„ლელო საქართველოსთვის“ წევრი მიტროფანე სტურუა სტრასბურგის სასამართლოს 2006 წლის „ციხის ბუნტის" საქმის შესახებ დადგენილებას ეხმაურება

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი მიტროფანე სტურუა სტრასბურგის სასამართლოს 2006 წლის „ციხის ბუნტის" საქმის შესახებ დადგენილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „სამაგალითო უნდა იყოს ყველასათვის - მომავალი საქართველოსათვის და ყველა ხელისუფლებისათვის, რომ არავინ აღარ ჩაიდინოს ასეთი გადაცდომა”.

„ლელოს“ ინფორმაციით, 2007 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს გარდაცვლილი ორი პატიმრის ოჯახის წევრებმა. მათ იურიდიულ დახმარებას უწევდა ადვოკატი მიტროფანე სტურუა, რომელიც დღეს ,,ლელო საქართველოსთვის’’ წევრია.

„მარტო ვიბრძოდი, არავინ დამხმარებია. შევაგროვე ყველა მასალა მაშინ, როცა საშიში იყო - 2006 წელს და წარვუდგინე სტრასბურგს. ჩვენ დავამტკიცეთ და ევროპულ დონეზე მოხდა ქართული სამართლის წარმოჩენა. ამას გვირგვინი დაადგა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც ჩათვალა, რომ ჩვენ მიერ შეგროვებული მასალები, მოთხოვნილი მუხლები და სავარაუდო გადაცდომებზე მითითება სწორი იყო. ეს სამაგალითო უნდა იყოს ყველასათვის - მომავალი საქართველოსათვის და ყველა ხელისუფლებისათვის, რომ არავინ აღარ ჩაიდინოს ასეთი გადაცდომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია’’ - განაცხადა მიტროფანე სტურუამ.

სტურუამ პარალელი გაავლო ე.წ. ციხის ბუნტის საქმესა და 20 ივნისის საქმეს შორის.

,,სტრასბურგმა დაადანაშაულა ყოფილი ხელისუფლება ე.წ. ციხის ბუნტის საქმის დროს მკვლელობის ჩადენაში, ძალის გადამეტებასა და ამ საქმის გამოუძიებლობაში. ანალოგიურ სიტუაციაშია დღევანდელი ხელისუფლებაც, რომელმაც 20 ივლისს ასევე ჭარბი ძალა გამოიყენა და არ გამოიძია ეს საქმე. მომავალში აუცილებლად აგებს ხელისუფლება ამისათვის პასუხს, რომ 20 ივლისს ჩადენილ ძალადობას და ძალის გადამეტებას არ იძიებს. ამიტომ ამ ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს, წინა ხელისუფლება გაამტყუნოს და მკვლელები უწოდოს, თვითონ კი 20 ივნისს ჩადენილი სავარაუდო დანაშაული და ძალის გადამეტება არ გამოიძიოს. ,,ციხის ბუნტის" საქმეზე გამოძიება ვითომ ჩაატარა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ანუ იმ ორგანომ, რომელმაც თვითონ ჩაიდინა დანაშაული. 20 ივნისის საქმეზე გამოძიებას პოლიცია ატარებდა, რომელმაც, სავარაუდოდ, ასევე თავად დააშავა. იქაც ფორმალურად მოხდა გამოძიება და აქაც ფორმალურად ხდება. 2006 წელს “ნაციონალებმა” ჩაიდინეს დანაშაული, 2019 წელს კი - “ოცნებამ”,- განაცხადა სტურუამ.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის კახა კოჟორიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეზე ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა.

„საყურადღებოა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ სახელმწიფოს საერთოდ არ ჰქონდა იმ სიტუაციაში ძალის გამოყენების უფლება, მაგრამ განაცხადა, რომ მის მიერ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული და ასეთი მასშტაბის ძალის გამოყენების უკიდურესად აუცილებელი საჭიროება იმ მომენტში არ არსებობდა. ასევე, ისაუბრა პროცედურულ დარღვევებზე, მაგალითად, ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება არ დაიწყო დროულად. ეს ამბავი მოხდა მარტში და გამოძიება დაიწყო ივნისში, რამდენიმე თვის შემდეგ. ამ ვადის გასვლამ, რა თქმა უნდა, ხელი შეუშალა გამოძიებას, რომ ბევრი დეტალი გაერკვია და ცხელ კვალზე ემუშავა. ასევე, მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო, რომ იძიებდა ის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად იყო ადამიანის უფლებების დამრღვევი იმ მომენტში. ვგულისხმობ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ანუ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დაარღვია ადამიანის უფლებები და იგივე დაწესებულება იძიებდა საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ დარღვევას. ცხადია, ეს ფაქტიც იქნებოდა მიჩნეული პროცედურულ დარღვევად სტრასბურგის სასამართლოს გადმოსახედიდან’’, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კახა კოჟორიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ლელოს" ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, შეიქმნას ისეთი მართლმსაჯულების სისტემა და ისეთი სახელმწიფო, სადაც არასდროს მოხდება მსგავსი სიმძიმის ადამიანის უფლებების დარღვევები და თუ ხელისუფლების მხრიდან, რაიმე გადამეტებას ან ადამიანის უფლებების დარღვევას ექნება ადგილი, ადამიანებს არ დასჭირდებათ სტრასბურგში სიარული სიმართლის საძებნელად და 14 წელი ლოდინი სიმართლის გასარკვევად.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2006 წლის „ციხის ბუნტის" საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრების - 23 წლის ზურაბ კუხალაშვილისა და 29 წლის არსენ ბუხრაშვილის გარდაცვალებას მიყენებული ჭრილობების შედეგად. 2007 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს გარდაცვლილი ორი პატიმრის ოჯახის წევრებმა. მათ იურიდიულ დახმარებას უწევდა ადვოკატი მიტროფანე სტურუა, რომელიც დღეს „ლელო საქართველოსთვის“ წევრია.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს