ქართული პრესის მიმოხილვა 07.06.2019

ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე

ზელენსკის გადაწყვეტილება ქართველ მებრძოლებზე - “ქართული ლეგიონის” წევრები უკრაინის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ

***

ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე

“ვის ამზადებს ბიძინა ივანიშვილი მომავალ მთავარ პროკურორად მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძეს უზენაეს სასამართლოში აირჩევენ. მედიაში უკვე გავრცელდა ვარაუდი, რომ თადუმაძის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განიხილება და კეთდება შეფასებები, რომ ამით პროკურატურა ფაქტობრივად გიორგი გახარიას ზედამხედველობის ქვეშ გადავა და გახარიას გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე

"ნათია მეზვრიშვილის შესაძლო კანდიდატად დასახელებას შეფასებები უკვე მოჰყვა. მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის თანამდებობაზე მოძებნოს ნეიტრალური და დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლის მიმართ პოლიტიკური ნდობა იქნება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანდიდატს სწორედ ივანიშვილი შეარჩევს და მთავარი კრიტერიუმი მისადმი მორჩილება იქნება, როგორც ეს იყო წინა შემთხვევებშიც. „ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ერთი, შალვა თადუმაძე ჯერ უზენაესის მოსამართლედ არ დანიშნულა და მეორეც, ჯერ მთავარი პროკურორის სავარაუდო კანდიდატებიც არ დასახელებულა საჯაროდ, ამიტომ ამაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევი და სპეკულაციურია. საგულისხმოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144-კაციან სიაში არის მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, ასევე მისი მოადგილე მამუკა ვასაძეც. უვადო მოსამართლეების შერჩევა ამ ზაფხულს უნდა მოხდეს და შესაბამისად, როცა თადუმაძეს უზენაესში გადაინაცვლებს, ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის თანამდებობა ვაკანტური ხდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს გასაკონტროლებლად თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს შალვა თადუმაძეს, რომელიც ივანიშვილის ოჯახის ყოფილი ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია. მთავარ პროკურორად კი ახლა კიდევ ერთ ერთგულ ადამიანს ეძებს და ითქვა, რომ კანდიდატად განიხილება შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჯერ პროცესი არც დაწყებულა, ამიტომ სახელებსა და გვარებზე საუბარი მორიგი სპეკულაციაა. „მთავარი პროკურორის კანდიდატურა ჯერ საპროკურორო საბჭო უნდა შეარჩიოს და ამის შემდეგ წარუდგინოს პარლამენტს. ვიდრე ამ პროცედურას არ გავივლით, მანამ გაგვიჭირდება რამე კონკრეტული განცხადების გაკეთება. ჯერ საპროკურორო საბჭოს დაველოდოთ. რაც შეეხება ზოგად კრიტერიუმებს, ბუნებრივია, გენერალური პროკურორი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებლად უნდა ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს. "ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ისეთი გენერალური პროკურორის არჩევას, რომელიც ასეთი პრინციპით იმუშავებს... იმ ეტაპზე, როცა საერთოდ არც დაწყებულა პროცესი, ბუნებრივია, ძალიან ნაადრევია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ამას მე მორიგ სპეკულაციას დავარქმევდი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

"კობახიძის განცხადების მიუხედავად, რომ მოუკერძოებელ და დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს „ოცნება", ამის არც სამოქალაქო სექტორს სჯერა და არც ოპოზიციას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაურის თქმით, მთავარი პროკურორების არჩევა ხდება არა იმის მიხედვით, რამდენად დამოუკიდებელია არის პირი, არამედ იმის მიხედვით, რამდენად დაახლოებულია იგი ბიძინა ივანიშვილთან. „სულ თავიდან იყო ადამიანი, ფარცხალაძე, რომელსაც პრობლემები ჰქონდა მის კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებით, მას პირდაპირი კავშირები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. ამის შემდეგ გვყავდა პროკურორი, რომლის წარსულთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები არსებობდა. "დღეს ჩვენი მთავარი პროკურორი არის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი. ამიტომ, როდესაც ასეთ მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და როდესაც ვხედავთ, რომ მთავარი პროკურორების არჩევა ხდება არა იმის მიხედვით, რამდენად დამოუკიდებელია არის პირი, არამედ იმის მიხედვით, რამდენად დაახლოებულია იგი ბიძინა ივანიშვილთან და რამდენად ლოიალურად არის იგი განწყობილი მმართველი პარტიის მიმართ. ასეთ პირობებში პროკურატურის მიმართ ნდობა იქნება დაბალ," - ამბობს გიგაური და ხელისუფლებას მოუწოდებს მთავარ პროკურორად ნეიტრალური კანდიდატი მოძებნოს“, - დასძენს გამოცემა.

"ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მეზვრიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, ნებისმიერს ივანიშვილი მორჩილების ნიშნით შეარჩევს. „ნაცმოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე გამორიცხავს, რომ თადუმაძის შემცვლელად მეზვრიშვილი დაინიშნოს. „გენერალური პროკურორი იქნება ის ადამიანი, რომელიც არის გამოცდილი ივანიშვილის მიერ, ან პირადი მსახურებით, ან იმ დავალების შესრულებით, ძირითადად იმ შავ-ბნელი დავალებების შესრულებით, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში იგი ავალებდა პროკურატურის თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა მისი ინტერესების დაცვასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. არავითარი ასეთი რბილი კანდიდატურები, რომელსაც ახლა ასახელებთ, არ იქნება. გამორიცხულია, არც მეზვრიშვილი იქნება, შარშან კახიშვილს ასახელებდნენ და ა.შ, ამ სტილის ადამიანებს ივანიშვილი არ ენდობა. იქნება მორიგი თადუმაძე," - ამბობს გოცირიძე. „თავისუფალი დემოკრატების" წევრი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება გენერალური პროკურორი, რადგან გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იღებს. „დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნაზე ლაპარაკი ვერ იქნება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. კონკრეტულად ნათია მეზვრიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ დღეს გვაქვს მთავარი გამოწვევა და მთავარი პრობლემა საქართველოში, ეს არის ერთი კაცის არაფორმალური მმართველობა, ამ ერთ კაცს ხელისუფლების ყველა შტო უპყრია ხელთ. ამ ერთ კაცს გააჩნია დიდი ფულადი რესურსი. მას გააჩნია პოლიციური ძალაუფლება, ძალიან მაღალი ხარისხის. მას უნდა, რომ სამუდამოდ მისი მორჩილი მოსამართლეები გაამწესოს სასამართლოებში," - წერს სტატიის ავტორი.

ზელენსკის გადაწყვეტილება ქართველ მებრძოლებზე - “ქართული ლეგიონის” წევრები უკრაინის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ

"უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც ამარტივებს უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძვიან დონბასში. „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს კანონი მას და სხვა უცხოელ მებრძოლებს საშუალებას მისცემს ლეგალურად იყვნენ იმ ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობისთვის დონბასში ბევრი თანამებრძოლი დაიღუპა. „ეს კანონპროექტი 3 წელია არსებობს,მაგრამ პოროშენკოს შემთხვევაში ამ კანონის მიღება არ მოხდა. ზელენსკიმ კი, მოსვლისთანავე განაცხადა, რომ უცხოელი მოხალისეების ლეგალიზებას მოახდენდა და რამდენადაც ვიცი, კანონს ხელი უკვე მოაწერა კიდეც. "ეს კანონი ითვალისწინებს უცხოელი მებრძოლებისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებას ან ბინადრობის ნებართვას. ბევრ ადამიანს აქ არც სჭირდება მოქალაქეობა, თუმცა, ცხოვრების ნებართვა სჭირდება ყველას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ზელენსკის გადაწყვეტილება ქართველ მებრძოლებზე - “ქართული ლეგიონის” წევრები უკრაინის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ

"ეს მებრძოლებს ნორმალურად მიმოსვლის საშუალებას მისცემს, იმიტომ რომ, მებრძოლების 90% არალეგალებად ითვლებიან უკრაინაში შემოსვლიდან 3 თვის შემდეგ. "რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, აქ ყველას მოგვცეს სამხედრო ბილეთი, ვეტერანის მოწმობა, თუმცა, უკრაინიდან გასვლისას საზღვარზე ჯარიმას გვახდევინებდნენ იმის გამო, რომ ბინადრობის უფლება არ გვქონდა და ალაგელურად ვიმყოფებოდით ქვეყანაში. ეს კი ცინიკური იყო,"- აცხადებს მამულაშვილი. მისი თქმით, მაშინდელი პოლიტიკური ელიტა, უშუალოდ პეტრო პოროშენკო იყო წინააღმდეგი უცხოელი მებრძოლების ლეგალიზება მოეხდინა. „უამრავი ადამიანი ჩამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნიდან, მარტო „ქართულ ლეგიონში" იყო 30 ბრიტანელი, 40-მდე ამერიკელი და ა.შ. რატომ ქმნიდნენ პრობლემას, რომ ბინადრობის ნებართვა მიეცათ და არალეგალებად არ ვყოფილიყავით, არ ვიცი. საწინააღმდეგო საჯარო არგუმენტი არც მომისმენია."ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე, არაერთხელ მოგვიწყვია აქცია, რომ იმ ადამიანების ლეგალიზება მომხდარიყო, ვინც უკრაინას ეხმარებოდა. პასუხად გვეუბნებოდნენ, რომ კანონპროექტზე მუშაობდნენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პრობლემები ექმნებოდა ყველას, მეც არაერთხელ გადამიხდია ჯარიმა უკრაინიდან გასვლისას, როგორც არალეგალს. თავიდან 510 გრივნას ვიხდიდით, შემდეგ 5000-მდე გაზარდეს, რაც დაახლოებით 500 ლარია. "უკრაინაში დაბრუნების დროს კი საზღვარზე ჩვეულებრივად გვიშვებდნენ, რადგან გვქონდა კონტრაქტი უკრაინულ ჯართან. ამიტომ იყო ეს ყველაფერი აბსურდული და ცინიკურია. უკრაინაში უცხოელი მებრძოლებიდან ვისაც მიღებული აქვს ბინადრობის უფლება, იმას ან ცოლი ჰყავს მოყვანილი, ან ნათესავი ჰყავს,"- აღნიშნავს მამულაშვილი. მისი თქმით, კენჭისყრის დროს უკრაინის პარლამენტის წინ შეკრებილები იყვნენ უკრაინაში მყოფი უცხოელ მოხალისეთა რაზმების, ასევე „ნაციონალური კორპუსის" წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული ლეგიონის" წევრებიც და კანონის მიღებას სიხარულით შეხვდნენ. კანონპროექტი სახალხო დეპუტატის და ბატალიონ „აზოვის" ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი ბილეცკის ინიციატივით 2015 წელს მომზადდა და მისი მიღება მოხდა ახლა, 3 წლის შემდეგ. კანონი შეეხება „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილე უცხოელ და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას" და მას მხარი მეორე მოსმენით 230-მა დეპუტატმა დაუჭირა“, - განაგრძობს გამოცემა.

"კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ექსპერტების აზრით, იმ უცხოელების და მოქალაქეობის არ მქონე პირების რაოდენობა, რომლებიც „მხარს უჭერენ უკრაინას, როგორც მოხალისეები ან ვოლონტიორები", სამხედრო ოპერაციების დროს, ათასი ადამიანია. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ამ ადამიანების უკრაინაში ყოფნა კანონიერად იქნას აღიარებული და გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭების წესი, ან მიეცეთ ბინადრობის ნებართვა რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების განმავლობაში. გარდა ამისა, კანონი საშუალებას აძლევს უკრაინას, არ მოახდინოს ამ მოხალისეების გადაცემა იმ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას უჭერს მხარს. მამუკა მამულაშვილის თქმით, მიმოსვლის გარდა პრობლემა იყო ისიც, რომ უკრაინისთვის მებრძოლი რამდენიმე რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა და თუ ამ კანონით ეს აიკრძალება, დიდი მიღწევაა. „უკრაინაში თავიდან რა ბატალიონებიც შეიქმნა, ყველა მოხალისე იყო. მათ შორის იყო უკრაინული ბატალიონი "აზოვიც", სადაც უცხოელი მოხალისეებიც გაწევრიანდნენ და იყო ჩვენი „ქართული ლეგიონიც", სადაც უკრაინაში ჩამოსული უცხოელების 90% იყო გაწევრიანებული“, - დასძენს გამოცემა.

"პარალელურად, რუსეთმა დაიწყო სს საქმეების აღძვრა რუსეთის ყველა იმ მოქალაქეზე, ვინც უკრაინის მხარეს იბრძოდა და ინტერპოლის საშუალებით გადაცემა მოითხოვა. რამდენიმე ჩეჩენი გადასცეს კიდეც რუსეთს, რაც უკრაინის ძალიან დიდი შეცდომა იყო. თუ არსებობს მუხლი, რომ გადაცემა არ უნდა მოხდეს, ეს ძალიან დიდი პლუსია,"- ამბობს მამულაშვილი. ქართველ მოხალისეთა დანაყოფი, „ქართული ლეგიონი", უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში 2014 წლიდან მონაწილეობს. 2015 წლის თებერვალში უკრაინის მაშინდელმა პატრიარქმა ფილარეტმა დააჯილდოვა „ქართული ლეგიონის" 29 მებრძოლი, მათ შორის, ორი - სიკვდილის შემდეგ, „უკრაინის სიყვარულისა და მისთვის თავშეწირვისათვის". 2018 წელს უკრაინაში „ქართულ ლეგიონის" დისკრედიტაციის დიდი კამპანია დაიწყო, მას შემდეგ, რაც პორშენკო-სააკაშვილს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. უკრაინაში მიიჩნეოდა, რომ „ქართული ლეგიონი" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს წარმოადგენდა, რის გამოც მოხალისეები უკრაინული არმიის 54-მე ბრიგადიდან გაუშვეს. მამუკა მამულაშვილის თქმით, ბოლოდრონდელი დისკრედიცატიის შემდეგ "ქართული ლეგიონის" წევრები შეერთებულები იყვნენ დიდი მოხალისეთა ბატალიონთან - "მემარჯვენე სექტორთან", ახლა კი თავდაცვის სამინისტროს რიგებში უკან დაბრუნება დაიწყო. „იმის შემდეგ, რაც ახალმა პრეზიდენტმა გადააყენა თავდაცვის მინისტრის და გენერალური შტაბის უფროსი რაც გადადგა, გენერალური შტაბი თვითონ დაგვიკავშირდა, გვთხოვა რომელიმე ბრიგადაში გაწევრიანება და ახლა სწორედ გაწევრიანების პროცესში ვართ,"- დასძენს მამულაშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა