუჩებში, აქეთ-იქეთ აცეცებენ თვალებს ბაჭიებივით, რომ ჩემისთანა დაჩაგრულებმა არ შეამჩნიონ!", - განაცხადა მოლაშვილმა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი პროკურატურიდან მის გათავისუფლებას თეა წულუკიანის პირად ინტერესს უკავშირებს.
გრიგალაშვილმა "ინტერპრესნიუსსთან" კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა არა საკუთარი, არამედ იუსტიციის მინისტრის პირადი ინტერესის საფუძველზე მიიღო. კერძოდ კი, სულხან მოლაშვილის თანასაკნელი ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან, წულუკიანის ახლობელია და სწორედ მისი ინტერესების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამასთან, გრიგალაშვილი აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილი არ უწამებიათ და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერია.