ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”

სამიტი და “ტვინის სიკვდილი” - რა შეიცვლება ნატო-ში ორი კვირის შემდეგ და რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის

რომან გოცირიძე - “ახლა “ოცნება” თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”

“გადაჭარბებული მგონია შეფასება, რომ რაც მოხდა, რუსული პროექტია - ჩემი აზრით, ფიქრობენ, რომ ეს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენაში შეუწყობს ხელს, რაშიც ცდებიან. ისე დაეცა “ქართული ოცნების” რეიტინგი, რომ ამ პროცესებს უფრო საღად შევხედავდი. როგორი საარჩევნო სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება. მეტიც - დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ვფიქრობ, მწარედ დამარცხდებიან. ეს ცუდია, რადგან შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” შემოგვიბრუნდეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რევანშის ძლიერი ტალღა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი” / “უკვე ვეღარ გამოვრიცხავთ, რომ ეს უმრავლესობა მთლად დაიშალოს და ახალი უმრავლესობა შეიქმნას. არ ვიცი, ესმით თუ არა “ქართულ ოცნებაში”, რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები”.

“ვფიქრობ, თავისი გადაწყვეტილებით საზოგადოების ღირსების შელახვის სახიფათო ზღვარს გადააბიჯეს. ხომ იჩემებენ ეს მაჟორიტარი დეპუტატები, რომ მათი წინააღმდეგობის შედეგია ყველაფერი. მაინტერესებს, არ უნდათ ამ საზოგადოებაში არსებობა, ქუჩაში გასვლა, ადამიანებთან შეხვედრა?! გაითვალისწინონ, რომ ქართველი საზოგადოება ძალიან ემოციურია და შეიძლება სადმე ტუჩ-კბილიც დაულეწონ... კრიტიკას ვერ უძლებს მთელი სადეპუტატო კორპუსი. ბევრია ისეთი, რომლის გვარ-სახელიც კი არ ვიცოდით და ახლა ამბოხებულებად მოგვევლინენ... ვიღაცას უნდა, რომ ამ გაუთავებელი რყევებით ქვეყანა საბოლოოდ გადაჩეხოს ქაოსისა და სამოქალაქო არეულობის უფსკრულში. ნამდვილად ჩანს საფრთხე, რომ ჩვენში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს, მაგრამ ახსოვდეს ყველას, რომ ასეთ ვითარებაში არც ჩვენი საზოგადოება და არც საერთაშორისო პარტნიორები გულხელდაკრეფილი არ ისხდებიან. ისინი ახლაც დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც თავის დროზე დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივის ძებნა და არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან კარგად დააფინანსონ ზოგი პარტია. როგორც ვიცი, ამგვარი კონსულტაციები აშშ-ის საელჩოში უკვე მიმდინარეობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე

“სამწუხაროდ, თუ მოვლენების ჯაჭვს გადავავლებთ თვალს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ "მაჟორიტართა აჯანყებამ" ნამდვილად რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი. არა მგონია, რომ ეს წინასწარგანზრახვა იყო, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა... ეს უფრო უჭკუო თვითგადარჩენის პროექტია. ნატოს სამიტია უახლოეს მომავალში და ამ ყველაფრის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვინ იცის... სამწუხაროა, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის ყველაფერს თმობენ. ამის მაგალითია უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრების დანიშვნის პროცედურები. როგორც ამბობენ, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი - თავისაზე, ჩვენში კი საერთოდ არაფერს სწავლობენ... ეს კრიზისი ქვეყანას ძალიან აზიანებს, ეკონომიკურ ვითარებასაც უფრო ამძიმებს. ამ ყველაფერს პრიმიტიული აზროვნების ნიშნებს ვატყობ. იმედი მაქვს, გააანალიზებენ ვითარებას და დათმობაზე დროულად წავლენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ქართული ოცნების” ფუყე სტრუქტურაში ძალიან ძლიერია არაფორმალური ლიდერების გავლენა და ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობ. არ დავასახელებ გვარ-სახელებს, ისედაც იცის ყველამ, მაგრამ ამ ყველაფერში ასეთი ადამიანების როლს რომ არ განიხილავენ, ძალიან ცდებიან. არ ვიცი, გაექცა ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავეები, თუ ჩათვალა, რომ მათი მოსაზრებები სწორია და სხვას აღარავის უსმენს. ფაქტია, რომ მათი - ამ იატაკქვეშა ლიდერების ზეგავლენა ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ამიტომაც არის ”ქართული ოცნების” პოლიტიკა ასეთი ეკლექტიკური. ჯერ თითქოს საღ აზრს მიჰყვებიან, მაგრამ უცებ მთავარი ხდება რეტროგრადების - კომუნისტური წარსულის მქონეთა შთამომავლების აზრი. აქამდე პარტიის შიგნით მიმდინარეობდა ბრძოლა ნოვატორულ და რეტროგრადულ იდეებს შორის. სამწუხაროდ, რეტროგრადებმა გაიმარჯვეს. ახლა, როცა ლამის ყველა მოაზროვნე ადამიანმა დატოვა უმრავლესობა, არ ვიცი, რა იქნება. უკვე ვეღარ გამოვრიცხავთ, რომ ეს უმრავლესობა მთლად დაიშალოს და ახალი უმრავლესობა შეიქმნას”, - მიიჩნევს ექპერტი.

“არ ვიცი, ესმით თუ არა `ქართულ ოცნებაში", რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები. გავრილოვის სკანდალის შემდეგ, ბოლოს მაინც გადადგა ირაკლი კობახიძე, მაგრამ 24 საათით ადრე რომ გადამდგარიყო, არც აქციის დარბევა იქნებოდა და არც ეს ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ქმედებას დროის შესაფერის მონაკვეთში. რაც მეტად გააჭიანურებენ ამ პროცესს, მათთვის უარესი იქნება... ოპოზიციის მოთხოვნები, ალბათ, უფრო იმაზეა გათვლილი, რომ ნაწილი მაინც დაკმაყოფილდეს. მთავრობის გადადგომა წარმოუდგენელი მგონია. ჩემთვის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა ყველაზე მისაღებია. ასეთ შემთხვევაში კბილის ტექნიკოსი მაინც აღარ გვეყოლება ჯანდაცვის მინისტრად, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა აკეთოს... თუმცა ახლა ამას “ქართული ოცნება” ნამდვილად არ დასთანხმდება. ვადამდელი არჩევნების აზრსაც ვერ ვხედავ - რა დიდი მნიშვნელობა აქვს, არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება თუ შემოდგომაზე?! მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს იქით, რომ შეთანხმდნენ მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე, ან გაიზიაროს ხელისუფლებამ ე.წ. გერმანული მოდელის იდეა”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩვენში ხშირად ჰგონიათ, რომ კორპორაციისა და სახელმწიფოს მართვა ერთი და იგივეა, რაც ასე არ არის. ქმედებები უნდა იყოს არა მხოლოდ რაციონალური, არამედ სოციალურად მნიშვნელოვანი. ზოგჯერ შეიძლება ეს რაციონალური სულაც არ იყოს. თუნდაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯი ვახსენოთ, რომელიც კვლავაც ცხინვალის იზოლატორშია. მას რომ რაციონალურად ეფიქრა, აღიარებდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, გადაიხდიდა 40 დოლარს და წავიდოდა სახლში, მაგრამ ის მოიქცა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩაიდინა გმირობა. შეიძლება ამის გასაკეთებლად ვაჟკაცობა სხვასაც ჰყოფნოდა, მაგრამ ეს იდეა თავში არ მოუვიდა... მან გააკეთა არაჩვეულებრივი რამ! საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საერთაშორისო სამართლით დამტკიცებულ საქართველოს საზღვრებს. ყველა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქე გადაადგილდებოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. მან თავისი ნაბიჯით აჩვენა არა მხოლოდ რუსეთის ოკუპაციის სიმახინჯე, არამედ საქართველოს რიგითი მოქალაქის მორალური პასუხსიმგებლობა და უპირატესობა... ვაჟა გაფრინდაშვილმა - ერთმა ადამიანმა - მსოფლიოს აჩვენა ოკუპანტსა და მის მარიონეტებზე საქართველოს მორალური უპირატესობა. ეს გმირული საქციელია! დიახ, ქვეყნის მართვასაც სჭირდება სოციალური მნიშვნელობის ნაბიჯები...”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხელისუფლება რეალურად აღიქვამს შექმნილ ვითარებას, როდესაც კვლავაც ყველაფერს "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს?” - პასუხობს:

“ცდილობენ, შავი თეთრად წარმოაჩინონ და პირიქით, რაც არ გამოვა - იდიოტები არ ვართ. ახლა, როცა აბსოლუტურად გაუგებრად, აუხსნელად, საკუთარი ნებით შეიყვანეს საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რაც არავის უნდა ეპატიებოდეს, ამის “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადაბრალება ძალიან მიამიტურად ჟღერს. მერკანტილური მიზნების მისაღწევად სწირავენ სამშობლოს. ყველა ხელისუფლების დასასრული იწყებოდა მაშინ, როდესაც კარგავდნენ რეალობის შეგრძნებას. რატომღაც ძალაუფლებისკენ ლტოლვა ლამის პირად უსაფრთხოებას ურჩევნიათ. რად უღირს ამ მილიარდერ ადამიანს ამდენი ლანძღვა-გინება?! ბევრი რამ გააკეთა, ქველმოქმედება გასწია, მაგრამ ეს დავიწყებას მიეცემა, თუ ასე გააგრძელა... შევარდნაძემაც ბევრი რამ გააკეთა, მიშამაც, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც რჩება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, დაუოკებელი ლტოლვა ძალაუფლებისკენ. “რაც შეეხება ოპოზიციის მიერ სამოქმედო გეგმად პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო შენობების პიკეტირება და ბლოკირების გამოცხადებს, სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ ახერხებს ბრძოლის ახალი მეთოდების მოფიქრებას. ისევ კარგად დავიწყებულ ძველ და წარუმატებელ ხერხებს იყენებენ. ეს იქნება, ალბათ, არეულობის მიზეზი, პატარ-პატარა დაპირისპირებების საფუძველი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ვიცი ერთი რამ - როცა მოდის ცვლილებების დრო, ეს ცვლილებები ხორციელდება! არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სისტემა იქნება - მაჟორიტარული, პროპორციული თუ ა.შ. ასე შეიცვალა 2012 წელს ხელისუფლება, ასე შეიცვლება 2020 წელსაც... ზედმეტი ბარიერების შექმნა უარეს დღეში ჩააგდებს “ქართულ ოცნებას” - ის შეიძლება “მოქალაქეთა კავშირივით” მოისპოს”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

სამიტი და “ტვინის სიკვდილი” - რა შეიცვლება ნატო-ში ორი კვირის შემდეგ და რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის

“ლონდონში, 2-4 დეკემბერს ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება და შესაძლოა სწორედ ორ კვირაში გაირკვეს, თუ რა ბედი ელის ალიანსს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ “ნატო ტვინი სიკვდილს განიცდის”, დასავლეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკრონის მოსაზრებას არ იზიარებენ. მერკელის თქმით, საჭირო არ არის ნატო-ზე ასეთი შეტევა და ალიანსს შეუცვლელს უწოდებს. ხოლო სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი კვლავაც ძლიერია, აშშ და ევროპა კი, განაგრძობენ ერთობლივი ძალისხმევით კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებას. ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის საკმაოდ არაერთგვაროვანი განცხადებები იძლევა მაკრონის მხრიდან შეშფოთების საფუძველს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უფრო მეტად უნდა დაასაბუთოს ის ერთგვარი ბრალდება, რომელსაც დონალდ ტრამპს უყენებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სამიტი და “ტვინის სიკვდილი” - რა შეიცვლება ნატო-ში ორი კვირის შემდეგ და რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის

“საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, აღარ დაეყრდნონ შეერთებულ შტატებს, რომ აშშ ნატო-ს მოკავშირეებს დაიცავს. გამოცემა “ეკონომისტთან” ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ევროპას სცილდება და ბებერი კონტინენტი ამჟამად უფსკრულის პირასაა. სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებებს ემანუელ მაკრონი მწვავედ აკრიტიკებს. მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთი და სხვა ქვეყნები იმედგაცრუებულები არიან საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. თუმცა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თურქეთის გარდა, კიდევ რომელი ქვეყნები არიან იმედგაცრუებული. თეთრ სახლში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი მაკრონის განცხადებას მიუღებელი უწოდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი ლონდონის სამიტამდე ერთმანეთთან შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ისაუბრა. ემანუელ მაკრონი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ირანისა და სირიის საკითხები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის პოზიცია. თუ აშშ-ს პრეზიდენტი გააგრძელებს ორაზროვანი განცხადებების გაკეთებას, მაშინ გამოდის, რომ მაკრონი მართალია. ამიტომ, მინიმუმ რაც უნდა მოხდეს, აშშ-ს პრეზიდენტმა ორაზროვანი განცხადებები შეწყვიტოს, რომელიც ყველას აშინებს - რომ არ იციან რამდენად დაემხარებიან მოკავშირეს თუ თავს დაესხმებიან. ეს განცხადებები მაკრონს უბიძგებს თქვას, რომ “ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის”, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე. ნიკა ჩიტაძის თქმით, ემანუელ მაკრონი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ევროპაში აშშ-ის გეოპოლიტიკური გავლენების გაძლიერებისა... “საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას კონკრეტული დასაბუთება სჭირდება. საინტერესოა ისიც, რომ სამიტამდე მაკრონისა და ტრამპის შეხვედრა იგეგმება. ალბათ ბევრ პრობლემასთან დაკავშირებით იქნება საუბარი. საფრანგეთი ყოველთვის იყო ინიციატორი იმისა, რომ გარკვეულწილად უფრო აქტიური როლი შეესრულებინა ევროპის უსაფრთხოების საქმეში. საფრანგეთი ყოველთვის უძალიანდებოდა აშშ-ს გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ევროპაში”, - ამბობს ჩიტაძე. რაც შეეხება საქართველოს და ალიანსში მისი მიღების პერსპექტივებს, შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს გაწევრიანება ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში და რეალურად რომ ვთქვათ, არ ვიცით როდის დადგება, ჯერჯერობით აბსოლუტურად გაურკვეველია. ჩვენთვის კარგი იქნება თუნდაც ის, რომ ნატო შენარჩუნდეს, არ დასუსტდეს და იყოს ძლიერი, რომ ოდესღაც, თუ დრო დადგება, მიგვიღონ ნატო-ში,” - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ნატო-ს მორიგ სამიტზე საქართველოს ალიანსში მიღების სამოქმედო გეგმა არ იქნება განხილული. იგი მიიჩნევს, რომ მომავალში აშშ-სა და ნატო-ს შორის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საქართველო უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, თანაც, ამერიკულ მხარესთან საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე მოლაპარაკებები უნდა გამართოს”, - დასძენს გამოცემა.

“არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველო მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ეს საკითხი იქნება განხილული, ასევე ნატო-ს გააქტიურების თემა შავი ზღვის რეგიონში. არ იქნება განხილული საკითხი - საქართველოს მიღება ნატო-ში მე-5 მუხლის გათვალისწინებს გარეშე. თუ ნატო-ს ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის პრობლემები მომავალში იარსებებს, მგონია, რომ საქართველო უნდა გააქტიურდეს და აშშ-სთან მოლაპარაკება გამართოს, თუნდაც აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებაზე, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

რომან გოცირიძე - “ახლა “ოცნება” თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა”

“ივანიშვილმა მოატყუა ყველა, ვისი მოტყუებაც შეიძლებოდა. უკიდურესი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა. ფაქტობრივად, დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა, გადადგა საგარეო ურთიერთობის სამი კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერიც. ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი დაგეგმა თავისი ყურმოჭრილი მსახურების, მაგალითად, “ქართუში” მომუშავე ვინმე დაჩი ბერაიასა და თავისი პირადი ექიმის, დიმიტრი ხუნდაძის დახმარებით”, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა “ოცნება” თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა” / “ყველა ერთის წინააღმდეგ _ ასე გადაწყდა პარტიების გაერთიანებულ შეკრებაზე”.

“ის გამოცდილი თაღლითია და ალბათ, ეგონა, რომ ამ ვითარებიდანაც ადვილად გამოძვრებოდა, მაგრამ ეს არის ხალხის უკანასკნელი “გადაგდება”. შვიდი წლის განმავლობაში ბევრი მოატყუა და გასაკვირია, აქამდე როგორ მოვიდა. კრიზისული სიტუაციის დასაძლევად, შემოაგდო პროპორციული არჩევნები და ამით განმუხტა ვითარება, რომელიც გავრილოვის ღამეს მოჰყვა. ამით მოატყუა ის ხალხი, ვინც სამართლიანად ითხოვდა გახარიას დასჯას... ამჯერად შედეგი იქნება უმძაფრესი, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ივანიშვილის რეპუტაცია ნულამდე დაეცა. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეიცვლება მისი ხელისუფლება. არავითარი რესურსი მას აღარ აქვს და საზოგადოების ნდობას ვეღარ მოიპოვებს. ვინც წერა-კითხვა იცოდა, “ოცნებიდან” ყველა წამოვიდა. ივანიშვილი დარჩა იმ ადამიანების ამარა, რომლებიც კომუნისტების დროს, დიდი-დიდი, ბრიგადირებად თუ გამოდგებოდნენ. დღეს ივანიშვილს არ ჰყავს მოკავშირე. ყველა პარტია, მათ შორის, მისი სატელიტებიც, პრორუსული თუ პროდასავლური - ყველა დაუპირისპირდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

“ოპოზიცია გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო. ივანიშვილი საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, კეთროვანი გახდა. ზურგი აქცია ყველა ძალამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მისი პარტიის დასავლური ორიენტაციის წევრებმა, რომლებიც პარტიის პოზიტიურ სახეს ქმნიდნენ. “გავრილოვის ღამის” შემდეგ ეს მთავრობა ისედაც არ იყო ღირსი ქვეყანა ემართა. ხალხი გახარიას გადადგომას ითხოვდა და ის პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა. ეს მთავრობა უნდა გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას მართავს არჩევნების გამოცხადებიდან დამთავრებამდე, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. თუ იქნება საზოგადოების დიდი პროტესტი, ივანიშვილს აქვს კონსტიტუციური შანსი, ვადებში ჩაეტიოს და პროპორციულ სისტემას ხელახლა უყარონ კენჭი,­ თუმცა ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს და ამის შანსი მინიმალურია. მეორე ალტერნატივა ვადამდელი არჩევნებია, თუმცა, სამწუხაროდ, ძველი სისტემით. მიუხედავად ამისა, თუ საზოგადოების პროტესტი ძალიან დიდი იქნება, ივანიშვილი არჩევნების მოგებას მაინც ვერ შეძლებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“30-მდე პარტია გაერთიანდა, დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია. ყველა შეთანხმდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს, ეს კი რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს. მიტინგები იქნება რეგიონებშიც, დიპლომატიურ კორპუსსაც მივაწვდით ინფორმაციას და ყველა ხერხს გამოვიყენებთ... როცა პარლამენტი შეიქმნება, იქ იქნება კოალიცია და გაირკვევა, ვინ ვისთან დაჯგუფდება. ახლა მთავარი ამოცანა ქვეყნის დამაქცევლის მოშორებაა. ყველა ერთის წინააღმდეგ - ასე გადაწყდა პარტიების გაერთიანებულ შეკრებაზე. თავის დროზე ასეთი ლოზუნგი იყო “ნაციონალების” წინააღმდეგაც და ამან გაამართლა - “ნაცმოძრაობამ” წააგო არჩევნები, მაგრამ ამაში დიდი როლი ითამაშეს რუსეთის სპეცსამსახურებმაც - მათ დადგეს ციხის კადრები და ქვევრში ჩაახრჩვეს ბავშვი. რაფალიანცის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აქამდე ივანიშვილს მაინც ენდობოდნენ, რადგან კარგად ატყუებდა მოსახლეობას. შვიდი წელი გავიდა და ყველამ დაინახა, რომ რაც არ გაუკეთებია გუშინ, არც ხვალ-ზეგ გააკეთებს... 15-მდე ადამიანმა დატოვა პარტია. ახლა პარტია თავისი ინტელექტუალური შემადგენლობით სოფლის საკრებულოს დაემსგავსა. ეს სერიოზული პოლიტიკური და მორალური ზიანია. ივანიშვილმა მანამდეც არაერთი შეცდომა დაუშვა - ის გახარიასთან ერთად პატრიარქის გადაყენებას და პატრიარქად თავისი კადრის დასმას აპირებდა. ამ საკითხზე ვითხოვთ პარლამენტში საგამოძიებო კომიტეტის შექმნას და თუ ეს მთავრობა არა, მომავალი მთავრობა აუცილებლად გამოიძიებს”, - დასძენს გოცირიძე და შეკითხვაზე - “ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები ივანიშვილს აძლევს ხელს...” - პასუხობს:

“ბევრი ფიქრობს, რომ ეს მისთვის შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი იყოს. ერთი წლის შემდეგ არჩევნები უკეთ გამოავლენს მის უსუსურობას. შარშან ამ დროს ხალხს ეხვეწებოდა, ბოლო შანსი მომეცით, ნახეთ, ქვეყანას როგორ ავაყვავებო. ერთი წელი გავიდა და ქვეყანა უფრო დაიქცა. კარგად დავინახეთ, რომ ივანიშვილი სახიფათოა და განიცდის რუსეთის გავლენას, რის გამოც ანაკლიის პროექტი ჩაშალა”.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში