გორში, გრიბოედოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დღეისთვის აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარი დაზიანებულია, შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია ღრმა ორმოების მოსწორება და ასფალტის ახალი საფარის მოწყობა. სარეაბილიტაციო ქუჩა მშვიდობის გამზირსა და მოსკოვის ქუჩებს შორის მდებარეობს და მისი სიგრძე დაახლოებით 220 მეტრია. აღნიშნული ქუჩით გორის მე-5 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები და 10-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეები სარგებლობენ. გრიბოედოვის ქუჩასთან ერთად აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ბაგრატიონის ქუჩის ნაწილის, კერძოდ, ანტონოვისა და ბერუაშვილის ქუჩებს შორის არსებული 90 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.
გრიბოედოვისა და ბაგრატიონის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი 15 ივნისს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,შარა" ასრულებს.