ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს დევიდ კრამერთან 2010 წელს გადაღებული ფოტო წარუდგინა და განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მას ძალიან კარგად იცნობს

ბატონი კრამერი არის მატყუარა და ძალიან ცუდია, როცა ის თავს უფლებას აძლევს, ხელით შეეხოს საქართველოს მოქალაქეს ჩემი სახით, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო კონფერენციაზე now what? მასსა და პანელის წამყვანს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს დევიდ კრემერს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს.

ინაშვილმა ბრიფინგზე კრამერთან, 2010 წელს, ვაშინგტონში, მის ოფისში გადაღებული ფოტოც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ კრამერი მას ძალიან კარგად იცნობს.

ამასთან, ინაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმოამდგენლების მხრიდან გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებული დუმილი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში მთავრობა საკუთარი მოქალაქეების უფლებებს ვერ იცავს.

„დღეს, მთელი დღის მანძილზე ველოდებოდი, რომ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით რეაქცია ექნებოდათ პარლამენტიდან ჩემს კოლეგებს, ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს - იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ არის სრული დუმილი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს და საქართველოს მთავრობას არ აქვს ღირსების გრძნობა. მინდა გავაკეთო მოკლე განმარტებები და დავიწყო ბატონი კრამერის დიდი ტყუილიდან, თითქოს ის მე არ მიცნობდა, და წარმოგიდგინოთ ფოტო, სადაც მე და კრამერი ერთმანეთს ვიცნობთ ჯერ კიდევ 2010 წლიდან. ეს ფოტო გადაღებულია ვაშინგტონში, მის ოფისში. ჩვენ შევხვდით მას ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა საქართველოში. თუმცა, ეს იყო ძალიან მძიმე შეხვედრა და მაშინვე ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ბატონი კრამერი იყო სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის ძალიან აქტიური მხარდამჭერი, თუმცა ის, რომ კრამერი მე არ მიცნობდა, არის ძალიან დიდი ტყული. კრამერი ძალიან კარგად მიცნობდა. დასკვნა არის მარტივი, კრამერი არის მატყუარა და გარდა იმისა, რომ მატყუარაა, არის თავხედი და უზრდელი ადამიანი. ძალიან ცუდია, როცა ბატონი კრამერი თავს უფლებას აძლევს ხელით შეეხოს საქართველოს მოქალაქეს ჩემი სახით“, - განაცხადა ინაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ის კონფერენციაზე მივიდა იმისთვის, რათა „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ ობიექტური ინფორმაცია გაეჟღერებინა და კონფერენციის ჩაშლა არ ჰქონია განზრახული.

„მე ამ კონფერენციაზე მივედი მარტო და არავითარი ჩაშლა ამ კონფერენციის არ მქონდა განზრახული. კონფერენციის ჩაშლა რომ ყოფილიყო ჩემი მიზანი, მოგეხსენებათ ჩვენს პარტიას მრავალი ათასი მხარდამჭერი ჰყავს და მე ამ 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი და საერთოდ გადაიკეტებოდა მოძრაობა იმ ტერიტორიაზე. მე ამ კონფერენციაზე მივედი იმისთვის, რომ ჩვენი საერთშორისო პარტნიორებისთვის მიმეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია ჩვენთან დაკავშირებით. საერთოდ, ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი ტიპის კონფერენციები ტარდება ცალმხრივად, მიკერძოებულად და არ გაქვს საშუალება პასუხი გასცე ოპონენტს. ამ შემთხვევაში, პასუხი გასცე ბოკერიას, რომელმაც გაჟღინთა ჩვენთან მიმართებაში ტყუილით და ცილისწამებით ის დარბაზი“, - განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What? „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას მოჰყვა. პანელის წამყვანმა დევიდ კრემერმა ინაშვილს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ამავეს ითხოვდნენ ინაშვილისგან კონფერენციის ორგანიზატორებიც. ამასთან, კრამერი აცხადებდა, რომ მან არ იცოდა ირმა ინაშვილის ვინაობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა