ქართული პრესის მიმოხილვა 03.02.2020

სანდრო თვალჭრელიძე - “გამოსავალს ვერ ვხედავ... ჩემთვისაც კი ვერ ვხედავ ძალას, რომელსაც მივცემდი ხმას არჩევნებზე”

ვახტანგ ხმალაძე - ივანიშვილმა პროდასავლელი პოლიტიკოსების უკანა პლანზე გადაწევა 2015 წლის შემდეგ დაიწყო

გიორგი გობრონიძე - “თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ“

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “გამოსავალს ვერ ვხედავ... ჩემთვისაც კი ვერ ვხედავ ძალას, რომელსაც მივცემდი ხმას არჩევნებზე”

“როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორები ბოლო დროს განსაკუთრებულად კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან, რაც საქართველოს გარშემო ნამდვილად ქმნის დაძაბულობას. ჩემი აზრით, ამას ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - არსებობს საფრთხე, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ორ ვადაზე დიდხანს დარჩენამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ქვეყნის განვითარებას, ამიტომაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარტნიორები სწორედ ამის გათვალისწინებით მოქმედებენ - მათი სურვილია საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. ზუსტად ასეთივე შეფასებები გაკეთდა შევარდნაძის ადმინისტრაციის ბოლო თვეებში. თუმცა დღეს ვითარება ძირფესვიანად განსხვავებულია. შევარდნაძის დროს ქვეყანაში იყო ალტერნატივა მიხეილ სააკაშვილის სახით და ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ფსონი სწორედ მასზე დადეს. სამწუხაროდ, დღეს ამგვარი ფიგურა არ ჩანს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენს უბედურებად პოლიტიკური უალტერნატივობა იქცა...” / “ვითარება რთულია, სიმართლე გითხრათ, გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ ამ ხელისუფლების ალტერნატივას, ჩემთვისაც კი ვერ ვხედავ ძალას, რომელსაც მივცემდი ხმას არჩევნებზე”.

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზოგიერთი პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსის წარმოჩენას ცდილობენ, მაგალითად, “ევროპული საქართველოს” და დავით ბაქრაძის, მაგრამ ისინი ვერაფრით გახდებიან მმართველი ძალის საპირწონე... ჩვენს უბედურებად, უფსკრულად იქცა პოლიტიკური უალტერნატივობა. “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ისევ ერთმანეთის ალტერნატივა არიან. არ ვიცი, რას იზამს მამუკა ხაზარაძე, ის ძალიან ნელა მუშაობს, თანაც ზედმეტად გაცვეთილ ტექნოლოგიას მისდევს - მხოლოდ მთავრობას აგინებს, ნაცვლად იმისა, რაიმე რაციონალური შემოგვთავაზოს. მოკლედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის გინებით და დადებითს არაფერს არ ჰპირდებიან მოსახლეობას. ალბათ, უპირველესად იმიტომ, რომ იდეების ნაკლებობაა. ჩვენს პარტნიორებს კიდევ ბევრი რამ არ მოსწონთ, ყველაზე მეტად კი შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილმა დადო. პირადად მე დიდი წარმოდგენის არა ვარ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ ქართულ რეალობაში მაჟორიტარული სისტემა უფრო მიუღებელი გახდა...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“როცა ივანიშვილი პროპორციული საარჩევნო წესის ინიციატივით გამოვიდა, ჩვენმა პარტნიორებმა იფიქრეს, ეს კარგი საშუალებაა კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლადო, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუმცა საბოლოოდ ვნახეთ, რომ მმართველმა ძალამ ამაზე უარი თქვა. ვფიქრობ, დასავლეთიდან მთავრობის კრიტიკა კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ გამოსავალი სად არის? რას გვთავაზობენ დასავლელი პარტნიორები კრიტიკის პარალელურად, ან საქართველოს ხელისუფლება რას აპირებს? - სამწუხაროდ, რაიმე ხელშესახები არ ჩანს. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ამ წერილების ავტორთა ნაწილის გულწრფელობა ცოტა საეჭვოა. ვგულისხმობ იმ ტეხასელ კონგრესმენებს, რომლებიც “ფრონტერას” ლობისტებად მოგვევლინენ. არადა, ეს არის კომპანია, რომელზეც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძეს ვეუბნებოდი, რომ მისი მესვეურები აფერისტები იყვნენ და ვურჩევდი ამ კომპანიის ქვეყნიდან გაშვებას. მოკლედ, ერთბაშად ბევრი საკითხი გადაიკვეთა, მაგრამ ფაქტი ერთია - ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამან განაპირობა უარყოფითი შეფასებებიც. ამასთან, არანაირი უნარი არა აქვთ, სათანადო პასუხი გასცენ ამ კრიტიკას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თავის დროზე ხომ მიიღეს საარჩევნო კანონმდებლობა? ითქვა, რომ 2024 წელს პროპორციულ წესზე გადავიდოდით, ვინ აიძულებდა ბიძინა ივანიშვილს ახალი პირობის დადებას და 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციულ წესზე გადასვლის დაანონსებას? მხოლოდ იმიტომ, რომ დემონსტრაციები დროებით შეეწყვიტა, ასეთი დაპირება გასცა და საბოლოოდ უარესი მიიღო. არასდროს არ უნდა შეჰპირდე იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა ან არ შეგიძლია. რა სახელმწიფო მოღვაწე ხარ, თუ საჯარო დაპირებას ვერ ასრულებ? როცა ასე ხდება სიტყვის გატეხა პოლიტიკაში, მერე ნდობის აღდგენა თითქმის შეუძლებელია. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამიტომაც შეშფოთდნენ. ვითარება რთულია, სიმართლე გითხრათ, გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ ამ ხელისუფლების ალტერნატივას, ჩემთვისაც კი ვერ ვხედავ ძალას, რომელსაც მივცემდი ხმას არჩევნებზე. ისევ იმ ჯადოსნურ წრეში ვართ, როდესაც კარგს და უკეთესს კი არ ვაძლევთ ხმას, არამედ ნაკლებად უარესს. სამწუხაროდ, ვფიქრობ, კვლავაც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ოღონდ დიდი იმედი მაქვს, რომ არა საკონსტიტუციო უმრავლესობით, და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პოლიტიკური ძალები ითანამშრომლებენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“არჩევნებში წარმატებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფულს, ის კი ქართულ პოლიტიკაში ორ პოლიტიკურ ცენტრზეა გადანაწილებული. სამართლიანი პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვანია და კარგი იქნება ამის წახალისება სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. აუცილებელია ახალი ევროპული ყაიდის პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბებისთვის ხელის შეწყობა, მაგრამ ამისთვის თანხებია საჭირო, ვფიქრობ, არსებობს საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ამ პროცესს უნდა აძლევდნენ ბიძგს. თავის დროზე შევარდნაძის საპირწონედ სააკაშვილს სწორედ ასე დაუჭირეს მხარი. მარტო მოწოდებები და ლოზუნგები არაფერს გვიშველის. კარგია დემოკრატიის აშენება, მაგრამ როგორ ააშენებ ღარიბ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს რეალური სივრცე პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რადგან რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები გაღატაკებული არიან... მეორე პრობლემაა არსებული პოლიტიკური სპექტრის არაპროფესიონალიზმი, იდეების უქონლობა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ “ქართულ ოცნებაშიც”, “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, “ევროპულ საქართველოშიც”, “ლელოშიც” და ა.შ. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ამიტომაც არის, რომ მხოლოდ ერთმანეთის ოპონირებას ანდომებენ დროს და არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შემოთავაზებას”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ძალაუფლება დიდი ცდუნებაა. ამ გამოცდას მხოლოდ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი აბარებს. სხვა პრობლემებიცაა იმ პირებში, ვინც დღეს “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. გვარ-სახელების თქმა არ მინდა, მაგრამ გაიხსენეთ, ვინ არიან პარლამენტის ლიდერები, რა ბიოგრაფიის ხალხი, რა იციან? არჩევნები თუ წააგეს და სახლში წასვლამ მოუწიათ, რა უნდა აკეთონ?! რატი ამაღლობელის ლექსისა არ იყოს, გვყავს პარლამენტარები, რომლებიც “დეპუტატებად დაიბადნენ” და ოცნებობენ, რომ “დეპუტატებად დაიხოცონ”. მათ არც იდეები აქვთ, არც საქმის კეთების სურვილი, მხოლოდ ერთი მოტივაცია ამოძრავებთ, როგორმე შეინარჩუნონ დღევანდელი მდგომარეობა. პოლიტიკურ ძალებს ყურადღების მისაქცევად პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა უჭირთ და ამიტომაც მიდიან პროვოკაციებზე. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესების მასშტაბურობის არ მეშინია, მით უფრო რევოლუციური დაძაბულობისთვის რესურსი არ არსებობს. რევოლუციურ გზას ჩვენი საზოგადოება არ გაჰყვება. ხაბეიშვილი იქნება, ბოკერია თუ ივანიშვილი, დიდად არც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ - ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ პოლიტიკური ეთიკა, ზნეობის სტანდარტი მკვეთრად დაქვეითდა. ეს ეხება უკლებლივ ყველას - ხელისუფლებას, ოპოზიციას და, როგორი დასანანიც უნდა იყოს, არასამთავრობო სექტორსაც”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ხალხი აღარაფერს ერიდება, ერთმანეთს დედას აგინებენ, ათასგვარ ტყუილს ავრცელებენ. ეს უბედურება გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივიღებთ კანონს “დიფამაციის შესახებ”. დიფამაცია არის ვინმეს სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება, უპირატესად პრესის მეშვეობით... აბა, სცადოს ვინმემ დიდ ბრიტანეთში და ისეთი რამ თქვას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, სულ ცოტა, ორი წელი მოუწევს ციხეში ყურყუტი. ამ გაუთავებელ პოლიტიკურ დებატებსა და დაპირისპირებაში ხშირად გვავიწყდება, რომ ვართ ერთი ერის შვილები, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და ძალაუფლებისთვის ან მის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში არ უნდა გადავლახოთ წითელი ხაზი, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადის. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ წითელი ხაზის გამუდმებული გადაკვეთით უპირველესად ჩვენს სახელმწიფოს ვუთხრით ძირს”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”... - პასუხობს:

სალომე ზურაბიშვილი არ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. შესაბამისად, მას ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება არა აქვს - სალომე ზურაბიშვილი ვერ გადაწყვეტს ვერც მინისტერიალის ჩატარების საკითხს და ვერც იმას, დაესწრება თუ არა რუსული დელეგაცია”...

“ძალზე არასასიამოვნო ვითარებაში ვართ - ეს მინისტერიალი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის მომავალ წელს. ლავროვის აქ ჩამოსვლას აუცილებლად მოჰყვება დიდი საპროტესტო დემონსტრაციები. მთავარია, ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოში ჩაეტიოს. ისე, ლავროვი ამას შეჩვეულია, მას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ხვდებიან ანტირუსული გამოსვლებით. რაც შეეხება იურიდიულ კაზუსებს, ერთი მხრივ, უნდა შევასრულოთ საერთაშორისო ვალდებულებები, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიცით, რომ ბატონ ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი `ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ~ და თითქოს გამოსავალი არ ჩანს. თუმცა საქართველოს კონსტიტუციაში წერია - თუ პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მაშინ უზენაესია საერთაშორისო ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, გამოსავლის გამონახვა შეიძლება. მინისტერიალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმართოს პარლამენტის შენობაში და გავრილოვის ჩამოსვლისას მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთის დელეგაციის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა მიეცეს რომელიმე სესიის თავმჯდომარეობის უფლება”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

ვახტანგ ხმალაძე - ივანიშვილმა პროდასავლელი პოლიტიკოსების უკანა პლანზე გადაწევა 2015 წლის შემდეგ დაიწყო

კონსტიტუციონალისტი და “ლელო საქართველოსთვის” წევრი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ პროდასავლური ხედვის პოლიტიკოსების უკანა პლანზე გადაწევას ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახდენდა და ამან აშკარა სახე 2015 წლის შემდეგ მიიღო. “ფაქტებით შეიძლება ამაზე დასკვნის გაკეთება. რასაკვირველია იყო და ეს ამბები აშკარად დაიწყო 2015 წლის შემდეგ. ეს იყო ფაქტი და ბოლო დროს მკვეთრად გამოჩნდა ასეთი დამოკიდებულება. მიზანი რა იყო, დასკვნები გააკეთოს ამის წამკითხველმა და მსმენელმა”, - განაცხადა ხმალაძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილმა 2015 წლის შემდეგ პროდასავლელი პოლიტიკოსების უკანა პლანზე გადაწევა დაიწყო - ხმალაძე.

“ცნობისათვის, კონგრესმენთა მწვავე განცხადებებს გამოეხმაურა კავკასიისა და ცენტრალური აზიის კვლევის ინსტიტუტის ამერიკელი მკვლევარი და პროფესორი სვანტე კორნელი, რომელმაც განაცხადა, რომ „სხვადასხვა დროს ივანიშვლმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი, ან შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ მათ არ ჰქონოდათ მთავრობაში დარჩენის საშუალება”. მისივე თქმით, დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო ასევე კარგავს საკუთარ პოზიციებს და მიიჩნევს, რომ ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ამ მწვავე შეხედულებების ჩამოყალიბებაში საქართველოს ოპოზიციას არ შეაქვს დიდი როლი, რადგან “არსებობს საელჩოები და არსებობენ ექსპერტები”, რომლებიც თავად ხედავენ, თუ რა ხდება და “მათი შეცდომაში შეყვანა ადვილი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიდი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჰყავდა პატივსაცემი პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახდენდნენ ამერიკასთან კომუნიკაციას - იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. სამწუხაროდ, ეს ხალხი ქართული ოცნების წევრები უკვე აღარ არიან. სხვადასხვა დროს ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი, ან შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ მათ არ ჰქონოდათ მთავრობაში დარჩენის საშუალება”- განაცხადა სვანტე კორნელმა, რომლის თქმით “ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს”.

გიორგი გობრონიძე - “თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ“

“პრობლემა ის კი არ არის, თუ რატომ არ დაკანონდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, არამედ ის, ეს როგორ მოხდა - ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, მერე კი “გადააგდო”. ქვეყანაში, რომლის განვითარებისთვის აშშ-მა დიდი ფული დახარჯა და კვლავაც ხარჯავს, გაჩნდა რისკი იმისა, რომ ეს ხელისუფლება არსებულ საკანონმდებლო ბაზას, საარჩევნო მოდელს, პოლიტიკურ სისტემას არგებს მხოლოდ საკუთარ ინტერესს, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პოლიტიკური კრიზისის დროებით განსამუხტავად გასცე დაპირებები, მერე კი ყველა ფეხებზე დაიკიდო, სანდოობას აცამტვერებს და საქართველოს არაკეთილსინდისიერ პარტნიორად წარმოაჩენს. ამერიკელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ კითხვა: პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც თავის ხალხს ასე ექცევა, როგორ შეიძლება მოექცეს პარტნიორებს?!” - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ“ / “ამერიკელ პოლიტიკოსთა გულისწყრომა გამოიწვია არა მარტო იმან, თითქოს ვინმე ლობირებს ამერიკულ კომპანიებს, არამედ იმანაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ გადააგდო“.

“დავიწყოთ ანაკლიის პორტით. თავის დროზე, როდესაც მაიკ პომპეო შეხვდა იმჟამინდელ პრემიერ ბახტაძეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ თქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რისი განხორციელების შემდეგაც საქართველო გახდება რეგიონული ჰაბი არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალური აზიის მიმართულებითაც და მოემსახურება ამერიკული ტვირთების მოძრაობას. ასევე დაუფარავად ითქვა, რომ ამ პორტის მშენებლობით ამერიკა იყო დაინტერესებული. ამ შეხვედრაზე პომპეომ ბახტაძისგან მიიღო დაპირება, რომ პროცესი არ შეჩერდებოდა. შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში უკვე პარტნიორი “გადააგდო”, ამას მოჰყვა ყველაზე უარესი ახსნა, - ეს თურმე ხელისუფლებამ იმიტომ გააკეთა, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო. რა გამოვიდა? იმის გამო, რომ რუსეთში ვიღაცას რაღაც არ მოსწონდა, ჩვენ უარი ვთქვით ეროვნულ ინტერესზე. ამერიკელ პოლიტიკოსთა გულისწყრომა გამოიწვია არა მარტო იმან, თითქოს ვინმე ლობირებს ამერიკულ კომპანიებს, არამედ იმანაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ “გადააგდო”. ეს პროექტი რეგიონისთვის იქნებოდა ისეთივე გარდამტეხი ნაბიჯი, რაც იყო თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომელიც ბევრად მძიმე მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღევანდელი, არ თქვა უარი და მოახერხა ურთულეს პირობებში უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“რაც შეეხება “ფრონტერას”, შესაძლოა ლობისტებმა მართლაც ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, მაგრამ როდესაც ქვეყანაში დაბრკოლება არა აქვს რუსულ, ყაზახურ თუ აზერბაიჯანულ ინვესტიციებს, რატომ შეექმნა ერთბაშად რამდენიმე ამერიკულ კომპანიას პრობლემები? “ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამგვარი პოზიცია ჰქონდა - არ გვინდა ვიქცეთ განხეთქილების ვაშლად დასავლეთსა და რუსეთს შორის. დეკლარირებულად არ ვამბობთ დასავლურ ინტეგრაციაზე უარს, მაგრამ არც რუსეთს ვაღიზიანებთო. მოკლედ, გადავედით რუსეთთან დაყვავების პოლიტიკაზე, რაც თავიდანვე ნათელი იყო, რომ რუსეთისთვის არ იქნებოდა საკმარისი. ქართულმა პოლიტელიტამ და პოლიტიკურმა კლასმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზრონ, რომ პრობლემა განცხადებები კი არა, ის მოცემულობაა, რომელიც არსებობს. კერძოდ, რუსეთს აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, რაც გულისხმობს მისი ჰეგემონიის განმტკიცებას იმ ტერიტორიებზე, რომელთაც იმპერიის ყოფილ ტერიტორიებად მოიაზრებს, ჩვენ კი გვინდა გადარჩენა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. თუ რუსულ ეროვნულ გეგმას ხორცი შეესხა, ჩვენი ეროვნული გეგმა ჩაიშლება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არის ერთი საკითხიც - იმისთვის, რომ საქართველო სრულფასოვნად რეაგირებდეს­ რუსულ საფრთხეებზე, მას სჭირდება ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიზაციის შეუქცევადი კურსი. ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა მდგრადი ეკონომიკური ზრდის პრობლემას. მას 2012 წლის შემდეგ ჰქონდა წინსვლა, თუმცა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მძიმე დღეშია. დემოკრატიზაციის ის მონაპოვარი, რაც მიიღო სახელმწიფომ, რომელმაც ბალტიისპირეთის რეგიონის შემდეგ პირველმა შეცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით პოსტსაბჭოთა სივრცეში, სრულად გავანიავეთ. პოლიტიკური კლასის უმწიფარობამ განაპირობა, რომ ვეღარ გაგრძელდა ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია და დემოკრატიზაციის კურსი. ასეთ ვითარებაში დასავლეთის შეშფოთება გასაგებია. თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული “ოცნების” ასრულებისთვის ვწირავთ”, - დაასკვნის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“ინფანტილური საქციელი იყო, როდესაც ამერიკელი პოლიტიკოსების წერილების დამალვა სცადეს. მერე რა საპასუხო განცხადებებს ვისმენთ? - თურმე ამერიკელ­ პოლიტიკოსებს საკმარისი ინფორმაცია არა აქვთ. კარგი, მათ არა აქვთ, ჩვენ ხომ გვაქვს? თურმე მაჟორიტარებმა ამბოხი მოაწყვეს და ჩააგდეს ივანიშვილის დაპირება, რის მერეც ისევ ხელისუფლების ნაწილად დარჩნენ... ამის მერე რამდენმა კაცმა დატოვა “ოცნება”, ნუთუ მათაც არ ჰქონიათ საკმარისი ინფორმაცია?! იქნებ “ოცნება” ცხოვრობს საკუთარი წარმოსახვით იმიტირებულ რეალობაში და ჰგონია, ჩვენ ინფორმაციის ნაკლებობა გვჭამს და მთელი სენატი, კონგრესი, მთელი ქვეყანა “ნაცმოძრაობისგან” იღებს ინფორმაციას?! ეს წერილები ნიშანია იმისა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში რაღაც კარგად არ მიდის. თუ მაინცდამაინც ის უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მაიკ პომპეომ საჯაროდ “დაახუროს”, მერე ტრამპმა “ტვიტერზე” დაწეროს, საქართველოს ხელისუფლება ასცდა დემოკრატიის გზასო, და განგვიხილონ როგორც ახალი ევროპული ბელარუსი?! თანაც არანაკლებ მკაცრი განცხადებები ისმის ევროპიდანაც. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება საზოგადოებისგან განყენებულად ცდილობს პოლიტიკური პროცესის წარმართვას. საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ვნახეთ, რაც შეიძლება წავიკითხოთ ასე: ხელისუფლება თავისთვის აკეთებს პოლიტიკას, სახელმწიფო კი თავისთვის არსებობს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის აღსადგენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება,” - დასძენს გიორგი გობრონიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო