ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020

მამუკა არეშიძე - “ველი, რომ მალე ოპოზიციაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება”

თბილისს 22-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარი ეყოლება - საარჩევნო ოლქების ახალი სქემის დეტალები

თინა ხიდაშელი - “ამ არჩევნებით დავითვლით, რამდენი იყურება დასავლეთისკენ და რამდენი რუსეთისკენ...”

ნატო-ში გაწევრიანების ახალი ფორმულა საქართველოსთვის - კურტ ვოლკერის შეთავაზება ალიანსს

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო”

* * *

მამუკა არეშიძე - “ველი, რომ მალე ოპოზიციაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება”

“ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რომ ვინმეს ზედმეტ ძალაუფლებაზე არ წაუცდეს ხელი. მას შემდეგ, რაც კონკრეტული თარიღით განისაზღვრა ამ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, ნერვიულობისთვის მიზეზს ვერ ვხედავ, არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა მგონია სწორი, რადგან 15 ივლისამდე მეეჭვება ამის განხილვა მოესწროს. მესმის, რომ ზოგიერთი შეზღუდვა უკვე გამაღიზიანებელია, ზოგიერთი კი ეჭვს იწვევს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო იმაზე რეაგირებს, რაც მის პირად თავისუფლებას ზღუდავს და ნაკლებად აინტერესებს ის, რაც ოპოზიციას აწუხებს”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ველი, რომ მალე ოპოზიციაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება” / “თავის დროზე რუსეთის აგენტს რომ ეძახდი არაერთ პოლიტიკურ ლიდერს და ამის გამო ლამის იჭერდი, დღეს კი შენს პარტნიორად აცხადებ, ისმის კითხვა, როდის იყავი და ხარ გულწრფელი, მაშინ თუ ახლა?!”

“არ ვიცი, რისი იმედი აქვს ხელისუფლებას. ვფიქრობ, უფრო სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე და რეალურად ქვეყანა ტურისტების მისაღებად ნამდვილად არ არის მზად. მზადყოფნა ნიშნავს, რომ გაქვს ბაზა მომზადებული, მაგრამ აქ საკითხი ცოტა სხვანაირად დგას - საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია ეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი გარემოება შენზე დამოკიდებული არ არის. შიდა ტურიზმიც კი ხელისუფლების ნებაზე არ არის დამოკიდებული, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის გადასაწყვეტია, უნდა სადმე წავიდეს თუ არა. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ეკონომიკური ფაქტორი. ალბათ, განსაზღვრული ჯგუფების მიღება შეიძლება, როგორც გავიგე, ახალი ავიაკომპანიებიც გეგმავენ შემოსვლას და ახალი მიმართულებებით იქნება ფრენები, მაგრამ მეეჭვება, ეს ყველაფერი ამ ზაფხულს მასშტაბურად მოხერხდეს. ჯერჯერობით, მსოფლიო შიშით უყურებს ყველა პროცესს, რადგან ყველამ უმძიმესი გაზაფხული გაიარა, ამიტომაც ტურიზმზე იმედის გადაჭარბებულად დამყარება, ვეჭვობ, სწორი იყოს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ტურისტულმა სეზონმა ჩვენში წარმატებით და უექსცესოდ ჩაიაროს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ სტარტი ძალიან არასწორი იყო და იმჟამინდელი კოჰაბიტაციის შედეგებს დღეს ვიმკით, თან ძალიან მახინჯი ფორმით და რაც მოხდა ახლა, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ უგულავა-ოქრუაშვილის “პოლიტპატიმრად” მონათვლა, “ქართული ოცნების” მიერ სტარტზევე დაშვებული შეცდომების შედეგია. ამიტომაც ახლა საქმე გვქონდა ფარსთან როგორც მათი დაპატიმრების, ისე გამოშვების შემთხვევაში და ამაში ორივე მხარე მონაწილეობდა სხვადასხვა ფორმით... ამბობთ, ოპოზიცია წელგამართულიაო, კი, მედიასთან ნამდვილად ასე წარმოაჩენენ თავს, მაგრამ ვეჭვობ, მთლად ასე კარგად ჰქონდეთ საქმე. ვფიქრობ, უგულავასა და ოქრუაშვილს ახლა იმაზე მეტი ამბიცია გაუჩნდათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ და თან ოპოზიციამ აიკიდა ე.წ. ოქრუაშვილის ფაქტორი, რითაც გამოწვეული უკმაყოფილება უკვე კარგად ჩანს ოპოზიციის სამზარეულოში. ხომ ნახეთ, ოქრუაშვილთან ინტერვიუსას “მთავარ არხზე” ეკა კვესიტაძე იძულებული იყო საკამათო სივრცე შეექმნა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

მოკლედ, ოპოზიციის ამჟამინდელ ლიდერებს იმდენი რამ აქვთ ერთმანეთზე ნალაპარაკები, იმდენი ცუდი აქვთ ერთმანეთისთვის გაკეთებული, დამერწმუნეთ, მათ შორის ნდობა ნულს ქვემოთაა. მიკროფონების მიღმა ზოგიერთის პოლიტპატიმრის სტატუსზე თვითონვე კვდებიან სიცილით, კარგად იციან, ვინ ვინ არის. ველი, რომ ძალიან მალე ოპოზიციაში სერიოზული პრობლემები შეიქმნება ოქრუაშვილთან დაკავშირებით. რაც მეტს ილაპარაკებენ, მით მეტი გაახსენდება ხალხს - რას ამბობდნენ წლების წინ ერთმანეთზე, ვინ ვის ეძახდა რუსეთის აგენტს, ვინ ვის იჭერდა... საბოლოოდ, კომიკური ვითარება იქმნება ამ ოპოზიციური ერთობის გარშემო. თავის დროზე რუსეთის აგენტს რომ ეძახდი არაერთ პოლიტიკურ ლიდერს და ამის გამო ლამის იჭერდი, დღეს კი შენს პარტნიორად აცხადებ, ისმის კითხვა, როდის იყავი და ხარ გულწრფელი მაშინ თუ ახლა?! რაც შეეხება დასავლეთის რეაქციასა და მძიმე შეფასებებს, “ოცნების” დაშვებული შეცდომები უკვე ვახსენე. კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რაც თავის დროზე დაუშვეს, ლობისტებზე უარის თქმა იყო. არადა, დღევანდელი გლობალური პოლიტიკა პოლიტიკური ფიგურებისა და ლობისტების მეშვეობით იმართება და ლაგდება”, - თვლის ექსპერტი.

“მოკლედ, ამ ლობიზმზე უარის თქმამ შედეგად ის მოიტანა, რომ ოპოზიციამ ისევ გააგრძელა მათთან მუშაობა, შედეგად კი მათი მხარდამჭერი განცხადებები გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე ხელისუფლების. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ კრიტიკული შეფასებებისთვის საფუძველი თვითონვე მისცა ამერიკელებსა თუ ევროპელებს იმით, რომ დადებული პირობა ჯერ შემოდგომაზე დაარღვია, ახლა კიდევ ერთხელ გადაწყვეტა უცხოელი პარტნიორების თანდასწრებით დადებული შეთანხმების “დავიწყება”... 2 სენატორისა და 2 კონგრესმენის წერილია, რეალურად არის “ფრონტერას” ლობისტების წერილი, რომლებიც საქმეში ძალიან ჩაუხედავებიც აღმოჩნდნენ. თავდაპირველად ვერც კი დავიჯერე, რომ ამ რანგის ხალხმა ასეთი შინაარსის წერილი დაწერა, თან სახელმწიფო მდივნის სახელზე, ამიტომ ფეიკი მეგონა. განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებით არის გამაოგნებელი ჩანაწერი, რაც მხოლოდ ჭორებს ეფუძნება. ამ კომპანიამ ჩვენი ქვეყანა გვარიანად დააზარალა, არანაკლებ ცუდი გაუკეთა აზერბაიჯანსაც, მაგრამ, როგორც ჩანს, იმხელა ფული გადაუხადეს ლობისტებს, რომ ისინი იმას ლაპარაკობენ, რასაც კომპანია ეუბნება”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“ქართულმა ოცნებამ” პანდემიასთან ბრძოლისას, ჩემი აზრით, კარგი გამოცდილება მიიღო და ისიც დაინახა, პროფესიონალების მოსმენასა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის, ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფად განხორციელება, სოციალური დახმარების სისტემების დახვეწა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი. მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” მიღწეულის კაპიტალიზაციას. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი, დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის...”, - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - “დიდი გამოხმაურება მოჰყვა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებებს...”, პასუხობს:

“არსენ ტოროსიანი ახალგაზრდა კაცია, გამოუცდელი, რომელსაც ჟურნალისტებთან ყოველი გამოჩენისას მუდმივად უსვამენ კითხვას, სომხეთში საქართველოსთან შედარებით ასეთი ცუდი ვითარება რატომ გვაქვსო? ჰოდა, ეტყობა, ამოუვიდა ყელში და ამ გამოუცდელმა კაცმა გადაწყვიტა ჩვენს სტატისტიკაში შეეტანა ეჭვი. ერთადერთი, რაც მას ხელჩასაჭიდად აქვს, ის არის, რომ სომხეთში თავდაპირველად გაცილებით ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ვიდრე საქართველოში, თუმცა ბოლო ხანს ჩვენთანაც გაიზარდა ჩატარებული ტესტების რიცხვი. ეს იყო, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკოლეგიალური და არადიპლომატიური განცხადება. ტოროსიანს უკვე უპასუხეს არგუმენტირებულად ბატონებმა გამყრელიძემ და ცერცვაძემ და ამით უნდა დავასრულოთ, არ ღირს ჯიბრში ჩადგომა და ამ საკითხის გამწვავება. პირიქით, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა კარგი იქნება იმაზე იფიქრონ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს - სომხეთში მართლა რთული ვითარებაა, ვირუსის გავრცელება ძალიან პროგრესირებს და ვეღარ მართავენ ვითარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს სამეზობლოში რაც ხდება, ადრე თუ გვიან, შეიძლება ჩვენზეც ცუდად აისახოს”.

თბილისს 22-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარი ეყოლება - საარჩევნო ოლქების ახალი სქემის დეტალები

"საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, სავარაუდოდ როგორ გადანაწილდება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 30 მაჟორიტარული ოლქი, ცნობილია. 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში გადანაწილდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22-ის ნაცვლად მხოლოდ 8 ოლქი იქნება. ახალი 30 ოლქის საზღვრებზე ინფორმაცია ტელეკომპანია “ფორმულამ” გამოაქვეყნა. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ეს სქემა შეიძლება შეიცვალოს, თუმცა გარკვეულწილად ემთხვევა იმ რუკას, რაზეც ოპოზიციურმა სპექტრმა და ხელისუფლებამ იმუშავეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თბილისს 22-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარი ეყოლება - საარჩევნო ოლქების ახალი სქემის დეტალები.

“როგორც უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, მთავარი კრიტერიუმი მოსახლეობის რაოდენობა და რეგიონების საზღვრები იყო, “ოცნების” წევრ” მამუკა მდინარაძის განცხადებით კი ეს სქემა მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და არც იმას გამოიცხავს, ახალმა ოლქებმა საბოლოოდ სწორედ ასეთი სახე მიიღოს ან შეიცვალოს. უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ კოსტიტუცია აუცილებლად დაცული იქნება და ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, ოლქების გადანაწილება სამართლიანი იყოს. ოპოზიციური სპექტრისთვის მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების ეს პრინციპი გარკვეულწილად მისაღებია. როგორც “ლელო საქართველოსთვის” წევრმა ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, მისთვის ოლქების ახალი რუკა აბსოლუტურად მისაღებია, რადგან კონსტიტუციაში ჯდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულად ოლქები უნდა განაწილდეს ისე, რომ გადახრა ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობიდან ერთ ოლქში არ აღემატებოდეს 10-15%-ს. ამაზე დიდი განსხვავება აე უნდა იყოს. თბილისს ამის შესაბამისად უწევს 8 საარჩევნო ოლქი. ეს სქემა აკმაყოფილებს პირობებს, რაც ვნახე დაყოფა ლოგიკურად არის გაკეთებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე. ამალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ყველა მცდელობა, ოლქების გადანაწილებით რაიმე მოგება ნახოს უშედეგო იქნება. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ოლქების გადანაწილებას არა რომელიმე პარტია, არამედ კანონის განსაზღვრავს - “მთავარია დაცული იყოს კონსტიტუცია და კანონი, გადანაწილება იყოს პროპორციული გარკვეული გამონაკლისების გარდა, რაც მთაინ რეგიონებსა და ზიგიერთ ნიუანსს ეხება, რაც დარეგულირებულია კანონით”, - ამბობს გოცირიძე, რომლის თქმით, თავად “არ დაუთვლია, მაგრამ ალბათ საკმარისი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

30 საარჩევნო ოლქის სამუშაო ვერსია ასეთია - რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი: 1 საარჩევნო ოლქი; სამეგრელო (3 საარჩევნო ოლქი): ხობი, ფოთი და სენაკი 1 დეპუტატი. აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა 1 დეპუტატი. ზუგდიდი 1 დეპუტატი; იმერეთი (4 საარჩევნო ოლქი): ვანი, სამტრედია, ხონი და წყალტუბო 1 დეპუტატი; ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა და ტყიბული 1 დეპუტატი. ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერე 1 დეპუტატი. ქუთაისი 1 დეპუტატი; გურია: 1 საარჩევნო ოლქი; აჭარა (3 საარჩევნო ოლქი): ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაურის ნაწილი 1 დეპუტატი. ხელვაჩაურის მეორე ნაწილი და ქობულეთი 1 დეპუტატი. ბათუმი 1 დეპუტატი; შიდა ქართლი: 2 საარჩევნო ოლქი; ქვემო ქართლი: 3 საარჩევნო ოლქი; სამცხე-ჯავახეთი: 2 საარჩევნო ოლქი; მცხეთა-მთიანეთი: 1 საარჩევნო ოლქი; კახეთი (2 საარჩევო ოლქი): საგარეჯომ გურჯაანი, სიღნაღი და დედოფლისწყარო 1 დეპუტატი. ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი 1 დეპუტატი. თბილისი: 8 საარჩევნო ოლქი.

თინა ხიდაშელი - “ამ არჩევნებით დავითვლით, რამდენი იყურება დასავლეთისკენ და რამდენი რუსეთისკენ...”

“ვარდების რევოლუციის” შემდგომ პირველად გვეძლევა შესაძლებლობა ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე გადავიყვანოთ და კოალიციური მმართველობის შესაძლებლობა შევქმნათ, ამას კი მრავალპარტიული არჩევნები სჭირდება. ასე რომ, მნიშვნელოვანი საკითხების გამო აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება - ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ ამას მივაღწევთ, ხვალ-ზეგ ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ ის ინიციატივები საარჩევნო კანონმდებლობაშიც აისახოს”, - აცხადებს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ უნდათ, მეგის ქარდავაც მიიღონ თავიანთ რიგებში...”

“არ ვთვლი ვანო მერაბიშვილს ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად, რომ მისი რომელიმე ბანაკში ყოფნა მაღელვებდეს. ვისაც ის რეიტინგის ასაწევად სჭირდება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. მეტიც, თუ უნდათ, მეგის ქარდავაც მიიღონ თავიანთ რიგებში. არც წარმატებას ვუსურვებ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში და არც მისი გულშემატკივარი ვიქნები; მით უფრო, ვანო მერაბიშვილის შესახებ არა მაქვს დადებითი აზრი... არც უგულავას და ოქრუაშვილის პიროვნული და პოლიტიკური პრინციპების ცვლილება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი - ყველას არჩევანი ინდივიდუალურია. საკუთარ თავზე კი ზუსტად შემიძლია იმის თქმა, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილზე აზრი ოდესმე შემეცვალოს. ეს არც მაშინ მომხდარა, როდესაც ივანიშვილის ოპოზიციაში აღმოვჩნდი. ვინმეს ოპოზიციაში წასვლა არ გულისხმობს, რომ მოწინააღმდეგეს უნდა დაუმეგობრდე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“ამერიკელი სენატორების კრიტიკა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები ეს ის უკიდურესი შემთხვევაა, როდესაც სხვა აღარაფერი მოქმედებს ხელისუფლებაზე და პერიოდულად ასე, შემოლაწუნებით მოჰყავთ აზრზე. სამწუხაროა, რომ ეს გარე ძალების გარეშე ვერ ხერხდება. ძალიან ცუდია, რომ 2020 წელს საქართველოს ეუბნებიან, პოლიტიკური პატიმრები გყავთო. ასეთ რამეებს რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ, ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო გადაიწევს. თუმცა ხელისუფლებამ უნიათო, დაუფიქრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯებით როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ, ფაქტობრივად, შეცდომების უწყვეტი ჯაჭვი გააბა და სხვა შანსი არ დაუტოვა როგორც ქართველ საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც ამდენ ხანს პოლიტიკური განცხადებებისგან თავს იკავებდნენ. თუმცა, რადგან ხელისუფლებას დასჩემდა ასეთი გაუგონარი კანონზომიერებები, რაც თურმე ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს, როგორც თავად ამბობენ, “გოიმებს”, არ გვესმის, ამიტომ მჭახედ ეუბნებიან, რურუა არის პოლიტპატიმარი და უნდა გამოუშვათო. როგორც უნდა შეეცადონ, ხელისუფლება ამას ინტერპრეტაციას ვეღარ გაუკეთებს. არადა, ეს ძალიან სამწუხაროა”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - ”რა შეიძლება მოჰყვეს “ქართული ოცნების” ამგვარ ურჩობას?”, - პასუხობს:

“ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ თურმე ამერიკელი სენატორების განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტს ზღუდავს, სრული სიბრიყვეა. ასეთი რამ ხდება მხოლოდ უცხო ქვეყნის ძალების იძულებითი ღონისძიებების, სხვა სახელმწიფოს მიერ ჯარის შემოყვანის, ასევე, კიბერთავდასხმის, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ოპერაციების ჩატარების შემთხვევაში... ვფიქრობ, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლის დასავლეთისკენ მაყურებელი ნაწილი სრულად გაემიჯნა “ქართულ ოცნებას” და მათი გულის მობრუნების შანსი ივანიშვილს არა აქვს. ამასთან, ეს არჩევნები წარმოაჩენს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დასავლეთისკენ არ იყურება და იჯერებს “ოცნების” ნარატივს, რომ სენატორების განცხადება “ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინებაა”. შესაბამისად, ამ არჩევნებით დავითვლით, რამდენი იყურება დასავლეთისკენ და რამდენი რუსეთისკენ".

ნატო-ში გაწევრიანების ახალი ფორმულა საქართველოსთვის - კურტ ვოლკერის შეთავაზება ალიანსს

„მხოლოდ აშშ ამას ვერ გადაწყვეტს, რადგან ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი... თუ ნატო-ში ამ სახით შესვლას დავთანხმდებით, მაშინ სამუშაო იქნება იმ წევრებთან, რომლებიც წინააღმდეგი არიან”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ახალ ინიციატივას, რომლის შესახებაც უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა ისაუბრა ნატო-ში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატო-ში გაწევრიანების ახალი ფორმულა საქართველოსთვის - კურტ ვოლკერის შეთავაზება ალიანსს.

“ნატო-ში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება შესაძლოა ახალი წესით დაიწყოს. კერძოდ, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა “უსაფრთხოების საკითხებში კიევის ფორუმის” ონლაინ დისკუსიის ფარგლებში ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების ახალი გეგმა წარმოადგინა. ვოლკერის თქმით, ისეთი ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან კონფლიქტი აქვთ, ალიანსში უნდა მიიღონ ისე, რომ ნატო-ს მოეხსნას მე-5 მუხლის შესრულების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია არ იქნება ვალდებული დაიწყოს საომარი მოქმედებები რუსეთთან და დაიცვას თავისი ახალი წევრის ოკუპირებული ტერიტორიები. საუბარია როგორც საქართველოზე, ასევე უკრაინასა და მოლდოვაზე. უფრო კონკრეტულად კი, ვოლკერის აზრით, ნატომ და მასში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა გააფორმონ შეთანხმება, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. აღნიშნული შეთავაზება ვოლკერმა განმარტა იმით, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან დაპირისპირება და მე-5 მუხლის პირობების შესრულება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთს არ უნდა ალიანსში შესვლის შესაძლებლობა მისცეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რის გამოც აღნიშნული ქვეყნების გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ხოლო ალიანსის წევრებს კი არ გააჩნიათ განსაკუთრებული სურვილი, რომ საკუთარ რიგებში მიიღონ ქვეყანა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ეს ავტომატურად იმის ნიშნავს, რომ რუსეთთან ომი უნდა დაიწყონ ამ ტერიტორიების ძალით დასაბრუნებლად”, - განაცხადა ვოლკერმა ონლაინ დისკუსიის მსვლელობისას. ყოფილმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მსგავსი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ნატო “ვალდებულებას იღებს, რომ პირველი არ დაიწყებს საომარ მოქმედებებს ტერიტორიების დასაბრუნებლად”. თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის გავლენისა, ვოლკერის მიერ გამოთქმული ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად დამტკიცდება და აღნიშნული მოდელით იხელმძღვანელებს ალიანსი”, - დასძენს გამოცემა.

“ამერიკის შეერთებული შტატები არის ნატო-ს ერთი-ერთი წევრი, მართალია, ყველაზე გავლენიანი, მაგრამ ერთ-ერთი და მხოლოდ აშშ ამას ვერ გადაწყვეტს, რადგან ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. არა მგონია, რომ ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნები დაეთანხმონ ამ ინიციატივას. უკვე 12 წელია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს შეთანხმება. გერმანია პოზიციას არ იცვლის, თუმცა, არა მხოლოდ გერმანია არ იცვლის პოზიციას, მაგრამ ის ყველაზე აქტიურად. ვოლკერის ინციატივა შესაძლოა ჩვენ მოგვწონდეს, მაგრამ ჯერჯერობით გერმანიაში ასე არ ფიქრობენ და, პირველ ყოვლისა, იქაა სამუშაო. თუ ნატოში ამ სახით შესვლას დავთანხმდებით, მაშინ სამუშაო იქნება იმ წევრებთან, რომლებიც წინააღმდეგი არიან, თორემ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რაც არაა საკმარისი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

გია ხუხაშვილი - “ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო”

“ეს კანონი, ანუ ადამიანის უფლებების შეზღუდვა და საპარლამენტო კონტროლის მხოლოდ 15 ივლისამდე გაუქმება ზედმეტი აჟიოტაჟის საფუძველს არ იძლევა. ოპოზიციის რეაქცია გადაჭარბებული იყო. უნდა გვესმოდეს, რა მასშტაბის პრობლემის წინაშე ვდგავართ და უნდა ვხვდებოდეთ, რომ ხელისუფლებას შეზღუდვების უფლება ერთხანს უნდა ჰქონდეს. მართალია, ოპოზიციას ახალი თემების გახსნა უნდა, მაგრამ ამ თემ­აზე შეთქმულების თეორიების აგება არ ღირს. თემების გახსნის საბაბს ისედაც უხვად იძლევა ხელისუფლება. მაგალითად, სამარკო ნიშანზე “გადაგდებაზე”. სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლების რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთ არის. მივიღეთ ტყუილების კასკადი, დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნებით, გაგრძელებული საარჩევნო კანონით და დამთავრებული ე.წ. პოლიტპატიმრების თემით”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო” / “მართალია, ოპოზიციას ახალი თემების გახსნა უნდა, მაგრამ ამ კანონზე შეთქმულების თეორიების აგება არ ღირს”.

“მათ მონდომებით დაიწყეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. დღემდე ჩვენი დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრებზე საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, “ოცნებამ” კი მანამდე არ მოისვენა, სანამ ოქრუაშვილის, უგულავასა და რურუას პოლიტპატიმრობის სტატუსმა საერთაშორისო ტრიბუნიდან არ გაიჟღერა. ჩვენს საქმეში დასავლეთი “უხეშად ჩაერეოდა”, რაიმე გადაწყვეტილება რომ მოეხვია თავს. ჩვენგან კი რას ითხოვენ? პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანად წარმართვას, შეთანხმებების შესრულებას და არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლას. არ მესმის, სად ხედავენ ჩარევას? ე.ი. თუ ხელისუფლებას საზოგადოების გადაგდება უნდა, ამაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს? 8 მარტის შეთანხმებას 30 კაცი, მათ შორის დიპლომატები ესწრებოდნენ. როდესაც ისინი ამას ადასტურებენ, რას იტყვის კობახიძე, მნიშვნელობა არა აქვს. კობახიძე იმასაც ამტკიცებდა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება, ჩვენ ეს ბრიფინგზე შევიტყვეთო. მეორე დღეს გამოვიდა პრეზიდენტი და თქვა, რომ ივანიშვილმა იცოდა ყველაფერი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საჯუბრისას გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლება აფექტის მდგომარეობაშია - დილით ერთს ამბობენ, შუადღისას მეორეს და საღამოს მესამეს... ზურაბიშვილი ზოგმა შეაქო, ზოგმა გააკრიტიკა. პროვინციულ სპექტაკლს გვაყურებინებენ, რომელშიც მსახიობები სუფლიორის საშუალებით კითხულობენ ტექსტებს, თუმცა კითხვასაც ვერ ახერხებენ ხეირიანად... თავად მესიჯბოქსის ავტორია აფექტში და ერთ აზრზე ვერ ყალიბდება. ავტორის ვინაობა ყველამ ვიცით. დილით ერთ აზრს გაახმოვანებს, მერე არ მოეწონება და შეცვლის. რაც მთავარია, მესიჯბოქსების გამხმოვანებლებს ყველანი ბრიყვები ვგონივართ. გამოდიან დაყენებული სახეებით და ათას სისულელეს გვიყვებიან”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო. მართლა კარგად იმუშავეს და შანსიც მიეცათ, კონსტრუქციულად გაეგრძელებინათ სიტუაციის მართვა, მაგრამ დახამდნენ - იფიქრეს, ხალხში დაგროვილი პოზიტივი ყველაფრის გაკეთების საშუალებას მოგვცემსო და მიაწვნენ იქ, სადაც არ უნდა მისწოლოდნენ, ანტიკრიზისული გეგმით ყველაფერს წერტილი დაუსვეს. პოლიტპატიმრების თემამ კი ყველაზე ერთგული ამომრჩეველი დააკარგვინა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია დაწინაურდა. არც ისინი ჩანან ადეკვატურად. უამრავ შეცდომას უშვებენ, ხან ეპიდემიოლოგებად ასაღებენ თავს და ექიმების კომპეტენციაში ერევიან, ხან რა სისულელეს აკეთებენ. ის, რომ “ოცნებიდან” ელექტორალური მასა მოდის, იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში გადადის”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “მაშინ სად მიდის?” - პასუხობს:

“ნაწილი, რომელსაც სძულს “ნაცმოძრაობა”, მიდის “პატრიოტთა ალიანსში”, უფრო დიდი ნაწილი კი დაბნეულია და მესამე ძალას ელოდება, რომელიც ჯერ ისევ არ ჩანს”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით