საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 5 ივნისს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმში გამოფენა „ხალხი და ქუჩები - ბულგარეთი-საქართველო” გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა აერთიანებს ბულგარეთში დაბადებული ქართველი მხატვრების - ვერა ქიქოძის, მარინა მავროვასა და პავლა პლატონოვას ნამუშევრებს.
ღონისძიების ფარგლებში, აქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება თანამედროვე ბულგარელი რეჟისორის შტეფან კომანდარევის ფილმის ჩვენება „განკითხვა”, რომელსაც მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული ათენში, აშშ-ში, პარიზში, ტალინში, ჰაიფაში, ბულგარეთსა და სხვა. კინოჩვენება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით გაიმართება.
ექსპოზიცია „ხალხი და ქუჩები – ბულგარეთი-საქართველო” 2017 წლის 9 ივნისამდე გაგრძელდება.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სათავეს იღებს 1992 წლის 5 ივნისს, როდესაც ბულგარეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 2003 წელს კი გაიხსნა ბულგარეთის საელჩო საქართველოში.
ღონისძიების ორგანიზატორია ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „ხალხი და ქუჩები – ბულგარეთი-საქართველო”.