გიგი უგულავა - ხელისუფლებამ პირობა დადო და ამას შესრულება სჭირდება, მითუმეტეს, როცა საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი და არავის ეპარება ეჭვი, რომ გიორგი რურუას საქმეში იარაღი ჩადებულია

პირობას სჭირდება შესრულება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და პრაქტიკულად, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გიორგი რურუას საქმეში იარაღი ჩადებულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ის გიორგი რურუას საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს.

მისივე თქმით, გიორგი რურუა დაკავების წინ აქციაზე დაცვასთან ერთად იმყოფებოდა და მას იარაღის ქონის საჭიროება არ ჰქონდა.

,,იმ ღამით, მთელი ღამის განმავლობაში გიორგი რურუა აქციაზე იმყოფებოდა, მას თან ჰყავდა დაცვა. მის ირგვლივ აქტივისტებს აკავებდნენ და ჩხრეკდნენ, არც ერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს იარაღი არ ექნებოდა. 100% -ით გამოვრიცხავ, რომ გიორგი რურუას რაიმე იარაღი ჰქონდა. ჯანსაღი აზრის ფარგლებში ყველა ინდიკატორი მეტყველებს იმაზე, რომ მას ჩაუდეს იარაღი. ამაზე რეაგირებს საერთაშორისო საზოგადოებაც, დღეს ვნახეთ კიდევ ერთი განცხადება ევროპარლამენტარის, რომელმაც პირადი წერილი მიწერა ბატონ შოთაძეს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმარი გიორგი რურუას სახით. მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიდის წინ 8 მარტის შეთანხმება გახლავთ ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურ პატიმრებს.

„ხელისუფლება ლენჩის პოზიციაში დგას და მთელს მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. მათ პირობა დადეს და ამ პირობას სჭირდება შესრულება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და პრაქტიკულად არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ იარაღი ჩადებულია. ამას ადასტურებს ისიც, რომ 30 წლის წინანდელ საქმეებზე აპელირებს ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული ორგანოები,” - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო