ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის შეფასებით, გამოტანილი განაჩენის ფონზე გ.ჯ.-სთვის დანიშნული სასჯელი არაადეკვატურია

ადვოკატის შეფასებით, გამოტანილი განაჩენის ფონზე გ.ჯ.-სთვის დანიშნული სასჯელი არაადეკვატური იყო. ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განაჩენის ამ ნაწილის გასაჩივრების გადაწყვეტილებას დაცვის მხარე განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებს.

"იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია და არგუმენტაცია და ჩათვალა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე, მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი საკმაოდ არაადეკვატურია. თუმცა, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ვნახოთ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, თუ როგორ დაასაბუთებს მოსამართლე აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ პოზიციას გავასაჩივრებთ თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

მან ასევე პროკურატურის მიერ ამ საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე ამით მის მიერვე დანგრეული საქმის "გაპრავებას" ცდილობს.

"ბრალდების მხარე ამით ცდილობს, მის მიერ დანგრეული საქმე "გააპრავოს" და უნდათ, რომ საზოგადოების მუხტი ჩაახშოს. ფაქტობრივად ეს არის ერთი ჩვეულებრივი ტრიუკი, რომელიც სავარაუდოდ ბრალდების მხარემ მოიფიქრა, რათა გააჩეროს საზოგადოება. თუ უცხოელი ექსპერტების მოწვევა უნდოდათ, რა უშლიდათ მათ ხელს მანამ, ვიდრე განაჩენი დადგებოდა, დაენგრეოდათ საქმე და სასამართლო დაადგენდა, რომ საქმე არის არასწორად გამოძიებული, მანამდე მოეწვიათ უცხოელი ექსპერტები. მით უმეტეს, რომ უამრავი მტკიცებულების გამოკვლევა მოხდა სასამართლოში, რომელიც არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, არამედ სხვა პირების დანაშაულზე მიუთითებდა", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადება, საქმეზე უცხოელი ექსპერტების და პროკურორების მოწვევის შესახებ იმის აღიარებაა, რომ ქართველმა პროკურორებმა ეს საქმე არ ან ვერ გამოიძიეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა