ადვოკატის განცხადებით, დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ირაკლი ცომაია აცხადებს, რომ „მოზარდი მის წინ აღმოჩნდა და ვეღარაფრის გაკეთება ვერ შეძლო“

ლისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორი ირაკლი ცომაია აცხადებს, რომ მოზარდი მის წინ აღმოჩნდა და ვეღარაფრის გაკეთება ვერ შეძლო, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული პატრუ-ინსპექტორის გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდება მიიჩნევს, რომ ირაკლი ცომაიამ ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის ყველა შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

"ბრალდებულს ასეთი პოზიცია ჰქონდა, მოზარდის გარდაცვალების ფაქტის სიმძიმე იმდენად დიდია, ვერც ერთი სასჯელი, რომელიც მან შესაძლოა, წარდგენილი ბრალდებიდან მიიღოს, ვერაფრით იქნება თანაბარი და გარდაცვალების ფაქტის სიმძიმეს ვერ დააბალანსებს. მას ამ სიტუაციაში რაიმე შეღავათის მოთხოვნის სურვილი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის საფრთხეები, რაზეც პროკურორმა ისაუბრა, არ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის სრულად აღიარების გამო, ჩვენ სასამართლოსთვის ალტერნატივის სახით არაფერი შეგვითავაზებია.

ბრალდების ფორმულირება გახლავთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები და ეს ამ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით შემდეგნაირადაა განმარტებული, რომ ცომაიამ თავის არიდებისთვის ყველა საშუალება და ხერხი ვერ გამოიყენა. ეს ისედაც თავისთავად ცხადია დამდგარი შედეგითაც და თვითონაც ამბობს, მოზარდი ჩემ წინ აღმოჩნდა და უკვე ვეღარაფრის გაკეთება ამ სიტუაციაში ვერ შევძელიო. აქედან გამომდინარე, ბრალდებამაც და შესაბამისმა საექსპერტო კვლევამაც მიიჩნია, რომ მისი მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ყავლაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ირაკლი ცომაიას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარუდგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა