განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ში დარეგისტრირდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება“ პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირება მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პარლამენტის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომამდგენლები.

2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა (https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59). EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.

EQAR-ი ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.

ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები გამოქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის და ცნობადობის ამაღლებას. შესაბამისად, გაიზრდება უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ისწავლონ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა მიიღონ ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება.

ცენტრის ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს ერთი მხრივ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორს, მეორე მხრივ კი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის "უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა" (Modernisation Agenda for Higher Education) და ბოლონიის პროცესთან. ამასთან, ცენტრის ENQA-სა და EQAR-ის წევრობა კიდევ უფრო ზრდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სანდოობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მომდევნო წლებში ცენტრი აქტიურად იმუშავებს ENQA-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც ENQA-სა და EQAR-ის წევრობასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებას, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა