გიორგი კანდელაკი - პატრიარქის შესახებ ჩემი სახელით გავრცელებული გამოგონილი ინტერვიუ კლასიკური "ფეიქ ნიუსია"

„ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატი გიორგი კანდელაკი მისი სახელით თითქოსდა პატრიარქთან დაკავშირებით „ფეიქ ნიუსის“ გავრცელებას „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს. აღნიშნულს კანდელაკი სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც აღნიშნავს, რომ არც გერმანული მედიისთვის მიუცია მსგავსი ინტერვიუ და არც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“.

„მოკლედ კანცელარიის ტროლები მასიურად ავრცელებენ „ფეიქ ნიუსს“, სადაც მე თითქოს პატრიარქის გასამართლებას ვითხოვ. მეორე - არც ერთი გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ საერთოდ არ მიმიცია წლებია და ბოლოს - ბედად EPP-ს ყრილობაზე ჰელსინკიში თავად „ფეისბუქის“ წარმომადგენელი გავიცანი, ვინც „ფეიქ ნიუსებთან“ ბრძოლას ხელმძღვანელობს ჩვენს რეგიონში. „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია ადგენს ამ „ფეიქ ნიუსის“ გავრცელების მთელ ჯაჭვს და მოახდენს ყველა იმ ყალბი პროფილის დეაქტივაციას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ზოგადად, ამ საინფორმაციო ომში იყენებს. მე იმაზე მეცინება, რომ სხვადასხვა კონფერენციაზე „ოცნების“ წარმომადგენლები შეწუხებული სახეებით საუბრობენ ხოლმე, რა გმირულად ებრძვის მთავრობა დეზინფორმაციას და ამ დროს თავად ხარჯავენ (ჩვენს) ფულს მასზე. გასაგებია, რომ ეს ფხაკური „ქართულ ოცნებას“ ვერაფერს უშველის, მაგრამ ხალხის ფული რატომ უნდა იხარჯებოდეს ამ სისულელეზე, ეგაა გაუგებარი,“ - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კანდელაკი.

ინფორმაციისთვის, გიორგი კანდელაკის სახელით სოციალურ ქსელში „ფეიქ ნიუსი“, რომელშიც თითქოსდა ის პატრიარქს აკრიტიკებს და მის გამართლებას ითხოვს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ინფორმაციას თან ახლდა ფოტო „ინტერპრესნიუსის“ ლოგოს გამოსახულებით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს „ნიუსი“ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. „ინტერპრესნიუსი“ აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე არ განთავსებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო