ილია მეორე - ღვთის წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, “ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ”.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო ჩვენ მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით ჩვენ? ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამ შემთხვევეში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს, მაგრამ "ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გადაიქცა სიხარულად".

მისი თქმით, სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული.

„შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს არის. მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გადაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი. ვერავინ ახსნის როგორ გავუძელით ამდენ განსაცდელს, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ჩვენ რომ ვამბობთ „ჩვენთან არს ღმერთი“ - ეს ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენთან არს ღმერთი,“ - ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლინა.

სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

სვეტიცხოვლობა უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის