ლაშა ტუღუში - რას ვეუბნებით ჩვენი პრეზიდენტის პირით თეთრ სახლს, რომ გააჩუმოს ცუკერბერგი? რომ კომპანიის ხელმძღვანელებს პირში ცხელი კარტოფილი ჩაუდონ?

ეს არის შანტაჟი, რას ეუბნება თეთრ სახლს, რომ გააჩუმოს ცუკერბერგი? რომ კომპანიის ხელმძღვანელებს პირში ცხელი კარტოფილი ჩაუდონ?- ასე ეხმიანება რადიო „პალიტრასთან“ მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას დასავლელი პარტნიორების „დაუბალანსებელ კრიტიკასთან“ დაკავშირებით.

ლაშა ტუღუშის განცხადებით, პრეზიდენტის პირით ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს ეუბნება, რომ Facebook, The Wall Street journal, The New York Times, დიპლომატები, კერძო ინსტიტუტები, ექსპერტები დაუბალანსებელ კრიტიკას მიმართავენ და ამან ქვეყანა შეიძლება პრორუსული გახადოს.

„ეს არის შანტაჟი, ეს არის ძალიან არასერიოზული მიდგომა, იმიტომ რომ ქალბატონ პრეზიდენტს აქვს დიპლომატიური გამოცდილება. დაუბალანსებელ კრიტიკაში, თუ გულისხმობს იმას, რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კერძო კომპანიამ, რომლის ბიუჯეტი ნახევარი მსოფლიოს ბიუჯეტზე მეტია, Facebook-მა გითხრა და გაგიუქმა გვერდები და გითხრა, რომ სამარცხვინოდ იქცევი, მოგონილი ადამიანებით უტევ ვიღაცებს, ხარჯავ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფულს და ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევი. ეს კრიტიკაა და რას ვეუბნებით ჩვენი პრეზიდენტის პირით, რას ეუბნება თეთრ სახლს, რომ გააჩუმოს ცუკერბერგი? რომ კომპანიის ხელმძღვანელებს პირში ცხელი კარტოფილი ჩაუდონ? რას ნიშნავს დაუბალანსებელი კრიტიკა? თუ ჩვენი პრეზიდენტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაზეთს The Wall Street journal-ს ეუბნება, რომელიც არის მონსტრი გაზეთი და იქ წერს რედაქტორების საბჭო, ვიღაც ჟურნალისტმა კი არ დაწერა და შეკვეთილი სტატია კი არ არის, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაკრიტიკებს ძალიან მძაფრად და კიდე დიპლომატები, ანალიტიკური ორგანიზაციები შენზე რაღაც საშინელებებს ამბობენ და რას ეუბნება ჩვენი სახელმწიფოს მეთაური? გაჩუმდით, თორემ ჩვენ აღარ ვიქნებით პროდასავლურები. არა, მე კი არ მინდა, ასე ამბობს, მაგრამ ხალხი აღშფოთდება. Facebook არ არის დაბალანსებული, The Wallstreet journal, The New York Times, დიპლომატები, კერძო ინსტიტუტები, ექსპერტები არ არიან დაბალანსებული და თქვენ თუ არ გაჩუმდებით, მე გავხდები პრორუსული- აი ამაზეა საუბარი,“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის უცხოელ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ თუ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდება განცდა დასავლეთის მხრიდან დაუბალანსებელ კრიტიკაზე, ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ორიენტაციაზე, რაც არ უნდა დავუშვათ.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემის “თავისუფალი ხედვა” წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად ეთანხმება პრეზიდენტი შეფასებას, რომ უცხოელი პარტნიორების კრიტიკა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გარკვეულ შემთხვევებში იქ ჩასული არასწორი ინფორმაციის შედეგია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა