ჯიღაურას სამეცნიერო კვლევით ცენტრში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ტური გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - ქართული დიპლომატიის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წელს საგარეო უწყებამ პროფესიული დღესასწაული ჯიღაურას სამეცნიერო კვლევით ცენტრში აღნიშნა, სადაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის „დიპლომატიური ტური“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრის უნიკალურობასა და საქართველოში ვაზის კულტურის გადარჩენის, შენარჩუნებისა და განვითარებისთვის მის მნიშვნელობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კოლეგებს მიულოცა პროფესიული დღესასწაული და ხაზი გაუსვა დიპლომატის და დიპლომატიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.

ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში 2019 წლის განმავლობაში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის ქართველ დიპლომატებს, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მინისტრის განცხადებით, უკვე ინიცირებულია და ახლო მომავალში დაწესდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პროფესიული ჯილდო.

„დიპლომატიური ტურის“ ფარგლებში უცხოელი დიპლომატებისთვის მოეწყო ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში შემეცნებითი საინფორმაციო ტური. ღონისძიების კულტურულ ნაწილში დიპლომატები სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩაერთნენ და მონაწილეობა მიიღეს როგორც მოსავლის აღების, ისე მისი შემდგომი დამუშავების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატის დღე საქართველოში 2004 წლიდან, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწესდა და იგი ყოველ წელს 3 ნოემბერს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჯიღაურა, სადაც მიმდინარე წელს დიპლომატის დღე აღინიშნა, 2007 წელს ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო-ქართუ“-ს მიერ საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 2014 წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურას სადემონსტრაციო მეურნეობა სახელმწიფოს გადასცა, რომლის ბაზაზეც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა.

მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 450 ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა