საქართველო შავი ზღვის დაცვაში ერთვება
თბილისს ამდენი ხალხის დატევა აღარ შეუძლია!
კლინიკები გადავსებულია, ხალხი მასობრივად დაავადდა?!
* * *
საქართველო შავი ზღვის დაცვაში ერთვება
"ნატო რუსეთის აგრესიის შესაკავებლად უკვე უპრეცედენტო ზომებს იღებს და, როგორც ჩანს, ამაში ჩართვას საქართველოც აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. სპეციალისტების ნაწილი მისმა განცხადებამ დააბნია, რადგან მათი თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა დაიცვას საქართველომ შავი ზღვის უსაფრთხოება მაშინ, როცა ქვეყანას საზღვაო ძალა არ გააჩნია. მეორე ნაწილი კი ჩვენს ქვეყანასა და ალიანსს შორის ურთიერთობის უფრო ინტენსიურ ფორმაზე საუბრობს და დასძენს, რომ ამ დროისათვის გაურკვეველი დეტალები სულ რამდენიმე თვეში გვეცოდინება. საკმაოდ შთამბეჭდავი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა "თაიმსთან" საუბარში გააკეთა. მისი თქმით, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატოს ასი ათასობით სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნება გადაყვანილი და აქვე დასძინა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, მოამზადოს არსებითი სახმელეთო ძალები, რომლებიც რუსეთის აგრესიის შეკავებას შეძლებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით საქართველო შავი ზღვის დაცვაში ერთვება/ნატო 300 000 ჯარისკაცის მობილიზებას ორ თვეში გეგმავს.
"ჩვენ ვნახეთ რუსეთი, რომელიც ბევრი მიმართულებით გააქტიურდა. ჩვენ ვნახეთ უფრო ხისტი რუსეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამხედრო პოტენციალს არსებითად აძლიერებს, რომელმაც 2 000 წლის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაასამმაგა, ავითარებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებს, წვრთნის საკუთარ ძალებს და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთი, რომელიც ევროპაში, ნატოს მოკავშირე ქვყენებში პროპაგანდას იყენებს და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ რეაგირებს ნატო. ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერებით ცივი ომის დასრულების შემდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატოში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ადამ ტომსონმა კი "თაიმსთან" საუბარში ისიც განაცხადა, რომ ნატოს გეგმაა, საჭიროების შემთხვევაში, 300 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ძალების მობილიზება ორ თვეში შეძლოს. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამისთვის დაახლოებით 6 თვე სჭირდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მნისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის საქართველოს როლზე ისაუბრა და დასძინა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად ამისათვის საქართველოც აუცილებლად იბრძოლებს ."შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო არის ჩართული. ეს განისაზღვრა ნატოს სამიტზე და ამის შემდეგ ამ მიმართულებით კონსულტაციები არ წყდება. ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად და შესაძლოა საქართველო იყოს ჩართული პატრულირებასა და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მთლიანად ეს პროცესი ჩვენი ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი მუჩაიძე ნატოს გეგმებს ლოგიკურად მიიჩნევს იმ ფონზე, რომ 2014 წლის შემდეგ ნატომ რუსეთი ევროპისათვის საფრთხედ აღიარა და ამას შესაბამისი ნაბიჯებიც მოჰყვა - ალიანსის სამხედრო სტრატეგია შეიცვალა და აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეებთან შესაბამისი ნაწილების განლაგება ხდება. მუჩაიძის თქმით, შეიქმნა სპეციალური შტაბები და იქმნება ბაზა იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთმა თავისი აგრესიული ქმედებები გააგრძელა და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ნატოელ მოკავშირეებს დაემუქრა, რათა სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლა და ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა მოხერხდეს", - წერს სტატიის ავტორი.
"სპეციალისტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეს გეგმები უკვე რამდენიმე წელია მუშავდება, მაგრამ ახლა უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა, საკომანდო პუნქტები მომზადდა, შესაბამისი კონტინგენტი გადასროლილ იქნა და რამდენიმე ბატალიონის დისლოკაცია მიმდინარეობს, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში და ასევე რუმინეთშიც. "სტოლტენბერგის ნათქვამი იმაზე, რომ სამჯერ მცირდება დრო საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების ძალების მობილიზებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ, რომ რუსეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს. პირიქით, ეს მიზანმიმართული და სტრუქტურიზებული პასუხი თავიდან აიცილებს რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების განხორციელებას. ანუ, ეს უკვე ძალიან სერიოზული სიგნალია და არა მხოლოდ განცხადებები, რომლის შემდეგაც, რუსეთი უკვე დაფიქრდება, სანამ ევროპის აღმოსავლეთით აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომა, მინისტერიალი, სადაც უკვე ფოკუსი გაკეთდა შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებით. როცა ნატოს გენერალურ მდივანს კონკრეტიკაზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ თავდაცვის შემდეგ მინისტერიალზე, რომელიც სავარაუდოდ თებერვალში გაიმართება, კონკრეტულ გეგმებსაც წარმოადგენენ. ალიანსის მხრიდან ხაზი გაესვა იმასაც, რომ ეს მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ არ იქნება განხორციელებული და აქ ნატოს პარტნიორი, შავი ზღვის ქვეყნებიც იქნებიან ჩართულები. მათ შორის უკრაინა და საქართველო", - ამბობს სპეციალისტი. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის ჩართულობა იგულისხმება ამაში, მუჩაიძე ამბობს, რომ ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო ყოფნა ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტი იქნება, ასევე წვრთნები, ვიზიტები და ა.შ. უფრო მეტი დეტალი კი, მისივე თქმით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონკრეტული ფორმების შემუშავება დასრულდება", - განაგრძობს გამოცემა.
"აქ მნიშვნელოვანი, სპეციალისტის თქმით, ისაა, რომ ქართული მხარე აქტიურად იყოს ჩართული და უსაფრთხოების უზურუნველსაყოფად მაქსიმუმი გააკეთოს, რაც ყოველდღიურ აქტიურობას გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს, პრემიერისა და პრეზიდენტის მხრიდან. ეს ყველაფერი კი, მუჩაიის აზრით, იძლევა იმის საფუძველს, რომ თამამად ვთქვათ - ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. ამბობს, რომ აქცენტი უკვე შავ ზღვაზე კეთდება. საქართველოს კი, შავი ზღვის რეგიონში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მოიაზრებენ. "კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს რუსეთის აგრესიას არათუ გაზრდის, არამედ ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან აგრესიის შეკავებას. როცა ყირიმის ოკუპაცია მოხდა, უკრაინის მხრიდან არცერთი ტყვია არ ყოფილა ნასროლი და არანაირი აგრესული სამხედრო ქმედება და პროვოკაცია არ ყოფილა, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთმა აგრესიული ქმედება მაინც განახორციელა. ანუ, ლოგიკა პირიქითაა - ნატო უფრო აქტიური უნდა იყოს, სერიოზული სიგნალები გაგზავნოს არა მხოლოდ განცხადების, არამედ სამხედრო განლაგების გაზრდით და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იმის მოლოდინი, რომ რუსეთის აგრესიის შეკავება მოხერხდება და უსაფრთხო გარემო შეიქმნება", - აცხადებს მუჩაიძე. სიტუაციას რთულს უწოდებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია. ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ალიანსმა თავისი დანაყოფების გაძლიერება და საბრძოლომ მზადყოფნაში მოყვანა უკვე უშუალოდ დაიწყო. ამბობს, რომ ამ გაერთიანებაში მთლიანობაში 500 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ირიცხება", - განაგრძობს ავტორი.
"ეს ყველაფერი კი, მაისაიას არ აკვირვებს იმ ფონზე, რომ რუსეთი ჰუმანურობის ფარგლებიდან საერთოდ გამოვიდა. მისი თქმით, პუტინი უკვე საგანგებო საბჭოს შეკრებას აპირებს. ამერიკელებმა კი, ამ ფონზე, კიბერ-ომის დაწყება დააანონსეს. "მათ რუსეთს ოფიციალურად განუცხადეს, რომ კიბერშეტევას იწყებენ კრემლის მიერ მართულ სტრუქტურებზე და მათ პროპაგანდისტულ ელემეტებზე. ორიოდ დღის წინ კი რუსეთმა არარიგგარეშე სამხედრო საჰაერო წვრთნები დაიწყო, სადაც ყაზახეთის, სომხეთის, ბელორუსიისა და რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები მონაწილეობენ. ასევე, რუსეთმა დააფიქსირა სტრატეგიული დამრტყმელი ავიაცია. ანუ, ის უკვე ფაქტობრივად ბირთვული იარაღის გამოყენებით საბროლო ოპერაციების განვითარების სცენარსაც კი იხილავს. ეს ყველაფერი ამ წვრთნების ფარგლებში მოხდა. როგორც ხედავთ, სიტუაცია თანდათანობით სულ უფრო და უფრო იძაბება და სტოლტენბერგის განცხადებაც ცხადჰყოფს, რომ ამ ყველაფერს მეორე მხრიდანაც ადეკვატური რეაგირება მოჰყვა", - აცხადებს მაისაია. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაში საქართველო აქტიურად იქნება ჩართული, მაისაია გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ არ იცის თუ რამ მისცა პრემიერს ამ ყველაფრის თქმის საფუძველი მაშინ, როცა საქართველოს საზვაო ძალები და ფლოტი არ გააჩნია", - წერს გამოცემა.
"ამ კომპონენტის გარეშე კი ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მოდელში, მისი თქმით ნონსენსია. დასძენს, რომ მისი განცხადება ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. "შეიძლება ის იგულისხმა, რომ თუკი ნატოს ამ სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექმნის შემთხვევაში იგი საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ნატომ მეხუთე მუხლით ნაკისრი ვალდებულება კოლექტიური დაცვის თაობაზე საქართველოს საზღვაო აკვატორიაზეც გაავრცელა. ასე რომ, ეს ცოტა გაუგებარია. ან შეიძლება სახმელეთო-სანაპირო დაცვის ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა. ან ჩვენ პორტებში ნატოს სამხედრო გემები შემოვიდნენ და ისინი მატერიალურ ბაზად გამოიყენონ, ან ერთობლივი წვრთნები ჩატარდეს. ჩვენი ჩართულობის სხვა ფორმას ვერ ვხედავ", - დასძენს მაისაია", - დასძენს გამოცემა.
თბილისს ამდენი ხალხის დატევა აღარ შეუძლია!
"წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ თბილისი არ იყო თავკომბალა ქალაქი, ხალხი სოფლებს არ ტოვებდა და მამა-პაპისეულ კერა არ აციებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებითაც კი დასტურდება, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 1/3 საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობს. ევროპის მასშტაბით ასეთი სულ 7 სახელმწიფოა და მათგან ორი (თბილისი და ერევანი) სამხრეთ კავკასიაში. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, თბილისს თავკომბალა ქალაქად გადაქცევის საფრთხეს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ დროს ჩვენს დედაქალაქში მთელი ქვეყნის მოსახლეობის 35%-ს იყარდა თავს. ზოგიერთები ამას ქართველების ცენტრისკენულ მისწრაფებას უკავშირებდნენ. ადამიანებს ერჩივნათ ქუჩებში ეხეტიალათ და კორპუსების წინ მდგარიყვნენ, ვიდრე საკუთარ სოფელში მიწა დაემუშავებინათ. ასე რომ, თბილისი ნელ-ნელა ემსგავსებოდა ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურს, სადაც მოსახლეობის 96% ცათამბჯენებში ბინადრობს, ხოლო მოსახლეობის სულ რაღაც 4% ალაგ-ალაგ სოფლებშია შერჩენილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით თბილისს ამდენი ხალხის დატევა აღარ შეუძლია!/"შეიძლება ისეთ აბსურდამდეც მივიდეთ, რომ ერთმა უზარმაზარმა ქალაქმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო მიიერთოს"
"ქალაქდაგეგმარების სპაციალისტები ე.წ. "ზიფის წესზე" ამახვილებენ ყურადღებას. ამ წესის თანახმად, თუკი უდიდეს ქალაქში 100 კაცი ცხოვრობს, მაშინ სიდიდით მეორე ქალაქში 50-მა ადამიანმა უნდა იცხოვროს, მესამეში კი სამჯერ ნაკლებმა, ანუ 33-მა. ეს წესი თბილისისთვის შეუსაბამოა, რადგან მოსახლეობის რაოდენობით ჩვენი დედაქალაქი განუზომლად დიდია. 2012 წელს, როცა წყლის მოვარდნის შედეგად დედა და ორი შვილი დაიღუპა, ამბობდნენ, რომ ამ ტრაგიკულ ადამიანებს პირდაპირ კოლექტორზე ჰქონდათ დაშენებული ოთახი. ამას მოჰყვა სააკაშვილის ბრძანება, რომ დედაქალაქში ბარაკები არ უნდა ყოფილიყო, სადაც, ძირითადად, რეგიონებიდან 7-8 წლის წინ ჩამოსული ადამიანები ცხოვრობდნენ. თუმცა, არავინ ფიქრობდა, რომ სოფლის მოსახლეობა ადგილზევე დაემაგრებინა, რათა მათ დედაქალაქში გამოქცევის სურვილი არ გასჩენოდათ. მაშინ არავის დასჭირდებოდა მიჯრით მიწყობილი სახლები, ამ სახლებისგან დავიწროებული ქუჩები, შემჭიდროებული უბნები და თბილისთან არაორგანულად შემოერთებული ყოფილი სოფლები. თუკი შემოერთება ასე უსაშველოდ გაგრძელდება, თბილისი მთელ აღმოსავლეთ საქართველოს შემოიერთებს და ყველა სოფელს ერთი ქალაქი დაიტევს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ უკვე მივედით იმ ზღვარზე, როცა დედაქალაქი ვერ დაიტევს ამდენ მცხოვრებს. თბილისის ზრდა უკვე აღარ შეიძლება და ეს მთელი ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრობლემაა. მისივე თქმით, ქვეყანაში დეცენტრალიზაციის კვალობაზე უნდა გადანაწილდეს მოსახლეობა. რაც ახლა საქართვლეოში ხდება, ეს ნორმალური არ არის არც ეკონომიკისთვის, არც კულტურული და ადმინისტრაციული ცხოვრებისთვის. ამიტომ თბილისში უნდა გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ამ ზრდას შეაჩერებს ან შეზღუდავს და ეს ცენტრალური ხელისუფლების საქმეა. ახლა მთელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ერთ ქალაქში ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს, რაც სულ მთლად დამღუპველ გარემოებას შექმნის. " რეზონანსი" დაინტერესდა, თუნდაც საბჭოთა დროს არსებობდა თუ არა თბილისში ჩაწერილ ადამიანთა რაოდენობის მხრივ დაწესებული ლიმიტი, რაზეც ზურაბ ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ლიმიტი არასდროს ყოფილა. ეს დაგეგმვის საქმეა და, როგორც დაგეგმავს ქალაქის ხელმძღვანელობა, იმის მიხედვით უნდა განვითარდეს. საბჭოეთის დროს 1971 წელს დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, 2000 წლისთვის თბილისში მცხოვრებთა რიცხვი 1 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო", - წერს სტატიის ავტორი.
"ბოლო წლებში თბილისი უკვე გასცდა ბუნებრივ საზღვრებს, გაჩნდა მუხიანი, თემქა, ვარკეთილი, ვაზისუბანი, ფონიჭალა, დიღომი-7, დიღომი-8, ქოშიგორა. შეიძლება დედაქალაქი კიდევ უფრო გაიზარდოს რუსთავისკენ, კახეთისკენ. ამას ვერავინ შემოსაზღვრავს. შეიძლება ისეთ აბსურდამდეც მივიდეთ, რომ თბილისმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო მიიერთოს. ამიტომ ქვეყნის სივრცითი მოწყობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ იგი ქალაქის ზრდას არ გულისხმობდეს. უფრო მეტიც, აქცენტი თბილისის მოსახლეობის შემცირებაზე უნდა გაკეთდეს. უხეშად რომ ვთქვათ, რაღაც სიმძლავრეები უნდა გადავიდეს ქუთაისში, ბათუმში, თელავში, გორში, ხაშურში. რაც შეეხება ლტოლვილების თემას, ამ მხრივ კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი. მარტო მიწის ნაკვეთი, სახლი და ნაჩუქარი ძროხა არ ეყოფა ადამიანს, თუ იქ კულტურული გარემო არ ექნება, თუ არ ექნა საგანმათლებლო კერები, ადმინისტრაციული გარემო, სადაც ის ქვეყნის პატრონად იგრძნობს თავს. ადამიანს თავის მიწა-წყალზე დარჩენა უნდა სურდეს და არა გაქცევა. დღეს კი თავისი მამა-პაპისეული ადგილიდან ყველა გარბის, რადგან გაუსაძლისი მდგომარეობაა", - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ. მანვე განმარტა, რომ დედაქალაქის გეოგრაფიული არეალი ვერ იტევს ამდენ მაცხოვრებელს. ადრე კი, უკეთესი დაგეგმვის პირობებში, თბილისში უამრავი ადამიანი უკეთესად ცხოვრობდა. დღესდღეობით სპონტანურად, ქაოსურად მიმდინარეობს მშენებლობა, ვისაც სად მოუნდება, იქ იყიდის ნაკვეთს, წამოჭიმავს სახლს და ეს შემდგომ პრობლემას აჩენს", - განაგრძობს გამოცემა.
"ხუთ მთას შორის იყო ჩატეული თბილისი. ეს გახლავთ მთაწმინდა, თაბორი, მახათა, ლოტიკი (ლოტკინს რომ ეძახიან) და ვეძისი. ამ მთებს შორის არეალი დაახლოებით მე-18 და მე-19 საუკუნის მიჯნაზე შეივსო და მეორე მსოფლიო ომამდე ამ ფარგლებში იყო ჩვენი დედაქალაქი მოქცეული. იმის იქით არ გასულა. ზომიერი გამჭიდროებით შეიძლებოდა ჩვენი დედაქალაქი კიდევ დიდხანს დარჩენილიყო ზუსტად ამავე ფარგლებში და არ გასულიყო ფარგლებს გარეთ. თბილისის მოსახლეობის ნამატი ინტენსიური გამჭიდროების ხარჯზე მოიმატებდა (მოსახლეობა მოიმატებდა, მაგრამ დედაქალაქის ფართობი არ გაიზრდებოდა), თუმცა ასეთი გონივრული პოლიტიკა არ ჰქონდა ჩვენს დედაქალაქს. ამაზე არავის უფიქრია. აშენებდნენ უამრავ საცხოვრებელს, მუქთად, უფასოდ აძლევდნენ ბინებს ადამიანებს. ეს ქმნიდა შეწოვის ეფექტს და ასე შემოიწოვა თბილისმა უამრავი ადამიანი, რადგან სოფლად და პატარა ქალაქებში ცუდი საცხოვრებელი პირობები იყო, აქ კი ელემენტარულს მაინც სთავაზობდნენ. მეორე მსოფლიო ომის მერე, 50-იან წლებში დაიწყო ასეთი ცუდი პრაქტიკა. ეს იყო ხრუშჩოვის დროს გატარებული საბინაო პოლიტიკა, როცა უამრავი საცხოვრებელი აშენდა. ამან პროვინციებიდან ხალხის მასობრივი ჩამოსახლება გამოიწვია. უამრავი ადამიანი მოაწყდა თბილისს, რასაც უკვე ადმინისტრაციული ხერხებით ეწინააღმდეგებოდნენ. ჩაწერის პრობლემა შეუქმნეს, სოფლიდან ადამიანებს არ უშვებდნენ, პასპორტს არ აძლევდნენ, მაგრამ უამრავი აშენებული ფართი შეწოვის ეფექტს მაინც ქმნიდა. ხალხიც პოულობდა გზას თბილისში გადმოსასვლელად", - განმარტა ზურაბ ბაქრაძემ და დასძინა, რომ ასეთი სივრცითი მოწყობა დამღუპველად მოქმედებდა მთლიანად ქვეყანაზე და უშუალოდ თბილისზე", - განაგრძობს ავტორი.
"ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ დღეს ეს პოლიტიკა უფრო გამძაფრებულად გრძელდება, რადგან ეკონომიკური კრიზისის და სიდუხჭირის გამო, სოფელში ხალხს აღარ გაეძლება. სწორედ ეს ქმნის მესამე სამყაროს ქალაქის სურათს, რაც განვითარებადი, ჩამორჩენილი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომაც დიდი ხანია, დავემსგავსეთ ბანგლადეშს, მექსიკას, ლათინურ ამერიკას, სადაც ურბანული გაჭირვებაა. თორემ ევროპული ქვეყნების სივრცითი მოწყობა აწყობილი და გეგმის მიხედვით გააზრებულია. ზურაბ ბაქრაძის დაკვირვებით, ქალაქის მოსახლეობა მთელ მსოფლიოში იზრდება სოფლის მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, მაგრამ ეს ხდება განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, ჩინეთში ყველაზე მძაფრად იგრძნობა ეს პროცესი, განუზომლად იზრდება ქალაქების რიცხვი და ქაოსურად შენდება კორპუსული ტიპის ქალაქები", - წერს გამოცემა.
"არქიტექტორი ვახტანგ დავითაია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქალაქში ცხოვრება ადამიანებისგან კომპრომისს მოითხოვს. აქ არ არის ისეთი ლაღი, თავისუფალი პირობები, რაც სოფელშია. ქალაქში ცხოვრებას თავისი წესი აქვს და თავისებურ სირთულესა და პრობლემას უკავშირდება. ამის მიუხედავად, მთელი ქვეყანის მოსახლეობა დედაქალაქისკენ მიილტვის, რაც ანომალიაა და თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. "არაფერია დასამალი და ყველამ კარგად იცის, რომ პერიფერიებში, მით უმეტეს, სოფლებში დღეს პირობები ძალზე მძიმეა - დასაქმების პრობლემა, სრული უმუშევრობაა. ეს ხალხიც ამიტომ აწყდება დიდ ქალაქებს და არა იმიტომ, რომ თბილისის ჰაერი მოსწონთ. ეს იძულებაა. სანამ პრობლემები არ გადაიჭრება, თბილისს კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიემატება. აქ ურბანისტიკა უძლურია, უფრო სოციალური, ეკონომიკური საკითხებაი წინა პლანზე. მხოლოდ თბილისი არ არის ამ დღეში, მსოფლიოს უამრავ ქალაქს აქვს სხვადასხვა პრობლემა, უპირველესად ტრანპორტის, დასაქმების მხრივ. ბევრ ქალაქში არსებული კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა გადატვირთულია და ვერ უძლებს ასეთ დაწოლას", - აცხადებს ვახტანგ დავითაია და განმარტავს, რომ უახლოეს წარსულში ჩვენთან ამ ყველაფერს ემატებოდა ქალაქგეგმარებითი ქაოსი. არ არსებობს არანაირი წესრიგი და ინვესტორის კარნახით კეთდება ყველაფერი. სწორედ ამან გამოიწვია ქალაქის ქუჩების, კომუნიკაციების გადატვირთვა, რაც დღემდე დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. დავითაიას აზრით, უკვე ისეთ კრიტიკულ ზღვრამდე ვართ მისულნი, თვითონ ადამიანები ხვდებიან, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრებას განაპირა რაიონში დასახლება სჯობს. უკვე შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მოსახლეობამ პირი იბრუნა პერიფერიებისკენ. მით უმეტეს, რომ მთელ მსოფლიოს აქვს გადატვირთული დედაქალაქების განტვირთვის გამოცდილება. ამ მხრივ პარიზის მაგალითია საინტერესო", - დასძენს სტატიის ავტორი.
"ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ დაიწყო პარიზის სატელიტი, მცირე ზომის ქალაქების მშენებლობა, რომლებმაც არა მარტო იქაური მოსახლეობის გაყვანას შეუწყო ხელი, არამედ საწარმოებიც გაიიანა მეგაპოლისიდან. სამუშაო ადგილები სატელიტ ქალაქებში გაჩნდა და ხალხმაც გადინება დაიწყო. ამავე მეთოდით განიტვირთა ევროპის სხვა დედაქალაქებიც. თბილისის ზრდა მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის ფარგლებში დაიწყო. ზრდის მეორე ტალღა კი საბჭოთა პერიოდს უკავშირდება, როცა სოფლების დაიცალა და ურბანიზაცია გარდაუვალ პროცესად იქცა. გაეროს პროგნოზით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 29 პროცენტი დარჩება სოფლად, ანუ კიდევ მილიონამდე ადამიანი ქალაქებში გადასახლდება. საქართველო იმ 7 ევროპულ სახელმწიფოთა შორისაა, სადაც მოსახლეობის მინიმუმ 1/3 დედაქალაქშია თავმოყრილი. თბილისის გარდა თავკომბალა ქალაქებია: ტალინი (ესტონეთი), რეიკიავიკი (ისლანდია), რიგა (ლატვია), ლა ვალეტა (მალტა), პოდგორიცა (ჩერნიგორია), ერევანი (სომხეთი)", - დასძენს გამოცემა.
კლინიკები გადავსებულია, ხალხი მასობრივად დაავადდა?!
"საავადმყოფოების რაოდნეობა წლიდან წლამდე მატულობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინინისტროს მონაცემით, საქართველოს ტერიტორიაზე კლინიკების რიცხვი 258-ს აღწევს, აქედან 117 თბილისში, 141 კი - რეგიონებშია. მრავალპროფილური საავადმყოფოებიდან 107 რეგიონებშია, ხოლო 78 - თბილისში. რაც შეეხება მონოპროფილურ კლინიკებს, მათი ჯამური რაოდენობა 73-ია. საავადმყოფოებში, რა დროსაც უნდა მიხვიდე, მუდმივად დიდი რიგია. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის უმეტესობა დაავადებულია. არც ისაა გამორიცხული, პაციენტებს ზედმეტ სამედიცინო პროცედურას, ვიზიტს და წამლებს უნიშნავდნენ, რაზეც ბოლო პერიოდში ეჭვი გაძლიერდა. ასეთ ფაქტებს არ გამორიცხავს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი. იგი ფიქრობს, რომ ბაზარზე იმდენია კლინიკაა, რამდენზეც მოთხოვნა არსებობს. თუკი საჭიროება იქნება, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით ეჭვს, მსგავსი შემთხვევებს ნამდვილად ექნება ადგილი, მაგრამ აქ საჭიროა ფაქტობრივი დადასტურება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით კლინიკები გადავსებულია, ხალხი მასობრივად დაავადდა?!/საავადმყოფოები საწარმოებივით იხსნება, ქვეყანაში უკვე 258 კლინიკაა.
"ხშირად პაციენტს არ ემსახურება კომპეტენტური დაწესებულება, რომელიც დაინტერესებულია, რომ ჩაუტაროს ეფექტური მკურნალობა. თუკი პაციენტის უკან სადაზღვევო კომპანია არ დგას, რომელმაც შეიძლება გააკონტროლოს გაწეული მომსახურების ხარისხი, პრობლემა ყოველთვის იქნება. ასეთ შემთხვევაში, პაციენტებს, შესაძლოა, ჩაუტარონ არასაჭირო სამედიცინო პროცედურა და დაუნიშნონ ზედმეტი წამლები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სადაზღვევო ინდუსტრიას წაართვა ის რესურსი, რომელსაც იგი სამედიცინო კონტროლის მიზნით იყენებდა. გასაგებია, რომ ნებისმიერ სისტემაში, კარგად კონტროლირებადშიც კი, შეიძლება ექიმებსაც შეეშალოთ და პაციენტებსაც. ეს გამონაკლისი შემთხვევაა, ჩვენ კი სისტემური პრობლემა გვაქვს და ეს არის ჯანდაცვის სფეროს სერიოზული გამოწვევა, რაც უნდა გამოსწორდეს", - აცხადებს მეგრელიშვილი. პრობლემაზე საუბრობენ სოციოლოგებიც, რომლთა შეფასებითაც, კლინიკების რაოდენობის ზრდა უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სისტემას, რომელიც მხოლოდ ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული. ასე ფიქრობს ექსპერტი სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე, რომლის აზრითაც ჯანდაცვა დღეს მხოლოდ ბიზნესია და არა სოციალური სერვისი", - აღნიშნავს გამოცემა.
"საქართველოში ჯანდაცვის სისტემა მხოლოდ მოგებაზეა გათვლილი და ამიტომაც გახსნილია კლინიკები, როგორც საწარმოები. კონვეინერული წესით უწევენ მომსახურებას. კლინიკების რაოდენობის ზრდა გამოიწვია არა ავადმყოფების მომატებამ, არამედ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც თავის მხრივ ცუდი ნამდვილად არ არის, რადგან ბევრ ადამიანს მიუწვდება ხელი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. უნდა ითქვას, რომ აქ ყველას თავისი სიმართლე აქვს - ექიმსაც და ავადმყოფსაც. არსებული სიტუაციით არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი. სახელმწიფოს მხრიდან გაჩნდა დაფინანსების წყარო. ხალხი, რომელსაც აქამდე საავადმყოფოში მისვლის საშუალება არ ჰქონდა, დღეს მომსახურება უფინანსდება. ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობა მასობრივად დაავადდა. ეპიდემიური აფეთქება არ მოხდარა, უბრალოდ, ხალხმა მოუხშირა საავადმყოფოებში სიარულს", - აცხადებს კაპანაძე. მისი შეფასებით, ჯანდაცვის ბაზარი დღეს მონოპოლიურია, სადაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურები ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობენ. "სისტემა ორიენტირებულია ფინანსურ სარგებელზე და არა ჯანმრთელობაზე. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაზე უფრო პოპულარული სიკვდილის სახეობაა, აპარატზე მიერთებული პაციენტი. რეანიმაციული ცენტრები ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობენ. ეს იმიტომ პრევენციას სათანადო ყურადღება არ ექცევა. დაზღვევა, ჰოსპიტალური სექტორი და ფარმაცია ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობს. ნორმალურ ქვეყნებში ასეთი რამ შეუძლებელია, რადგან ისინი ერთმანეთს იდეურად ეწინააღმდეგებიან. დამკრძალავი ბიუროღა აკლიათ და "სრულ ჰარმონიას" მიაღწევენ. ჯანდაცვის სისტემური რეფორმა შედეგს მოიტანს 15 წლის შემდეგ. აუცილებელია, რომ ეს განხორციელდეს. მინიმალური ყურადღება ექცევა პრევენციას და ძალიან დიდი - უკვე დამდგარ შედეგს", - აცხადებს ნოდარ კაპანაზე. როგორც აღმოჩნდა, საავადმყოფოების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა არც მომხმარებლებს რჩებათ შეუმჩნეველი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, რიგს ვერ აუდიან პედიატრიულ განყოფილებებში, თანაც თუ კლინიკა მეტ-ნაკლებად ცნობილია და ექიმის რეპუტაციაც მაღალია", - წერს სტატიის ავტორი.
"33 წლის ნანა გოგოხია ამბობს, რომ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, სადაც პატარა დაჰყავს, ხშირად თვენახევრით ადრე უწევს ჩაწერა, რადგან ექიმთან ყოველთვის რიგია. თბილისელებს საავადმყოფოებზე გაზრდილი მოთხოვნის მიზეზად კვების პრობლემა მიაჩნიათ. "ჩემი შვილის ექიმს თბილისში კარგად იცნობენ, ერთ-ერთი საუკეთესო პედიატრია. ბავშვი 5 წლისაა, კუჭ-ნაწლავის პრობლემა აწუხებს და ნაცნობ ექიმთან დამყავს. ჩემდა გასაოცრად, რა დროსაც არ უნდა მოვინდომო კლინიკაში ვიზიტი, მუდმივად რიგია. ამიტომ 1 ან 1,5 თვით ადრე ვნიშნავ ვიზიტს ან ცოცხალ რიგში ვდგები, თუკი ბავშვის ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას მაძლევს. კლინიკებზე რომ არაფერი ვთქვა, პოლიკლინიკებშიც ასეა. წინასწარ თუ არ ჩაეწერე, შეიძლება, საათობით მოგიწიოს ლოდინმა და ზოგჯერ შესვლაც ვერ მოახერხო. ძალიან მიკვირს, რატომ გაიზარდა ასე კატასტროფულად მედიცინაზე მოთხოვნა? ჩემს გარშემოც იშვითად მეგულება ისეთი, ვისაც ექიმთან სიარული არ უწევს", - ამბობს ახალგზარდა დედა, რომლის თქმით, შეიძლება უხარისხო კვების ბრალია ან საერთოდ საჭმლის დეფიციტია ასე მასიურად რამ დაავადა ეს ხალხი", - განაგრძობს გამოცემა.
"შუახნის ასაკის ლენა თორაძეს ენდოკრინოლოგიური დაავადება აწუხებს. საავადმყოფოში, სადაც ის დადის, ყოველთვის რიგია, რის გამოც ყოველთვის წინასწარ ცდილობს ჩაწერას."მალე 50 წლის ვხდები. ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში 15-ზე მეტი საავადმყოფო, ალბათ, არც იყო, თითო-ოროლა იყო რეგიონებში. ასე იყო აფთიაქებიც. 90-იან წლებამდე მთელი უბანი უნდა მოგევლო, რომ აფთიაქი გეპოვა. ვიცოდით ერთი, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პირველი აფთიაქი და ყველა იქ ცდილობდა წამლის შეძენას. ახლა ჩიხი არ არის თბილისში, სადაც აფთიაქი არ იყოს გახსნილი, ხოლო კლინიკის გარეშე ქუჩას ვერ ნახავთ. პაციენტი რომ არ ჰყავდეს, რომელი საავადმყოფო იმუშავებს? გამოდის, რომ ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ, ზოგიერთ კლინიკაში რიგთანაც უჭირთ გამკლავება. რამდენიმე ისეთი საავადმყოფო ვიცი, სადაც ხშირად უწევთ ავადმყოფის მიღებაზე უარის თქმა, რადგან ადგილი არ აქვთ. რას ვჭამთ, რას ვსვამთ, კაცმა არ იცის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა ყოველ ფუხის ნაბიჯზე, მაგრამ ნორმალურ საჭმელს ვერ იყიდი", - ამბობს ლენა თორაძე და მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა რომ არა, გაცილებით უკეთესი ჯანმრთელობა გვექნებოდა", - დასძენს გამოცემა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"