თენგიზ ცერცვაძე - „დარჩი სახლში“ აქტიური სლოგანია და კარგახანს დარჩება, ოღონდ აქაც იქნება შერბილება - ასაკოვან ადამიანებზე მკაცრად უნდა გავრცელდეს

„დარჩი სახლში“ აქტიური სლოგანია და ის კარგახანს დარჩება, ოღონდ აქაც იქნება შერბილება , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეცპროექტი COVID 19“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სლოგანი განსაკუთრებით უნდა გავრცელდეს ასაკოვან ადამიანებზე.

„დარჩი სახლში“- სლოგანი მკაცრად უნდა გავრცელდეს ასაკოვან ადამიანებზე. სასურველია, რომ ასაკოვანი ადამიანები, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ აქვთ, დარჩნენ სახლში, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა იმის მიხედვით, როგორც მიიღებს რეკომენდაციებს მთავრობისაგან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას, ცერცვაძის თქმით, საქართველოს არ აქვს იმხელა ეკონომიკური რესურსი, რომ ასეთ შეზღუდვებს დიდხანს გაუძლოს.

„ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას, რომ საქართველო არ არის გერმანია ან ამერიკა, სადაც უზარმაზარი ეკონომიკური რესურსია. საქართველოში არ არის იმხელა ეკონომიკური რესურსი, რომ ქვეყანამ დიდხანს გაუძლოს ასეთ ეკონომიკურ შეზღუდვებს და ასეთ საგანგებო ზომებს. მიმაჩნია, რომ მთავრობა, როგორც თავის დროზე, დროულად გაატარა ყველა საპასუხო ღონისძიება და მიაღწია დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს ევროპაში როგორც ავადმყოფების რაოდენობის, ისე გარდაცვლილთა სიმცირის მიხედვით, ახლაც მოძებნის ოქროს შუალედს, თუ რა ტემპით და რა მასშტაბით შეიძლება შეზღუდვების მოხსნა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ისევ ოქროს შუალედი, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იქნება, მაგრამ არ იქნება ბევრი და არ მოიმატებს დრამატულად.

ვირუსი არ გაქრება ასე ჩქარა, მაგრამ ჩვენ ვისწავლით თანაცხოვრებას ამ ეპიდემიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება. ნაკლებად შემაწუხებელი შეზღუდვები დარჩება, მაგალითად ნიღბების ტარება და გვექნება ახალი შემთხვევები, მაგრამ ეს არ იქნება იმდენი და გარდაცვალება არ იქნება იმდენი, რომ მან ცხოვრების რიტმი შეცვალოს და ხელი შეუშალოს ეკონომიკის გამოყვანას რეცესიიდან. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა არამარტო ის, რომ ადამიანებს ის დისკომფორტი მოვუხსნათ, რასაც მათ შეზღუდვები ანიჭებთ, არამედ ისიც, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება სრულფასოვნად ამუშავდეს. ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა, რომ გავხსნათ ქვეყანა, ეკონომიკა და შევინარჩნოთ ეპიდემიის მატების ეს ტემპი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნები ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან.

„ჩვენ უნდა ვუგულშემატკივროთ არამარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ დანარჩენ მსოფლიოს იმიტომ, რომ თუ შენარჩუნდა ძალიან მაღალი დონე, მუდმივად იზოლირებული ხომ არ დავრჩებით, ხომ უნდა აღდგეს ფრენები და მიმოსვლა? ისევ გაჩნდება საფრთხე გარედან შემოტანის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა