ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020

მამუკა არეშიძე - “საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე, თუ რა მოხდა 12 წლის წინ”

რომელ მინისტრს ჩასვამენ სიაში და როგორი იქნება მთავრობა, თუ არჩევნები ისევ “ოცნებამ” მოიგო

ესტონეთის ექსპრეზიდენტი - “მიჭირს სარკოზის შეფასებების უმეტესობის სერიოზულად აღქმა”

რატომ შეიტანა სააკაშვილმა ჰააგის სასამართლოში ახალი ანგარიში აგვისტოს ომზე

გია ხუხაშვილი - “გახარიამ თავი დაიზღვია...”

* * *

მამუკა არეშიძე - “საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე, თუ რა მოხდა 12 წლის წინ”

“იმ მძიმე დღეებიდან გავიდა 12 წელი და ჩვენი უმთავრესი შეცდომა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი გვიჯდება, ის არის, რომ ეს მოვლენები არც სამართლებრივად და არც მორალურად არ შეფასდა. ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია ისიც, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე მომხდარის თაობაზე. არ ვიცით, რა ხდებოდა ომის დროს, არც ის, რა იყო ომამდე თუ მის მერე - ვგულისხმობ, მაგალითად, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომლის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში სწორედ სარკოზი იყო მთავარი ფიგურა. საზოგადოებამ კი არა, პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმაც არ იცის, რა წერია ამ შეთანხმებაში. არც ის არის გარკვეული, მართლაც არსებობს თუ არა დოკუმენტის ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთს მედვედევმა და სარკოზიმ მოაწერეს ხელი, მეორეს კი - სააკაშვილმა და სარკოზიმ აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე, თუ რა მოხდა 12 წლის წინ” / “ბევრი ლაქაა იმ პერიოდის ქართულ ისტორიაში, რომლის გაშიფვრა და გაანალიზება არ მოინდომა შემდგომმა ხელისუფლებამ”.

“გარდა ამისა, ბევრი უპასუხო კითხვაა ამ შეთანხმების მე-6 პუნქტის თაობაზე, რომელიც გულისხმობდა ჩვენი რეგიონების სტატუსის გადაწყვეტას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ცნობილია ასეთი ამბავიც, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, მაგალითად, კაჩინსკი, სთხოვდა სააკაშვილს, არ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, რათა მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ოკუპაცია დადასტურებულიყო იმ ფორმით, როგორიც სინამდვილეში იყო... მოკლედ, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომლებიც საზოგადოებამ არ იცის. ჩემთვისაც კი, ვინც წლებია, ვსწავლობ ამ საკითხებს, ბევრი რამ არის უცნობი. ჩვენი უზარმაზარი შეცდომაა, რომ ეს ყველაფერი არ შევაფასეთ, სიმართლე არ გავარკვიეთ და დამნაშავეებს თავისი არ მივუზღეთ. შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, მაგრამ ქართულმა მხარემ, სააკაშვილის მეთაურობით, კარგად იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა, კრემლი ხაფანგს გვიგებდა. პუტინი ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა და მიუხედავად ამისა, შეგნებულად გაყვეს ხაფანგში თავი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ბორდერიზაციის თემა რაიმე კონკრეტულ დოკუმენტს ეყრდნობა, თუ ეს მხოლოდ რუსების თავნებობაა. ბევრი ლაქაა იმ პერიოდის ქართულ ისტორიაში, რომლის გაშიფვრა და გაანალიზება არ მოინდომა შემდგომმა ხელისუფლებამ, რაც ძალიან ცუდია. სარკოზის მემუარების რუსეთ-საქართველოს ომის ნაწილი ამ ვითარებაში არის დამატებითი ინფორმაცია და არა - მთავარი. სარკოზის ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ჩვენც არ ვიცოდით, მაგრამ ეს ცოდნა არის ზოგადი და ასეც დარჩება, თუ მომხდარს არ შევისწავლით და არ შევაფასებთ... “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს დაამკვიდროს შეხედულება, რომ ომი 8 აგვისტოს კი არა, 7-ში დაიწყო. ეს ხდება, რათა გადაფარონ ტალიავინის დასკვნის მიხედვით ბრალდება, რომ ქართულმა მხარემ 8-ში გამთენიისას პირველმა დაიწყო საარტილერიო შეტევა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ 7-ში შემოიჭრა რუსეთი და ეს იყო ამ შემოჭრაზე პასუხი. ვითომ თვითონ არაფერში იყვნენ დამნაშავეები! არადა, დამნაშავეები იყვნენ არა მხოლოდ იმაში, რომ საბაბი მისცეს მოწინააღმდეგეს, არამედ იმაშიც, რომ მიატოვეს მოსახლეობა და ჯარის ნაწილებიც. გახსოვთ, ალბათ, რა ბაკქანალია იყო... ” - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღევანდელობას რაც შეეხება ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ საზოგადოებაში ანტაგონიზმი ძალიან ღრმაა და ოპოზიციურ სპექტრს თავისი მხარდამჭერები ჰყავს, მაინც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. არა 40%-იანი და მეტი მხარდაჭერით, მაგრამ კოალიციის შექმნა არ გაუჭირდება, რადგან ვფიქრობ, ბევრი პატარა პარტია მოახერხებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, მათ შორის ისეთებიც, ვისაც “ქართული ოცნება” მეგობრად მიიჩნევს. რომ არ ვილაპარაკოთ ადმინისტრაციულ რესურსზე, ფინანსურ საშუალებებსა და სხვა შესაძლებლობებზე, კვლავ აქტუალურ თემად რჩება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, უფრო ძლიერი სხვა პოლიტიკური პარტია კი კვლავაც არ ჩანს. სამწუხაროდ, “ლელომ” ვერ შეძლო ე.წ. მესამე ძალად ქცევა...“ნაციონალებმა”, ალბათ, უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რა გააფუჭეს ასე ძალიან ქვეყანაში, რომ წლების მერეც საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, ოღონდ “ნაცები” არა და სხვა ვინც უნდა იყოსო. არის ელექტორატის ნაწილი, რომელიც ძალიან გაღიზიანებულია “ოცნების” მიმართ, მას არც “ქართული ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა”, შესაბამისად, სწორედ ამ სპექტრის ამომრჩევლის ხმები განაწილდება პატარ-პატარა პარტიებზე. ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ წვრილ-წვრილი პარტიები ბევრ ხმას მოაგროვებენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ცხადად ჩანს, რომ დღეს ოპოზიციური პარტიები გამარჯვებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, ვინ იქნება არჩევნების შემდეგ პირველი ოპოზიციური ძალა. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში პროცესები ისე მიმდინარეობდა, აშკარად ჩანდა, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი მტერი “ქართული ოცნება” კი არ იყო, არამედ “ევროპული საქართველო”, რომლის დღევანდელმა ლიდერებმა, ფაქტობრივად, დაშალეს “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა პარლამენტში. მომავალ არჩევნებზეც ისინი იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები და ეს ლაპარაკი ოპოზიციის ერთიანობაზე იყო ბლეფი. ხომ ხედავთ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უკვე იმას ამბობენ, ჩვენ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის გამო ვიყავით გაერთიანებულიო, არადა, მანამდე სულ სხვას ლაპარაკობდნენ. სხვათა შორის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ცოლმა ისიც კი თქვა, ჩვენი მოწინააღმდეგე ორთავიანი გველეშაპია, რომლის ერთი თავი ბიძინაა, მეორე კი - მიშაო”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“თითქმის ყველა არჩევნებზე “ქართული ოცნება” ცდილობდა, მთავარ კონკურენტად “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი წარმოეჩინა, რადგან ხედავდა მათ მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ მოსწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვინმეს, ის ყველაზე მკაფიო და ძლიერი ფიგურაა მთელ ოპოზიციურ სპექტრში. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ მისი ძლიერი მხარეების დაუნახაობა სიბეცე იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ის, როგორც საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის, ყველაზე რეალურია, მით უფრო, რომ მხოლოდ ელექტორატის ნაწილს კი არ აკონტროლებს საქართველოში, მას ასევე აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზე, ბევრი ფული და ამასთანავე - ამ ყველაფრის გამოყენების ნიჭი. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა ბოლო ხანს კონგრესმენთა ნაწილის მოქმედებაში. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ეფექტიანად ამუშავებს ლობისტურ ჯგუფებს... რაც ხდება, ყველაფერი “ქართული ოცნების” ბრალია. მესმის, რომ თავის დროზე კონკრეტული სახის კოაბიტაცია აუცილებელი იყო, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მაგრამ კოაბიტაციასაც გააჩნია - ამას ასეთი მახინჯი ფორმა არ უნდა მიეღო. ადამიანების დასჯაზე არ არის ლაპარაკი, აქ მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ბევრ საკითხს მოჰფენოდა ნათელი, მათ შორის - 2008 წლის ომს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა გახარიას მეთაურობით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დგამს, ძირითადად, სწორი და გააზრებულია, თუმცა არის შეცდომებიც. სოციალური დახმარება კარგია, მაგრამ ეს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროგრამის დროულად შექმნა. ეს სოციალური პაკეტები ამ კრიზისს ვერ დასძლევს, ეს არის მხოლოდ კოსმეტიკური ღონისძიებები. კრიზისული ვითარებაა მსოფლიოში და საქართველოშიც. უნდა შევეგუოთ ამ ვითარებას. დღეს რამის არსებითად შეცვლას ვეღარ მოვახერხებთ, რადგან ამისთვის გუშინ უნდა დაგვეწყო ფიქრიც და საქმის კეთებაც, მაგრამ თუ უკეთესი ხვალინდელი დღე გვინდა, დღეს უნდა დავიწყოთ მოქმედება და წარმოების ამუშავებაზე ზრუნვა. ჩვენი ხელისუფლებების ბრალია, აქამდე რომ მივიდა ქვეყანა. არაფერი კეთდებოდა ინდუსტრიული დარგების განსავითარებლად და ტურიზმს ვიყავით ჩამოკიდებული, არადა, ჩვენ გვჭირდება მძლავრი ინდუსტრიული საწარმოები, რაც ადამიანთა სტაბილურად დასაქმების საშუალებას მოგვცემს და ეკონომიკასაც გააჯანსაღებს. საქართველოში არის ეკონომისტების სერიოზული ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ხელისუფლებამ როგორც პანდემიისას გადადგა სწორი ნაბიჯი და დაუჯერა ამ საქმის პროფესიონალებს, ახლაც იგივე უნდა გააკეთოს და ჩინოვნიკ-ეკონომისტებს კი არ დაეყრდნოს მხოლოდ, არამედ - ექსპერტ-ეკონომისტებსაც. სულ ცოტა, მათი აზრი უნდა მოისმინოს მაინც”, - დასძენს არეშიძე.

რომელ მინისტრს ჩასვამენ სიაში და როგორი იქნება მთავრობა, თუ არჩევნები ისევ “ოცნებამ” მოიგო

“იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” არჩევნებში გაიმარჯვებს და უმრავლესობის დაკომპლექტებას დამოუკიდებლად შეძლებს, სავარაუდოდ გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება მინისტრთა კაბინეტშიც. “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულების მინისტრებს შეეხება. მათივე აზრით, საკმაოდ მაღალია შანსი, რომ რამდენიმე მოქმედი მინისტრი აღმასრულებელიდან საკანონმდებლო ორგანოში ვიხილოთ. თავად პარტიის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ. “ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი რევაზ არველაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რომელ მინისტრს ჩასვამენ სიაში და როგორი იქნება მთავრობა, თუ არჩევნები ისევ “ოცნებამ” მოიგო.

“მთავრობაში, როგორც წესი, მუდმივად ცვლილებები არის ხოლმე. ალბათ ეს საჭიროცაა, რომ ვინმე ზედმეტად არ შეეჩვიოს თავის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა მაშინვე არა, მაგრამ პერიოდულად რაღაც ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს მთავრობის შემადგენლობაში. კონკრეტულად არ ვიცი რომელ მინისტრს რომელი ჩაანაცვლებს, მაგრამ რაღაც ცვლილებები ალბათ იქნება. უნდა დაველოდოთ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიას და იქ უკვე გამოიკვეთება, თუ იქნება მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან ისეთი პიროვნება, რომელსაც შეეძლება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება”, - თქვა არველაძემ. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, შანსი იმისა, რომ “ოცნება” მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს საკმაოდ მაღალია. მისი პროგნოზით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით იქნება, ხოლო გახარია კვალავაც დარჩება პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მინისტრთა კაბინეტი სრულიად განახლდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ “ქართული ოცნება” გავიდეს პირველ ადგილზე. თუმცა, რამდენ პროცენტს მიიღებს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოქმედი კანონმდებლობით, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს 40.54%-ს და მეტს, აყალიბებს მთავრობას. ჩვენ ვიცით, რომ “ედისონ რისერჩის” კვლევების მიხედვით, “ოცნების” რეიტინგი შეადგენს 39%-ს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათ გადალახონ 40%-იანი ბარიერი და დააკომპლექტონ მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ კოალიციაზე კონსულტაციების წარმოება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რაც იქნება ძალიან რთული პროცესი. თუმცა, როგორც „ქართულმა ოცნებამ" ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და ჩამოაყალიბონ კოალიუციური მთავრობა. ერთმანეთთან ართანამშრომლობა იქნება ამომრჩევლის ინტერესების იგნორირება. “ქართულმა ოცნებამ” შესაძლებელია განახორციელოს გარკვეული ცვლილებები. თუმცა, მე ასე მგონია, რომ ის ჩაეჭიდება გახარიას კანდიდატურას, რადგან თვლიან, რომ ის ძლიერი ფიგურაა. აქედან გამომდინარე, საკუთრივ ივანიშვილი შეეცდება შეინარჩუნოს გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მაგრამ შესძლებელია ზოგიერთი მინისტრი შეეწიროს თავის თანამდებობას”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“საუბარია, ეკონომიკური მიმართულების მინისტრებზე. რადგან მოსალოდნელია სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების შედარებით გაუარესება. ამიტომაც, შესაძლებელია განტევების ვაცის როლი შეასრულონ, ვთქვათ, იგივე ფინანსთა მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა და ა.შ. არსებობს იმის შესაძლობლობა და ბევრსაც ექნება სურვილი, რომ გადაინაცვლოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში. თუნდაც იმიტომ, რომ მათ ექნებათ გარანტია, რომ თანამდებობაზე დარჩებიან. მინისტრთა კაბინეტის წევრი შეიძლება გადააყენო, მაგრამ პარლამენტის წევრს, თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინა, მანდატს ვერ შეუჩერებ. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია და არაა გამორიცხული მსგავსი ტიპის როტაციის ხილვა. უბრალოდ, მე ამ შემთხვევაში დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - არაა გამორიცხული მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე მოქმედი წევრი ვიხილოთ საპარლამენტო სიაში”, - დასძენს ჩიტაძე.

“პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდება. არსებითი პოლიტიკური დატვირთვა აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა, წინაა ყოველმხრივ საკმაოდ მძიმე პერიოდი, კორონავირუსის შედეგები დიდხანს იქნება და რა თქმა უნდა, ამ სიტუაციას ახალი გუნდი დასჭირდება. აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაყვანის პროცესი სულ არის ხოლმე. ახლაც მოსალოდნელია. ვერ გეტყვით ვინ შეიძლება აღმოჩნდეს აღმასრულებელისთვის საჭირო ფიგურა, გარდა იმისა, რომ გახარიამ, როგორც პრემიერმა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და შედეგი აჩვენა. ის ალბათ საყრდენია მოსახლეობის ნდობისა “ქართული ოცნების” მიმართ სწორედ, როგორც პრემიერ-მინისტრი. ჩემის აზრით, ის თანამდებობაზე დარჩება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ესტონეთის ექსპრეზიდენტი - “მიჭირს სარკოზის შეფასებების უმეტესობის სერიოზულად აღქმა”

“ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰენდრიკ ილვესი ერთ-ერთი იყო სახელმწიფოს მეთაურთა იმ დელეგაციიდან, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ეწვია და ხალხსა და ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა - როგორც ამბობს, ეს იყო დაპირება, რომლის ერთგულიც ის დღემდე რჩება. 12 წლის შემდეგ პრეზიდენტ ილვესს აგვისტოს ომსა და მის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: “მიჭირს სარკოზის შეფასებების უმეტესობის სერიოზულად აღქმა” / “თუ სარკოზი ფიქრობს,­ რომ 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის შეუსრულებლობაში თვითონვე გადამწყვეტი როლი ითამაშა, დიდი წარმატებაა, ეს არასერიოზულია”.

“მე და პრეზიდენტმა კაჩინსკიმ გადავწყვიტეთ, რადგან მსოფლიო პოლიტიკური ელიტა საკმარის ყურადღებას არ აქცევდა იმას, რაც ხდებოდა საქართველოში, უნდა ჩამოვფრენილიყავით. ამავე აზრზე იყვნენ ლატვიის პრემიერიც და ლიტვის პრეზიდენტი ადამკუსიც. პირდაპირ თბილისში ვერ ჩამოვფრინდით, რადგან რუსებმა ქართულ საჰაერო ზონაში შემოსვლის უფლება არ მოგვცეს, ასე რომ, განჯაში მოგვიწია დასხდომამ. შემდეგ ავტომანქანით 180 კილომეტრი გავიარეთ და საქართველოში ფაქტობრივად მთვარის შუქზე ჩამოვედით, რადგან შემოსვლისას ფარები ჩაგვაქრობინეს. გვითხრეს, შეიძლება რუსებმა გესროლონ ან დაგბომბონო. ჩამოვედით თბილისში და პირდაპირ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან წაგვიყვანეს, სიტყვით გამოვედით, ვეცადეთ გაგვემხნევებინა. გაუხარდათ ჩვენი გამოჩენა, მით უმეტეს, რუსები 30 კილომეტრში იდგნენ და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ჰენდრიკ ილვესი.

“შემდეგ შევხვდით პრეზიდენტ სარკოზის, რომელმაც გვითხრა, რომ ამ დილემიდან გამოსავალი იპოვა გამოსავალი, რომელზეც თვე-ნახევრის შემდეგ თვითონვე თქვა უარი - რომ ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა გაიყინებოდა, სანამ რუსები სამხედრო დანაყოფებს არ გაიყვანდნენ, შემდეგ კი თავად დათმო მეექვსე პუნქტის ეს კომპონენტი, რამაც ვნახეთ, სადამდეც მიგვიყვანა - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღემდე შეუსრულებელია... რაც შეეხება ახლახან გამოქვეყნებულ სარკოზის მემუარებს, ჯერ თავად სარკოზის ქმედება შევაფასოთ: ის ამბობდა, რომ “მშვიდობას მიაღწია”, შემდეგ კი ევროსაბჭოს ყრილობაზე მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მოსკოვში მისი გაჩარხული გარიგება არ შეიცავდა მთავარ გარანტიას - ბერკეტს, რომელიც რუსეთს აიძულებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეესრულებინა”, - იხსენებს ესტონეთის ექსპრეზიდენტი.

“იმავე შეხვედრაზე, დიდწილად ფრანგების დაჟინებით, გადაწყდა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ შეეწყვიტათ. მახსოვს, წამოიძახა: “მადლობა ღმერთს, საღმა აზრმა გაიმარჯვა!” - ასე რომ, ცოტა მიჭირს სარკოზის შეფასებების უმეტესობის სერიოზულად აღქმა - მე არც თავიდან მიფიქრია, რომ ეს წარმატება იყო და არც შემდეგ შემიცვლია აზრი. ეს თავსმოხვეული ნარატივია იმ ხალხისგან, ვისაც სურს ეს შეთანხმება წარმატებად გაასაღოს. დატოვეს რუსმა სამხედროებმა ქართული ტერიტორიები? არა, შესაბამისად, არანაირ წარმატებაზე არ შეიძლება საუბარი. თუ სარკოზი ფიქრობს, რომ შეთანხმება, რომლის შეუსრულებლად დარჩენაში თვითონვე გადამწყვეტი როლი ითამაშა, დიდი წარმატებაა, ეს არასერიოზულია”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“2014 წელს ყირიმისა და დონბასის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აგრესორთან ლოლიავი მას მხოლოდ მადას უღვიძებს. დასავლეთისა და ლიბერალური დემოკრატიის უეფექტო რეაქციამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცებაზე დაანახა კრემლს და პუტინს, ისევ შეგიძლიათ მსგავსი რამ ჩაიდინოთ და ისევ შეგრჩებათო. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა - უკრაინის კრიზისი ჯერ კიდევ გადაუჭრელია... ჩვენი პასუხი ბევრად უფრო მტკივნეული უნდა ყოფილიყო, მაგალითად, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. პასუხგაუცემლობამ რუსეთი უფრო გაათამამა. ცოტა ხანში კი ვნახეთ ე.წ. გადატვირთვის მცდელობა, რითაც რუსეთს, ფაქტობრივად, ვუთხარით: “მერე რა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში შეიჭერი, ჩვენ მაინც გვსურს შენთან კარგი ურთიერთობა”, - დასძენს ჰენდრიკ ილვესი.

“საქართველოს რომ მაპ-ი მართლაც მიეღო ბუქარესტში, ვერ გეტყვით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მწამს, რომ ბუქარესტის სამიტის გზავნილი იყო ახდენილი ოცნება რუსებისთვის. მათ დაინახეს, რომ დასავლეთი ამ საკითხს სერიოზულად არ უდგებოდა, რომ მაპ-ის მოცემის ნაცვლად გითხრეს, ნატოს წევრები გახდებით, მაგრამ ვინ იცის, როდისო, შეიძლება 100 წლის მერეც. ეს არასერიოზული დამოკიდებულება რუსეთისთვის მწვანე შუქის ანთების ტოლფასი იყო”, - ამბობს ილვესი და შეკითხვაზე - “რა არის აგვისტოს ომის მთავარი გაკვეთილი და ისწავლა თუ არა ის დასავლეთმა?” - პასუხობს: “აგვისტოს ომის გაკვეთილი, როგორც თქვენ უწოდებთ, დასავლეთს მართლაც რომ ესწავლა, 2014 წლის მოვლენები არ მოხდებოდა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინამ ასწავლა რამე, რადგან სულ ახლახან პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდა და, ფაქტობრივად, თქვა, დავივიწყოთ უკრაინა, რუსეთთან კარგი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანიაო. ისევ ძველი ნარატივი - წყენა დავივიწყოთ და რუსებს დავუტკბეთ. ეს უკვე იმდენჯერ განმეორდა, რომ ჩნდება განცდა, დასავლეთს ან სწავლა არ შეუძლია, ან არ სურს, რაც შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს”...

რატომ შეიტანა სააკაშვილმა ჰააგის სასამართლოში ახალი ანგარიში აგვისტოს ომზე

“მეჩვენება, რომ მას პასუხისმგებლობის ეშინია, რომელიც შეიძლება რომ აგვისტოს ომის გამო დაეკისროს და რომლის გამოც ის უბრალოდ საკუთარი თავისა და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობს, თორემ ძალიან ბევრი და ძალიან კვალიფიციური ამგარიშები უკვე არის”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰააგის სასამართლოში თავისი დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სააკაშვილს პირადი პასუხისმგებლობის ეშინია...” - რატომ შეიტანა ექს-პრეზიდეტმა ჰააგის სასამართლოში ახალი ანგარიში აგვისტოს ომზე.

“2008 ნლის აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე სააკაშვილმა ჰააგის სასამართლოში დამოუკიდებელი ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, ანგარიშის წარდგენა მას შემდეგ მოხდა, რაც სისხლის სამართლის დამოუკიდებელმა იურისტებმა მრავალთვიანი მუშაობის შემდეგ აგვისტოს ომის პერიოდი გამოიკვლიეს. მუხაშავრია აღნიშნულ ფაქტს უცნაურად მიიჩნევს, რადგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავის დროზე გაკეთებული საკმაო სანდო ანგარიშები არსებობს. “ამ ანგარიშის შესახებ მე არაფერი მსმენია, თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტების ასეთი დასკვნები და ანგარიშები ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაურია იმიტომ, რომ აგვისტოს ომთან დაკაშირებით ძალიან პრესტიჟული, მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის მქონე ორგანიზაციების ანგარიშები არსებობს, რომლებიც თავის დროზე გაკეთდა და რა თქმა უნდა, უფრო მეტად სარწმუნო, სანდო და დამაჯერებელი იყო”, - ამბობს მუხაშავრია, რომლის თქმით, “ახლა, როცა 12 წელია გასული, ახალი რა უნდა დაიწეროს, ცოტა გაუგებარია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჰააგის ტრიბუნალისთვის 12 წლის შემდეგ დაწერილი ანგარიში რატომ იქნება იმ ანგარიშებზე უფრო დამაჯერებელი, ესეც ცოტა არ იყოს ზედაპირული და არაკომპეტენტური მეჩვენება. სააკაშვილი პირად დაინტერესებას ავლენს. მეჩვენება, რომ მას პასუხისმგებლობის ეშინია, რომელიც შეიძლება აგვისტოს ომის გამო დაეკისროს და რომლის გამოც ის უბრალოდ საკუთარი თავისა და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობს, თორემ ძალიან ბევრი და ძალიან კვალიფიციური ანგარიში უკვე არის, მათ შორის ტალიავინის დასკვნა, რომელიც ძალიან კვალიფიციური და ზუსტია. ამიტომ ახლა მეტს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალისთვის ეს ახალი არც სანდო, არც კომპეტენტური და არც დამაჯერებელი არ იქნება. თუმცა ახალსაც 12 წლის თავზე ალბათ ვერავინ ვერ დაწერს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

გია ხუხაშვილი - “გახარიამ თავი დაიზღვია...”

“თუ მართლა გინდა ხალხს დაეხმარო, ანკესი უნდა მისცე და არა თევზი”, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობის ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა და მთავრობა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპს იწყებს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” გია ხუხაშვილთან ინტერვიუში, სათაურით „გახარიამ თავი დაიზღვია...“.

“ასეთ რთულ ვითარებაში მორალური უფლება არა გვაქვს ვთქვათ, ხალხს არ უნდა დავეხმაროთო. უნდა დავეხმაროთ, მაგრამ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რატომ მივედით ასეთ მძიმე ვითარებამდე. სამწუხაროდ, ჩვენთან ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ პანდემიით არ არის განპირობებული. ჩვენი ხელისუფლება ხალხს თევზს უყრის, ანკესს კი არ აძლევს. კაცს სამუშაო უნდა მისცე, ღირსეული შემოსავალი გაუჩინო. ის მერე ხელისუფლებაზე უკეთ გადაწყვეტს, რა სჭირდება. დღეს მიცემულ თევზს რომ შეჭამენ და ხვალ ისევ მოშივდებათ, რა ქნან? ხელისუფლება რეფორმების გატარებისთვის, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის არაფერს აკეთებს. რაც მთავარია, სოციალური პაკეტები უკავშირდება პოლიტიკურ დღის წესრიგს, ათასგვარი მანიპულაციისა და პოლიტიკური კამათის საფუძველია და ისევ არასტაბილურ ვითარებას ვიღებთ. ერთჯერადი დახმარებებიც რაზეა გათვლილი? - მოდი, ახლა რაღაც მივცეთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის ხედვა არა აქვთ, არც აინტერესებთ, ჰქონდეთ. ერთადერთი გამოსავალი რეალობისთვის თვალის გასწორებაა, ეკონომიკაში პრიორიტეტების რადიკალური ცვლილება და რეალური სექტორის აგრესიული სტიმულირება. იცით, ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის? დღემდე მომხმარებელი ქვეყანა ვართ, მათ შორის კვების პროდუქტებისაც. რუსული და თურქული პროდუქტით სავსეა ქართული ბაზარი. დაახლოებით მილიარდი დოლარის პროდუქტს ვყიდულობთ უცხოეთში. წარმოიდგინეთ, ამ ღირებულების პროდუქტი საქართველოში რომ იწარმოებოდეს, რამდენად იხეირებდა ქვეყანა, რამდენი კაცი დასაქმდებოდა, რამდენად სტაბილური ეკონომიკა გვექნებოდა. ჩვენ ამ სექტორის განვითარება მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის კი არა, უპირველესად სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვჭირდება. პანდემიის გამო ქვეყნის დაკეტვა რომ გახდეს საჭირო, რასაც ვჭამთ და ყოველდღიურად მოვიხმართ, იმის წარმოება მაინც ხომ უნდა შეგვეძლოს?!” - მიიჩნევს ექსპერტი.

“მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები და ვალდებულებები ეს იყო წინა ხელისუფლების მანკიერი პოლიტიკა, რომელიც ამ ხელისუფლებამ განაგრძო. რა თქმა უნდა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს მარტივად თავს ვერ დავაღწევთ, მაგრამ სახელმწიფო ინტერესი უნდა დადგეს ყველაზე მაღლა და მოლაპარაკება ვაწარმოოთ, თუნდაც გარდამავალ პერიოდზე. უნდა ვთქვათ, რომ საჭიროა კორექცია, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა ახლა აუცილებელია. ასე იქცევა თითქმის ყველა ქვეყანა. ხალხს სულაც არ სჭირდება მათხოვრობა და სოციალური დახმარების პაკეტები, მას სამუშაო სჭირდება. ეს კარგად იცის ამ ხელისუფლებამ, მაგრამ მას ხელს არ აძლევს ფინანსურად დამოუკიდებელი ამომრჩეველი. ის უფრო მოსწონს, როცა წინასაარჩევნოდ 200 ლარად შეგიძლია ამომრჩევლის ყიდვა”, - დაასკვნის რესპონდენტი. “ოპოზიცია ერთი მხრივ, ამბობს, რომ დახმარების პაკეტით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხის მოსყიდვას ცდილობს, მეორე მხრივ კი, დახმარებები უნდა გაორმაგდესო. მოსახლეობაში ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილების გაშვება არა მგონია ხელს აძლევდეთ. ხელისუფლებას ახლა ნამდვილად არა აქვს იმის საშუალება, რომ დიდი თანხები ჩადოს სოციალურ პაკეტებში. მეტსაც გეტყვით, ჯობდა ეს თანხები ეკონომიკის განვითარებას მოხმარებოდა. დახმარებას, თუნდაც ის პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, მივესალმები, თუმცა, როდესაც ბაზარზე დიდი თანხა გამოდის და ეს არ არის გამაგრებული ეკონომიკური ზრდით, იწყება ინფლაციური პროცესები - ანუ ის მოქალაქე, ვისაც დღეს დაეხმარებიან, ხვალ უფრო გაღარიბდება, მომავალ წელს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება”, დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “როდესაც პრემიერმა გვითხრა, რომ წინ ღრმა ეკონომიკური კრიზისი გველის, თქვენი ვერსიით, ის გულწრფელი იყო, თუ ამომრჩეველი შეაშინა?” - პასუხობს:

“თავი დაიზღვია, თუ სოციალური აფეთქება დაიწყება, სათქმელი ექნება, ხომ გაგაფრთხილეთო”.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო