ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ

კარგია, რომ პროფესიულ და ასევე ფართო საზოგადოებაში კონსენსუსი შედგა, PCR-ტესტების, დაჩქარებული PCR-ტესტების, ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტის და ანტისხეულებზე დამყარებული სისხლის სწრაფი ტესტის საჭიროებაზე , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ცუდია, რომ ამაზე კამათში დაიკარგა 1 თვე - დრო, "რომელიც მოვიგეთ საზღვრების დროული ჩაკეტვით, სწავლის არ - ან ონლაინ განახლებით და სხვა მსგავსი ღონისძიებებით".

„ახლა მთავრობის ამოცანაა, ანტიგენზე დამყარებული ნაცხის სწრაფი ტესტებით რაც შეიძლება დროულად აღჭურვოს ყველა საავადმყოფო, რაც მათი დაცულობის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია. შემდგომი დიდი გამოწვევა მედპერსონალის და საავადმყოფოების დაცვაა. ამას სჭირდება სათანადო ეკიპირება, ტრენინგი, COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებების შეტანა, პაციენტთა ნაკადების მართვა, მედიკამენტების მარაგების შევსება.

ამის გარეშე ექიმი და ექთანი დაემსგავსება ოფიცერს და ჯარისკაცს, რომელთაც ცოდნა, გამოცდილება და სამშობლოს სამსახურის დიდი ენთუზიაზმი აქვს, მაგრამ არ აქვს არც ფორმა, არც შაშხანა და არც ტყვიის მარაგი. ამ მასშტაბის კრიზისის მართვა მთავრობის საქმეა. მედიკოსებს ეთქმით ყველაზე წონიანი სიტყვა, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება და მათი აღსრულება მთავრობის საქმეა. პასუხისმგებლობაც მთავრობაზეა, როგორ განვითარდება მოვლენები.

გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი გუშინწინდელ ინტერვიუში ამბობს: "ჩემი საქმე არაა საბოლოო ჭეშმარიტების დადგენა. მე ჭეშმარიტების გარკვეულ ასპექტებზე ვსაუბრობ, ვაღიარებ, რომ რაღაც არაა ცნობილი და ვამბობ "არ ვიცი". შესაბამისად, საჭირო ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები."

ღმერთმა ქნას, საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ - ინტენსიური კარანტინი და ტესტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით კეთება - გაამართლოს.

ჯერჯერობით წარმატება - ვირუსის გავრცელების შეზღუდვა და/ან ნაკლები სიკვდილობა - აქვთ ქვეყნებს (სამხრეთ კორეა, გერმანია), რომლებმაც კარანტინთან ერთად მიზნობრივი ჯგუფების (ინფიცირებულთა კლასტერები, მედპერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი სხვა პერსონალი) მასობრივ ტესტირებას მიმართეს.

იმის გამო, რომ მიზნობრივი ჯგუფების ფართო ტესტირება გამოიყენა, სამხრეთ კორეამ სწრაფად მოახერხა ვირუსის გავრცელების კერების ლოკალიზება და არც ეკონომიკის მთლიანი გაჩერება მოუწია. შედეგად, ჯანდაცვის ზიანიც ნაკლები მიიღო და ეკონომიკურიც. ჩვენი პრობლემა ისიცაა, რომ ათასობით ოჯახს, რომელსაც დანაზოგი არ აქვს, დიდი ხნით სახლში ვერ დასვამ, თუ მას შემოსავლის წყარო არ აქვს. ამას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერ უშველის.

პოლიტიკის ანაბანა, ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც მომავალი კრიზისის ნიშნები იკვეთებოდა, ნათელი იყო, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში განსხვავებული ფუნქციები ექნებოდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღემდე წარმატებულ ბრძოლას ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარალელურად თან უნდა მიყოლოდა​ - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საავადმყოფოების სრული აღჭურვა და მომზადება ინფიცირებულთა სამკურნალოდ, და მთავრობის მიერ სახლში დარჩენილი ათიათასობით უდანაზოგო ოჯახისთვის დახმარების პაკეტის და ასევე ზოგადად ანტიკრიზისული ეკონომიკური სტრატეგიის დროული გამოცხადება. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ისე მთავრობამ ეს ამოცანა ჯერჯერობით ვერ შეასრულა და სწრაფი ტესტების არქონა დღეს ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. ვლოცულობ, რომ საავადმყოფოების აღჭურვაზე არ დავინახოთ იგივე, რაც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დავინახეთ. პირიქით კი მოხდა: მთავრობა შეეცადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრისადმი საზოგადოებრივ ნდობაზე მოეხდინა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება და ფონს ამით გასულიყო. შედეგად, საზოგადოების სრულიად სამართლიანი ლეგიტიმური კითხვები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარეს წავიდა. თუმცა დისკუსიამ სხვადასხვა მხრიდან ისეთი პოლიტიზებული სახე მიიღო, ნამდვილად არ მსურს მასში მონაწილეობა.

ვიმეორებ: მთავრობა და მისი პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტიკურად პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რა იყო აქამდე და როგორ განვითარდება მოვლენები. ღმერთმა ქნას, გავძვრეთ" , - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა