აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს, საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომი, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის 30-მა სტუდენტმა მოიპოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვირტუალურ გამოსაშვებ ცერემონიაზე, რომლის მასპინძელიც პროგრამის პარტნიორი - „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალი სკოლა” იყო, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისარი საბიუჯეტო და ადმინისტრირების საკითხებში, ბ-ნი იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ბ-ნი ოლივერ ვარჰელი, იუნოპსის გენერალური მდივანი და აღმასრულებელი დირექტორი, ქ-ნი გრეტა ფარემო და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიება ვირტუალური პლატფორმის - ზუმის საშუალებით ჩატარდა და მას 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა.

„მჯერა, რომ საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში მიღებული განათლება თქვენი მომავალი საქმიანობისთვის არაჩვეულებრივ საფუძველს შექმნის. წინ შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ პირად, სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებაში და გახდეთ თქვენი ქვეყნების აქტიური მოქალაქეები. ძირეულ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება თქვენი მომავლისთვის განხორციელებული ყველაზე ღირებული ინვესტიციაა,” - აღნიშნა ბატონმა ჩხენკელმა თავის მიმართვაში სტუდენტებისადმი.

უწყების ინფორმაციით, 2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას 30 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები არიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან. მოსწავლეებმა, რომელთა შორის 20 გოგონაა, საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომი მოიპოვეს და უმაღლეს განათლებას ევროპაში, შეერთებული შტატებსა და მშობლიურ ქვეყნებში გააგრძელებენ.

„ევროკავშირი აუცილებლად გააგრძელებს ინვესტირებას ახალგაზრდებში და მათ განათლებაში. განათლების ახალი შესაძლებლობების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წინსვლას, არის და წარსულშიც იყო ჩემი ამბიცია როგორც ევროკომისრისა სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში,” - აღნიშნა თავის მიმართვაში იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარის ვერჰელმის თქმით, ინვესტირება ახალგაზრდებში ყოველთვის საუკეთესო ინვესტიციაა. განათლების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალ წლებშიც პრიორიტეტული ნაწილი იქნება.

„განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ, რადგან ამ რეგიონის ყველაზე გამორჩეულმა სტუდენტებმა დიპლომები აიღეს.” აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ევროკავშირის ინიციატივის პირველი ფაზაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისათვის, რომელიც ფოკუსირებულია საშუალო განათლებაზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას. ამჟამად, პროგრამაში 65 მოსწავლეა ჩართული. 2020 წლის სექტემბერისთვის პროგრამას 40-მდე ახალი მოსწავლე შეუერთდება. „ინვესტირება ახალგაზრდებში ყოველთვის საუკეთესო ინვესტიციაა. განათლების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილი იქნება მომავალ წლებშიც”, - აღნიშნა თავის მიმართვაში ევროკომისარმა ვერჰელმა.

მისი თქმით, „დღევანდელი კურსდამთავრებულების წარმატება ცხადჰყოფს, რომ მიუხედავად უპრეცენდენტო გლობალური პანდემიისა, თითოეული სტუდენტის ძალისხმევის შედეგად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ის ღირებულება, რომელსაც დავეყრდნობით მომავალში.”

სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა მაღალი ხარისხის განათლების მიღებას სთავაზობს მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. ის ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, თანამშრომლობის, მულტიკულტურული გამოცდილების, ტოლერანტობისა და ფუნდამენტური ღირებულებების გაძლიერებას, ასევე, ევროკავშირის და მის მიერ რეგიონში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროგრამის განმახორციელებელია იუნოპსი (UNOPS).

„დღევანდელი დღე საამაყოა იუნოპსისთვის. თქვენ პირველი კურსდამთავრებულები ხართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამისა - იმ არაჩვეულებრივი პროგრამისა, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ორგანიზაცია, რადგან ეს პროგრამა ინვესტირებას ახორციელებს ისეთ ადამიანებში როგორიც თქვენ ხართ... რომლებსაც შეუძლია ეს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ პროცესში ვხელმძღვანელობდით რა გაერთიანებული ერების პრინციპებით და ჩვენი საერთო ამბიციით - ხელი შევუწყოთ მდგრადი მომავლის მშენებლობას,” - აღნიშნა თავის გამოსვლაში იუნოპსის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეტ ფარემომ.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის ამოცანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში საშუალო განათლების შესაძლებლობების წახალისებაა. პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომის გაცემას ევროპათმცოდნეობის დარგში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა გათვალისწინებულია საშუალო სკოლის ბოლო ორი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ეძლევათ ევროპული სტანდარტის სწავლების მოდელზე დაფუძნებული საერთაშორისო ბაკალავრიატის კურიკულუმით სწავლის უნიკალური შესაძლებლობა ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, ასევე, ენების, ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებებით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს იუნოპსი (UNOPS) „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალ სკოლა”-სთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციასთან (IB) პარტნიორობით.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო