მეუფე შიო - ათასობით და ასიათასობით მფარველი წმიდანი გვყავს და ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია, როგორც პატარა ბავშვებისთვის, რომელთაც ჰყავთ უფროსი ძმები, დები, მეგობრები, რომლებიც ეხმარებიან ცხოვრებაში, ჩააგონებენ, ასწავლიან

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე გაბრწყინებულთა ხსენების დღეს იქადაგა.

მან მრევლს ღირსი ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმინდისათა! ქრისტესმიერ საყვარელნო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ღირსი ათონელი მამების ხსენება. სულთმოფენობის შემდეგ იყო ყველა წმინდანის ხსენება, ახლა კი არის ათონელი მამების ხსენება. ეს დღე დააწესა ეკლესიამ ნიშნად იმისა, რომ სულიწმინდის გარდამოვლენის შემდეგ სულიწმინდა მოქმედებს ეკლესიაში, სულიწმინდა წარმოშობს, შობს წმინდანებს, დიდ და ბრწყინვალე ადამიანებს. ბედნიერი ვართ, რომ ჩვენ, მათ შორის - ქართველებსაც, გვყავს უამრავი ასეთი წმინდანი, ათასობით და ასიათასობით მფარველი წმიდანი გვყავს და ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია, როგორც პატარა ბავშვებისთვის, რომელთაც ჰყავთ უფროსი ძმები, დები, მეგობრები, რომლებიც ეხმარებიან მათ ცხოვრებაში, ჩააგონებენ, ასწავლიან. ეს არის მათთვის დიდი ნუგეში და ძალა. ასევე ჩვენთვის წმინდანთა არსებობა დიდი მეოხება და საყრდენია, მისაბაძი ცხოვრებაში, ლოცვაში, აზროვნებაში, ყველაფერში.

და აი, სულთმოფენობის შემდეგ ჯერ არის ყველა წმინდანის ხსენება, დღეს კი - ათონელი ბერების ხსენება, ხსენება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ყველაფერი დაუტევეს ქრისტესთვის, თავის საერო ცხოვრება და სრულად შეუდგნენ უფალ იესო ქრისტეს. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

ამასთან დაკავშირებით დღეს წაკითხული იყო სახარება პირველი მოციქულების მოქცევისა, თუ როგორ მოაქცევს, მიიყვანს თავისთან უფალი იესო ქრისტე პირველ მოციქულებს. სახარება მოგვთხრობს, რომ უფალი პეტრეს, ანდრიას, იოანესა და იაკობს ასეთ სიტყვებს ეტყვის: „მოვედით და შემომიდექით მე“. ისინი მაშინვე დატოვებენ თავიანთ საქმიანობას, თავიანთ ნავებს, ბადეებს, თქვენ იცით, რომ ისინი მეთევზეობით ირჩენდნენ თავს, დატოვებენ თავიანთ მშობლებს, ოჯახებს და გაჰყვებიან უფალ იესო ქრისტეს.

ჩვენ გვაოცებს მათი ასეთი შემართება და ერთგულება, თუ როგორ მყისიერად მიჰყვებიან ისინი იესო ქრისტეს. ალბათ, ვფიქრობთ, რა ძალა იყო ეს. როგორც ჩანს, იესო ქრისტესგან მოდიოდა ისეთი საოცარი მადლი, ასხივებდა ისეთ სიყვარულს, სიწმინდეს, ჭეშმარიტებას, მოწყალებას, ღვთაებრივ სიკეთეს, ეს ადამიანები კი, რა თქმა უნდა, ეძებდნენ და ელოდნენ მესიას. სწორედ ეს ყველაფერი დაინახეს მასში. შეუძლებელია, სუფთა გულის ადამიანს ეს არ დაენახა - შეხვედროდა უფალ იესო ქრისტეს და არ შდგომოდა, არ გაჰყოლოდა მას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს დიდი ღვაწლია მაინც მათი, იმიტომ რომ იმჟამად იესო ქრისტე ჯერ არ იყო ცნობილი, როგორც დიდი მქადაგებელი, მაშინ ჯერ არც ერთი სასწაული არ ჰქონდა მოხდენილი. ამიტომ მოციქულების მხრიდან ეს მაინც დიდი ღვაწლია...

მაგრამ მოციქულების შემდეგ 2000 წელზე მეტი გავიდა და მას შემდეგ ჩვენ რამდენი დასტური გვაქვს იმისა, რომ უფალი იესო ქრისტე მართლაც ღმერთი და ჭეშმარიტი მესიაა! რამდენი სასაწაული აღსრულდა ისტორიაში! რამდენი ღვაწლი იყო, როგორც მოციქულებისა, ისე მათი მოწაფეებისა, წმინდა მამებისა, მსოფლიო კრებებისა! რამდენი საოცარი საღვთისმეტყველი ნაშრომია დაწერილი და რაოდენ დიდი საოცრების მომსწრენი ვართ ყოველი ჩვენგანი! ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენთვის უფრო ადვილია, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მოციქულთა შემდეგ, უფრო ადვილია უფალ იესო ქრისტესთან მოსვლა. დღეს თუ ამ ყველაფრის მომსწრე და მცოდნე ადამიანი მაინც არ მიდის და არ შეუდგება უფალს, რა თქმა უნდა, განუზომლად მეტი პასუხისმგებლობა აკისრია ასეთ ადამიანს, ვიდრე მათ, ვინც პირველ საუკუნეში ცხოვრობდა.

რა თქმა უნდა, უფლის მოწოდება - „მოვედით და შემომიდექით მე“ - ჩვენკენაც არის მომართული. დღეს ჩვენ გვესმის, რომ საკმაოდ ბევრია მორწმუნე ადამიანი, მათ ღვთისადმი მისწრაფება აქვთ, მაგრამ რომ შეუდგნენ ქრისტეს და დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება, აყოვნებენ ან ამბობენ, რომ მერე გააკეთებენ ამას, როდესაც მოხუცდებიან, ჯერ რაღაც სხვა საქმეები აქვთ, ოჯახია ჰყავთ საპატრონო ან სხვა რაღაც მიზეზები აქვს და ამას გადადებენ და აყოვნებენ ხოლმე, ეს ძალიან არასწორია. წმინდა მამები წერენ, რომ როდესაც გვინდა შევცოდოთ ან შური ვიძიოთ, ან განვიკითხოთ, ან ცუდი რამ გავაკეთოთ, არასოდეს ვამბობთ, რომ ხვალ გავაკეთებთ ამას, არამედ მალევე აღვასრულებთ, ვცოდავთ ხოლმე, ხოლო როდესაც ღვთის საქმეა გასაკეთებელი, მაშინ ყოველთვის აყოვნებენ ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია.

ამრიგად, ეს მოწოდება - „მოვედით და შემომიდექით მე“ - ჩვენც გვეხება. თუ ადამიანი არ დაუტევებს ყველაფერს და არ შეუდგება უფალს, ის, რა თქმა უნდა, ქრისტიანიც ვერ იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერის ადამიანმა ყველაფერი უნდა დაუტევონ. მონაზვნებმა კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერისკაცისთვის ეს გამონათქვამი არ ნიშნავს, რომ მან ოჯახი, მშობლები, ცოლ-შვილი უნდა მიატოვოს, არა, „დაუტევე ყველაფერი და შეუდექი ქრისტეს“ - ნიშნავს, მთელი გულით შეიყვარო, მიიღო იესო ქრისტეს სწავლება, მის მიერ დაარსებული ეკლესიის სწავლება და შემდეგ ცხოვრებით აღასრულო ეს სწავლება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და უფალმა ინებოს, რომ დღეიდან უფრო მეტი შემართებით შეუდგეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რაშიც მეოხნი ყოფილიყვნენ ჩვენი დღეს მოხსენიებულნი ღირსნი ათონელი წმინდა მამები.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო