ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2020

გია ხუხაშვილი - “რუსეთი ცდილობს აზერბაიჯან-საქართველოს გეოსტრატეგიული კვანძი დაშალოს”

საარჩევნო პროპორციული სიების პირველი 20-ეულების შედარება

ხათუნა ლაგაზიძე - “გარეჯის საქმე” ყველაზე მეტად ხელისუფლების საარჩევნო შიშებს ათვალსაჩინოებს”

მაქვს ვარაუდები, თუ რატომ გამოიყენეს საზღვრის დასადგენად ე.წ. კედლის რუკა, რაც დაუშვებელი იყო - თენგიზ გორდეზიანი

ბადრი ჯაფარიძე - “ჩვენს კანდიდატებს მუდმივად უთვალთვალებენ”

* * *

გია ხუხაშვილი - “რუსეთი ცდილობს აზერბაიჯან-საქართველოს გეოსტრატეგიული კვანძი დაშალოს”

“როდესაც საქმე დავითგარეჯას ეხება, პრობლემა ფუნდამენტურია. ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ტერიტორიებზე, უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ეს თემა არ ითვლება კვადრატული მეტრებით, არც არანაირი თანხით, რადგან მისი მნიშვნელობა შეუფასებელია. აქედან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ, რომ საკითხი გადაწყდეს ჩვენი ინტერესების შესაბამისად. მისასალმებელია, თუ დოკუმენტური დადასტურება არსებობს, რომ ეს ტერიტორიები ერთმნიშვნელოვნად საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა საბუთი უნდა მოვიძიოთ ამის დასამტკიცებლად. მეტიც - რომც ვერ მოვიძიოთ, ვფიქრობ, ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ისეთი დამოკიდებულებაა, რომელიც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ პრობლემის გადაჭრისას კომპრომისი გამოიძებნება, თუმცა, რაკი ეს კომპრომისი აქამდე ვერ მოიძებნა, აშკარაა, რომ ამ საკითხს აზერბაიჯანშიც მტკივნეულად უყურებენ”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი ცდილობს აზერბაიჯან-საქართველოს გეოსტრატეგიული კვანძი დაშალოს”.

“აზერბაიჯანში ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ალბანური კულტურის ძეგლებია. ამიტომაც დაკონსერვდა ეს პრობლემა, ანუ რადგან ასეთ ფაქიზ თემას შეეხებოდა, ჩვენმა ყოფილმა ხელისუფლებებმა ეს საკითხი დააკონსერვეს და მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი არ დადგენილა, ეს პრობლემას არავის უქმნიდა. სასულიერო პირებსაც რომ ჰკითხოთ, მათ ამ ტერიტორიაზე მიმოსვლა და საეკლესიო რიტუალების აღსრულება თავისუფლად შეეძლოთ. ამ თემის აქტუალიზაცია და ჯინის გამოშვება დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც რატომღაც ალაპარაკდა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მაშინ, როდესაც არც სომხეთთან გვაქვს საზღვარი დადგენილი და რუსეთთან რაც ხდება, ყველამ ვიცით. სწორედ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მოჰყვა გაუგებრობა, დაძაბულობა და ადგილზეც უკვე გაჩნდა თოფიანი კაცი, რაც, ჩემი აზრით, იყო დიდი უგუნურება და სახელმწიფოებრივი პროვოკაცია. ამ თემაზე მუდმივად უნდა მუშაობდეს კომისია, მოძიებულ იქნეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით ყველაფერი გაირკვევა, საბოლოო გადაწყვეტილებები კი კომპრომისით მიიღება...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, შეიძლება ითქვას, რომ დღეს პრობლემა არც რუკებია, არც დემარკაცია და არც თუნდაც გამოძიება. პრობლემა არის ახლანდელი კონტექსტი, ფორმა და შესაბამისი ნარატივი. რუკა იპოვეს, რაც, როგორც ამბობენ, ჩვენი პოზიციების გამყარებისთვის მნიშვნელოვანია და ეს ძალიან კარგია, მაგრამ როდის მოხდა ეს? მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ორი სერიოზული ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. პირველი - წინასაარჩევნო პერიოდი, ანუ დრო, როდესაც ხელისუფლებას სჭირდება ისეთი თემის წამოწევა, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და გამოდგება ოპონენტების დემონიზირებისთვის. მეორე ფაქტორი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებული კონფლიქტია. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი სწორედაც საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებისთვის იბრძვის, რუსეთისთვის კი, როგორც სომხეთის მოკავშირისთვის, უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების დაძაბვა, იწყება ამ თემის აქტუალიზაცია”, - განაგრძობს რესპონდენტი.“საზოგადოების ნაწილის უნდობლობას იწვევს ის, რომ ასეთი დამთხვევა შემთხვევით იშვიათად ხდება. გარდა ამისა, აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - რა ფორმით ხდება ამ თემის აქტუალიზაცია. კომისიის წევრებს ­ ჰბრალდებათ, რომ მათ ქართული მიწა გაყიდეს. შეიძლება ამ კონკრეტული ადამიანებისკენ არც იყო მიმართული ეს ბრალდება და ვიღაცამ ოპონენტის დემონიზაციის სურვილით ასე სცადა წინა ხელისუფლებასთან ამ თემის დაკავშირება. ვფიქრობ, მათ იმედი ჰქონდათ, რომ გატეხდნენ კომისიის წევრებს, ­ ხელს იმჟამინდელი ხელისუფლებისკენ გააშვერინებდნენ და, მაგალითად, ათქმევინებდნენ, რომ ეს მათ მიხეილ სააკაშვილმა დაავალა. ამ ყველაფრის მერე კი ხელისუფლება გვმოძღვრავს, რომ თურმე ასეთი თემების პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რადგან სწორედ მათ დაიწყეს ამ ძალიან მგრძნობიარე თემით მანიპულირება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“გასაგებია, რომ ხელისუფლება ისე ცინიკურად უყურებს საზოგადოებას, მზად არის, მის ფაქიზ გრძნობებზე ითამაშოს, ოღონდ კი ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოებრივი, უფრო ფასეული ინტერესი დგას საფრთხის წინაშე. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვიღაცამ ქართული მიწები გაყიდა, რა გამოდის, ეს მიწა აზერბაიჯანმა იყიდა, ანუ უკანონოდ მიიტაცა? ეს ამ ყველაფერს საერთაშორისო სკანდალის ელფერს სძენს, ანუ დღეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აზერბაიჯანს წარმოაჩენს ქვეყნად, რომელიც თურმე მიწებს ზოგან ყიდულობს, ზოგან კი თოფით იტაცებს. არადა, ყველამ იცის, რომ აზერბაიჯანი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძვის და სწორედ აქ ჩანს, ასე ვთქვათ, რუსული ინტერესი. ისმის კითხვა - ვის წისქვილზე ასხამს ეს ვითარება წყალს? პასუხი მარტივია - რუსეთის, რომელიც ამ ომში არის მხარე და დაინტერესებულია როგორც საქართველოში ანტიაზერბაიჯანული, ისე აზერბაიჯანში ანტიქართული განწყობის შექმნით, საბოლოოდ კი ორი ქვეყნის ურთიერთობის დაძაბვით”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ძალიან კარგია, თუ რუკები და რაღაც ახალი დოკუმენტები იპოვეს, მაგრამ ეს ყველაფერი - გამოძიებაც კი, უნდა წარემართა სამუშაო ვითარებაში და არ ექცია აღვირახსნილი პოლიტიკური პროპაგანდის საგნად. მშვიდად, სამუშაო ვითარებაში უნდა დაწყებულიყო აზერბაიჯანთან საკითხის განხილვა. შეიძლებოდა ცოტა ხანს მოცდაც, რადგან ამ ქვეყანას ახლა უფრო დიდი პრობლემები აქვს. გადაგვედო ამ საკითხის განხილვა მანამდე, ვიდრე ყარაბაღში ცხელი ომის ფაზა დასრულდებოდა. ისედაც ხომ ცხადია, რომ საზღვრის დადგენის პროცესი სწრაფად ვერ დასრულდება. უკიდურესად არადიპლომატიური, უხეში ფორმით ამ თემის აფეთქება, ფაქტობრივად, ირიბი ბრალდება აზერბაიჯანის მიმართ ხელს კი არ უწყობს პრობლემის გადაჭრას, პირიქით, აზიანებს და სერიოზულ რისკებს წარმოშობს... აზერბაიჯანი და საქართველო არის ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძი, რომლის დაშლაც რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ინტერესია, რათა ამიერკავკასია გააკონტროლოს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რა სასწრაფო აუცილებლობა იყო ივერი მელაშვილის დაკავება? რა სახელმწიფოებრივ საფრთხეს წარმოადგენდა ის? ან რატომ ზის ეს ხალხი ციხეში, გირაოთი რატომ არ გამოუშვეს, არ მესმის... ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთ რამეს ხელი მოაწეროს. ხელისუფლებამ ილოცოს, რომ ივერი მელაშვილს არაფერი დაემართოს... მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან ყალბ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ამ თემის წამოწევა გათვლილია საზოგადოების ფაქიზ გრძნობებზე თამაშსა და ამისგან პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე... თუ ეს მხოლოდ შიდა მიზნებით არის გაკეთებული, კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ ამაში გარე ხელიც ურევია, ეს გაცილებით დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის. გამოდის, რომ საქართველო-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური კვანძის გადაჭრის მცდელობით ვიღაც ნებსით თუ უნებლიეთ ხორცს ასხამს რუსულ ოცნებას. შეიძლება ეს ვიღაცას სიბრიყვით მოსდის - ყოფილა ჩვენს ისტორიაში, რომ პატრიოტულად განწყობილ ხელისუფლებებსაც უთამაშიათ რუსული თამაში. მოკლედ, ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ვითარებაა. იმედი მაქვს, აზერბაიჯანი მოიქცევა დინჯად და ამაზე სწრაფი და გაუთვლელი რეაქცია არ ექნება, - ვარაუდობს ექსპერტი.

“ვხედავთ, რომ ისინი ჯერჯერობით კომენტარსაც არ აკეთებენ, რაც სწორია. აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის შენარჩუნება ბევრი მიზეზის გამო, ამიტომაც ახლა ისინი ამ საკითხის იგნორირებას ცდილობენ. ეს ქვეყანა, ჩვენგან განსხვავებით, პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, ამ დროს კი ჩვენთან სრული ბაკქანალიაა. ქვეყნის ერთი ნახევარი მეორეს მოღალატეს ეძახის, რაც უმძიმეს ფონს ქმნის, ვითარების აფეთქებაზე, ანუ, ფაქტობრივად, პანდორას ყუთის გახსნაზე პასუხისმგებელი კი ხელისუფლებაა. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსით და ურთიერთგაგებით. რუკის პოვნა კარგია, მაგრამ აზერბაიჯანს ბევრი მიზეზის გამო შეუძლია ეს რუკა საქართველოს უკან გადმოუგდოს. საინტერესოა, მერე რას აპირებენ? ამიტომ ასე ჯიქურ კი არ უნდა დაეტაკო პარტნიორს და ბრალდებები თუნდაც ირიბად წაუყენო, არამედ უნდა დაჯდე, დაელაპარაკო, მისცე საშუალება, რომ მან თავის საზოგადოებასაც აუხსნას საქმის ვითარება და მოამზადოს საზოგადოებრივი აზრი, რათა არ მივიღოთ უკონტროლო კონფლიქტის ახალი კერა. სწორედ ამიტომ ამას ყვირილი კი არა, დიპლომატიური მუშაობა სჭირდება”, - თვლის ხუხაშვილი.

“ეს იყო საარჩევნოდ მომზადებული ფანდი, შეიძლება - რეალური პრობლემაც, რომელსაც წინასაარჩევნო დანიშნულება მიანიჭეს. მათ დაუშვეს შეცდომა და იმ შედეგს ვერ მიიღებენ, რასაც ელოდნენ. ერთი კვირა შეიძლება ემოციით აცხოვრო ადამიანი, მაგრამ როცა ემოციები ცხრება, ირთვება გონება და ჩნდება ბევრი კითხვა, რომლებზე პასუხიც ხელისუფლებას არა აქვს. ამიტომაც დადიან პროკურორები ეთერიდან ეთერში, რაღაცის მტკიცებას ტელევიზიებით ცდილობენ... საოცარი რამ ხდება...” - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ აშკარად წინასაარჩევნოდ დაგეგმილი საკითხი არის აფგან მუხთარლის საქმის გააქტიურება და მისი საქართველოში ჩამოსვლის მცდელობა, რაც ოპოზიციის მიერ აშკარად პოლიტიკური მიზნით იყო დაგეგმილი”... - პასუხობს:

“მუხთარლის საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ბნელი საქმეა, თუმცა გეთანხმებით, რომ მისი საქართველოში წინასაარჩევნოდ ჩამოყვანა, დიდი ალბათობით, გარკვეული ძალების პოლიტიკური მიზანი იყო... მოკლედ, რაც ახლა ხდება, ყველაფერი პოლიტიკაა, განსხვავება ის არის, რომ, როცა ოპოზიცია მიუღებელ და ავანტიურისტულ ნაბიჯებს დგამს, ამით შეიძლება დაზიანდეს პოლიტიკური პროცესი, მაგრამ როცა ასე ხელისუფლება იქცევა, ის სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს”.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას - მე ამ ადამიანს ვეღარ ვცნობ. დღეს მას აღარ აქვს სახელმწიფოებრივი ამოცანები და გეგმები, მას აქვს მხოლოდ ერთი სურვილი - კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და, სამწუხაროდ, ძალაუფლების გარდა, სხვა მექანიზმს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ვერ ხედავს. ის ჩიხშია და გასასვლელ კარს ვერ აგნებს. ამას ვამბობ დიდი სევდით, რადგან ის, როგორც პიროვნება, ადამიანი, ჩემთვის სულერთი არ არის. მასთან ბევრი რამ მაკავშირებს, თანავუგრძნობ, ადამიანურად მინდა დავეხმარო კიდეც, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის საინტერესო აღარ არის... “ქართული ოცნება” რომ პირველ ადგილზე გავა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, ახლა მთავარი ინტრიგა ის არის, ძალაუფლების ექსკლუზიურ შენარჩუნებას თუ მოახერხებენ - “ოცნების" ოპონენტი ოპოზიცია კი არ არის, არამედ ეს ორი ძირითადი ოპონენტი, ორი ფუნდამენტური შიში _ სიკვდილის შიში პანდემიის ფონზე და შიმშილის შიში ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჰყავს ხელისუფლებას და ამ პრობლემის სისტემური გადაწყვეტა მას არ შეუძლია. მისი პოლიტიკაა, როგორმე მიათრიოს ვითარება 31 ოქტომბრამდე ისე, რომ ამ ორმა შიშმა არ იფეთქოს... გრძელვადიანი გეგმა მათ არა აქვთ და არც კრიზისმენეჯმენტი აინტერესებთ...” - დასძენს გია ხუხაშვილი.

საარჩევნო პროპორციული სიების პირველი 20-ეულების შედარება

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროპორციული სიები უკვე წარდგინა და საზოგადოებისთვის ცნობილია ვინ რა შემადგენლობით გადის არჩევნებზე. აქვე მნიშვნელოვანია ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს, როგორ და რა პრინციპით მოხდა სიების დაკომპლექტება და კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ პარტიები. “რეზონანსი” გთავაზობთ რამდენიმე შედარებით რეიტინგული პარტიის საარჩევნო სიების პირველი ოცეულების განხილვასას, სადაც მათი შედარება რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა: სიაში შემავალთა ასაკი, ახალი სახეების წილი პარტიული სიების პირველ 20-ეულებში და მათი პროფესიები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ასაკის და პროფესიის ხალხი შეჰყავთ საარჩევნო სიებში - პროპორციული სიების პირველი 20-ეულების შედარება.

“ყველაზე “ახალგაზრდული” და ყველაზე “ხანდაზმული” ოცეულები: მმართველი პარტიის, “ქართული ცონების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულში მყოფთა ასაკი 30-დან 50 წლამდეა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, “ოცნებასთან” შედარებით მათ პარტიულ სიაში საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად მაღალია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სიის პირველ ნომრად 82 წლის ბუბა კიკაბიძეა დასახელებული, თუმცა, ამას გარდა, “ნაცმოძრაობის” სიის პირველ ოცეულში 40 წელზე ახალგაზრდა არავინაა. “ევროპულ საქართველოს“ სიის პირველ ოცეულშიც “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსი მდგომარეობაა დეპუტატობის კანდიდატთა ასაკი 39-დან 65 წლამდე მერყეობს. რაც შეეხება “ლელოს”, უნდა ითქვას, რომ სამივე პარტიისგან განსხვავებით ყველაზე ახალგაზრდა საარჩევნო სია აქვთ. პარტიის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის და მამუკა კაციტაძის გარდა, თითქმის ყველას ასაკი 30-დან 40 წლამდე მერყებობს. ჯამში კი “ლელოს” პირველ ოცეულში მყოფთა ასაკი 30-59 წელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახალი სახეები წილი: “ქართულმა ოცნებამ” თვისი სიის პირველი ოცეულის ზუსტად ნახევარი ახალ სახეებს დაუთმო. თუმცა, სიის ამ 10 წევრიდან ზოგიერთი საჯარო სამსახურში მოღვაწეობდა და მათ საზოგადოება მეტ-ნაკლებად მაინც იცნობს. შევხედოთ “ნაციონალური მოძრაობის” სიას, სადაც თუ ბუბა კიკაბიძეს პოლიტიკაში ახალ სახედ ჩავთვლით, მაშინ პარტიის პირველ 20-ში ახალი სახე მხოლოდ ის და სულხან სიბაშვილია, რომელსაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს. დანარჩენი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი პოლიტიკოსები არიან თავისი წარსული ბიოგრაფიებით. უფრო მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა სხვა პარტიაში და სხვა საარჩევნო სიებში ყოფნაც მოასწრო. “ევროპულ საქართველოში” ახალი სახეების მხრივ “ნაციონალების” მსგავსი სიტუაცია აქვთ, თუ ოცეულის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ წევრს არ ჩავთვლით, რომლებიც ისევ პარტიის წევრები არიან. მაგალითად გოჩა გურგუჩიანი, ზურაბ ჩილაგაშვილი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია. “ლელოს” ისედაც ახლად შექმნილი პარტიაა, ფაქტობრივად მათი სიის ძირითადი ნაწილი ახალი სახეებით და ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ზოგიერთ მათგანს საზოგადოება, როგორც ახალ პოლიტიკურ თაობას, ისე იცნობს. პოლიტიკაში, თავისთავად ცხადია, ახლები თავად ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც არიან. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მათ როგორც ბანკირებს ისე იცნობს. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს და მამუკა კაციტაძეს, ალბათ ამ პარტიაში ყველაზე გამოცდილი და ძველი სახეები პოლიტიკური მოღვაწეობის თვალსაზრისით ისინი არიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“დეპუტატობის კანდიდატთა პროფესიები: „ქართულ ოცნებას“ ამ მხრივ ყველაზე მრავალფეროვანი სია აქვს. პირველ 20-ეულში არიან როგორც იურისტები, ასევე ეკონომისტები, სპორტსმენები, დიპლომატები და ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანები. “ნაციონალურ მოძრაობაში” ჰყავთ ერთი ხელოვნი ბუბა კიკაბიძე, საკმაოდ ბევრი იურისტი, ჟურნალისტი, გენერალი, ეკონომისტი, ბიზნესმენი, დიპლომატი, ფინანსისტი, ისტორიკოსი. თუმცა მათი უმრავლესობა, “ოცნების” სიის წევრებისგან განსხვავებით, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. “ევროპულ საქართველოში” ძირითადად იურისტები სჭარბობენ და აქაც ყველა თითქმის პარტიული კადრი და გამოცდილი პოლიტიკოსია. რაც შეეხება “ლელოს”, იურისტები აქაც ჭარბობს, თუმცა დიპლომატები, ისტორიკოსები, ეკონომისტები და ფინანსისტები აქაც არიან. შესაძლოა ითქვას, რომ სპორტიდან პოლიტიკაში გადმოსული კადრები ფაქტობრივად მხოლოდ “ოცნებას” ჰყავს”, - დასძენს გამოცემა.

“რა გავლენას ახდენს ეს ამომრჩეველზე: რამდენად ითვალისწინებს ამომრჩეველი ხმის მიცემის დროს აღნიშნულ კრიტერიუმებს და და საბოლოოდ, რა გავლენას ახდენს ეს არჩევნების შედეგებზე? - ამ კითხვით “რეზონანსმა” ანალიტიკოსებს მიმართა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ქართველი ამომრჩეველი მთავარ ყურადღებას პარტიის ლიდერებს აქცევს. მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის სიაში, რა ასაკის და რა პროფესიისა. მთავარია იქ იყოს ის ლიდერი, რომელიც მისთვის მისაღებია. მოსახლეობის დიდი ნაწილი სიას საერთოდ არ ეცნობა და მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობენ, მაინც ამბობენ, რომ ხმას ან მიშას ან ბიძინას აძლევენ. შესაბამისადაც, პარტიების უმრავლესობა სიისთვის ახალი სახეების მოძიებაზე თავს დიდად არ იწუხებს. იგივეს ფიქრობს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკაში ბელადომანიაა. ამიტომაც ხალხი არჩევნებზე ხმას სწორედ პარტიის ლიდერის მიხედვით აძლევს და თუკი ვინმე “ოცნებას” ან “ნაციონალებს” ხმას აღარ მისცემს, ეს არ იქნება იმის გამო, რომ პარტიის სიაში მოცემული ადამიანების ან ასაკი და ან კიდევ პროფესია არ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ მათი ლიდერების მიმართ მიუღებლობა აქვთ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამის ნათელ მაგალითად “ნაციონალური მოძრაობა” გამოდგება. შევხედოთ მათ სიას - ისევ ძველი სახეები და ისევ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს წამყვან თანამდებობებს იკავებდნენ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიას წამყვანი ბირთვი ახლა უკვე “ევროპელების” სახით გამოეყო, მაინც ქვეყანაში პირველი ოპოზიციური პარტიაა. რატომ? - იმიტომ, რომ მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია და ხალხი ხმას არა პარტიას და საარჩეევნო სიას, არამედ სააკაშვილს აძლევს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ “ოცნებაზეც”. გამოეყო მასაც ახალგაზრდების დიდი გუნდი, რომელიც ივანიშვილმა 2016 წელს მოიყვანა, მაგრამ არ დაშლილა. იგივე ხდება აქაც - ივანიშვილს აძლევს ხალხი ისევ ხმას და არა “ოცნებას”. ამიტომ პარტიების დიდი ნაწილი განახლებაზე თავსაც არ იწუხებს. პარტიებში დემოკრატია არაა, იქ ისევ ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტს ლიდერი და წერს სიას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მძიმე პრობლემა. “ლეიბორისტების” ლიდერი ნათელაშვილი 30 წელია უცვლელია. აბა, ხალხს ჰკითხეთ ქუჩაში - მის გარდა თუ იცნობს ამ პარტიიდან სხვა ვინმეს. ცოტა თუ გიპასუხებთ. ამიტომაც სიებს და იქ მოცემულ ადამიანთა გვარებს საქართველოში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“საქართველოში სიას და მის წევრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს საკმაოდ სავალალო სიტუაცია ვნახეთ, როდესაც მოსახლეობის მოსყიდვა პროდუქტებით ხდებოდა. ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში სია და იქ მოცემული კრიტერიუმები მეორეხარისხოვანია. შესაძლოა პარტიას ძალიან კარგი სია ჰქონდეს, მაგრამ მისი ლიდერი იყოს ბევრისთვის მიუღებელი. მაგალითად, “ლელოს” საკმაოდ კარგი სია აქვს, მაგრამ ბევრისგან გამიგია, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის გამო ხმას არ მისცემენ. ასევე გამიგია, რომ სააკაშვილი იმ ხელისუფლებაში პრეზიდენტი კი იყო, მაგრამ სხვები ატყუებდნენ და ბევრი არაფერი იცოდა, ამიტომაც მას თავისი ამომრჩეველი ხმას მაინც მისცემს. შესაბამისად, საქართველოში სიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ივანიშვილს სულ ახალი სახეები რომ დაეყენებინა, მაინც ის რეიტინგი ექნებოდა, რაც ახლა აქვს. აქ გადამწყვეტი მაინც ლიდერებია. თანაც ყველა პარტიას თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ხათუნა ლაგაზიძე - “გარეჯის საქმე” ყველაზე მეტად ხელისუფლების საარჩევნო შიშებს ათვალსაჩინოებს”

“რუსეთმა ვერ გაბედა ისეთი აქტიური და თავზე ხელაღებული ჩარევა, როგორიც 2008 წელს საქართველოში და შემდგომ უკრაინაში. რუსეთის მომლოდინე პოზას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველი - თურქეთმა ამ კონფლიქტში აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი და როგორც ჩანს, რუსეთს თურქეთთან შერკინება მესამე ფრონტზე ყარაბაღში - სირიისა და ლიბიის შემდეგ აღარ სურს. გარდა იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსეთმა ისიც გაითვალისწინა, რომ ერდოღანი იმგვარი ტიპის ლიდერია, რომელიც პუტინს თავს არ დაუხრის, რადიკალურ ნაბიჯებს არ ერიდება და შეშფოთება-აღშფოთების განცხადებებით არ იფარგლება. მეორე - ფაშინიანი მეტი პროდასავლურობით გამოირჩევა, ვიდრე მისი წინამორბედები და მის ხელისუფლებაში მოსვლას სომხეთში რუსული იდეოლოგიის შეზღუდვა მოჰყვა. ამ კონფლიქტში რუსეთის განზე დგომის ხარჯზე სომხეთს დათმობებზე წასვლამ მოუწია და ეს სომხეთში ანტირუსულ განწყობას უფრო გააძლიერებს”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ იყენებენ ყარაბაღის ომის თემას საქართველოს წინააღმდეგ / “გარეჯის საქმე” ყველაზე მეტად ხელისუფლების საარჩევნო შიშებს ათვალსაჩინოებს”.

“ამ დღეებში იყო საუბრები, თეორიულად რამდენად არის შესაძლებელი აზერბაიჯანის მხარე დაიჭიროს რუსეთმა, რომ ბაქომ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორია და ამის სანაცვლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ. სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული ბაზა არ არის. თუმცა, ვფიქრობ, თურქეთი აზერბაიჯანში რუსული ბაზის განთავსებას ყარაბაღის დაბრუნების ფასადაც არ დაუშვებს. შესაძლოა ეს გულისხმობს მრავალეროვნულ ფორმატსაც, როცა რუსების გარდა, იქ თურქები და კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებული სხვა მხარეებიც იქნებიან. ყარაბაღის საკითხზე “მინსკის ჯგუფში” შეხვედრა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთში ჩასული იყო ნატოს გენერალური მდივანი, რის შემდეგაც ბაქოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ასე რომ, აზერბაიჯანი რუსეთში შეთანხმებული თურქულ-აზერბაიჯანული პოზიციით ჩავიდოდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ორი მეზობელი ქვეყნის კონფლიქტი საქართველოსთვის სხვადასხვა საფრთხეს შეიცავს. მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ფუნქციისთვის საფრთხის შექმნას, თუ აზერბაიჯანში გამავალი ნავთობ და გაზსადენები დაზიანდება. თუკი სამხრეთ კავკასიაში არეულობა დაიწყება, დასავლეთი საქართველოსა და საზოგადოდ, რეგიონის მიმართ ინტერესს დაკარგავს. რუსეთსაც ეს უნდა, რეგიონი დიდი ხნით დარჩება მის გავლენაში, რაც არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ ჩააყენებს სახარბიელო მდგომარეობაში. თუ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება გახანგრძლივდა, ბუნებრივია, აუცილებლად მძიმედ დაარტყამს ორივეს ეკონომიკას და შესაბამისად აისახება საქართველოზეც. თუ კონფლიქტის მასშტაბი გაიზარდა, ეს საქართველოს ჰუმანიტარულ პრობლემებსაც შეუქმნის - თუ ჩვენი საზღვრებისკენ ლტოლვილთა ნაკადი დაიძრა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სომხურ და აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში საქართველოს მიმართ ანტიქართული განწყობა გამძაფრდა, განსაკუთრებით სომხეთში, სადაც, საქართველოს შიგნით დესტაბილიზაციისა თუ სეპარატიზმისკენ მოწოდებებიც კი გაისმა. ძალიან კარგია, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებები და დიპლომატიური სამსახურები მუდმივი ახსნა-განმარტების რეჟიმში არიან როგორც საკუთარ მოსახლეობასთან, ასევე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ დაუშვებს დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას. თუმცა ფაქტია, ორივე ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები და რუსეთი. ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების პრევენციული ნაბიჯები და ამას აკეთებს კიდეც ორივე ქვეყნის დიპლომატებთან ერთად. იმავდროულად, აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია “გუგლისა” და “ფეისბუკის” ადმინისტრაციასთან და მათ პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილებზე, რომლებიც უწევენ მონიტორინგს ამ ქვეყნების სოციალურ ქსელებს და მათ აქვთ მექანიზმები დეზინფორმაციის დასაბლოკად”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“შესაძლოა, რეგიონის სიმშვიდისა და აქ რუსეთის გავლენის დასრულებისთვის ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების სავარაუდო სცენარი ყველაზე რაციონალურად გამოიყურებოდეს: ანუ უშუალოდ ყარაბაღს მიღმა არსებული, ოკუპირებული შვიდი რაიონი დაუბრუნდეს აზერბაიჯანს, ხოლო სომხებმა აღიარონ ყარაბაღის დამოუკიდებლობა, რის შედეგადაც რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთზე ზემოქმედების მთავარ ბერკეტებს დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში კი ის დაკარგავს გავლენას სრულად სამხრეთ კავკასიაზე. თუმცა ეს სცენარი ჯერჯერობით ნაკლებრეალისტურად გამოიყურება, მათ შორის იმიტომაც, რომ რუსეთს არ აწყობს საკითხის ასე გადაწყვეტა, მას მოუგვარებელი კონფლიქტები ურჩევნია, რათა რეგიონში მისი საჭიროება მუდმივად იყოს”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “დავითგარეჯაზეც გკითხავთ, საზოგადოების ნაწილმა ამ საკითხზე დაწყებული სკანდალი არადროულად ჩათვალა...” - პასუხობს:

“მე დავეყრდნობი ბერი კირიონის პოზიციას, რომლის თქმითაც, მან დემარკაცია-დელიმიტაციის, რუკებისა და კომისიის თემაზე ბიძინა ივანიშვილის გარდა, “ქართული ოცნების” ყველა პრემიერს მიმართა, თუმცა აქამდე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა. შესაბამისად, კითხვა მაქვს: თუ “ოცნებას” დავითგარეჯის ბედი აწუხებდა, ამდენი წლის განმავლობაში რატომ არ მიაქცია ყურადღება?.. შესაბამისად, ჩნდება ვერსიები და კითხვები: პირველი - თუ მაშინ ბერი კირიონის არგუმენტები უსაფუძვლოდ ჩათვალეს, ახლა, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, რატომ გახდა მისი არგუმენტები საფუძვლიანი?.. მეორე ვერსიით, კირიონის მონათხრობი არგუმენტირებულად კი მიიჩნიეს, მაგრამ აზერბაიჯანის განაწყენებას მოერიდნენ. თუ ასეა, ახლა რატომ მოინდომეს ეს, როდესაც აზერბაიჯანი ომშია ჩართული?! მესამე ვერსიით კი შესაძლოა კირიონის მოსაზრებები არგუმენტირებულად მიიჩნიეს, მაგრამ დავითგარეჯის მნიშვნელობას არად დაგიდევდნენ და ახლა, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გახდნენ პატრიოტები. სამივე ვერსია იმაზე მეტყველებს, რომ “ოცნებას” გარეჯა მხოლოდ საარჩევნოდ გაახსენდა”.

“ვინმეს სჯერა, რომ რუსეთმა რუკა საქართველოს ან აზერბაიჯანის სასიკეთოდ და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოაჩინა?! ამასთან, თუ ბერი კირიონის არგუმენტები მაშინაც და დღესაც საფუძვლიანი იყო და საქართველოს ინტერესები ნამდვილად დაზარალდა, რა გამოდის, “ოცნება” ამ ხნის განმავლობაში დამნაშავეებს ხელს აფარებდა?! თუ იცოდა და სასურველ დროს ელოდა? ცნობისთვის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დანაშაულის დაფარვა დასჯადია. შესაბამისად, “ოცნების” იმ მაღალჩინოსნებითაც უნდა დაინტერესდნენ, ვინც ეს დანაშაული დაფარა. მაშინ დავიჯერებთ “ოცნების” გულწრფელ მოტივაციას და სამართლიანობის სიყვარულს. არ მჯერა მე “ოცნების” პატრიოტობის: საქმეს თუ დასჭირდა, დავითგარეჯას ისევ ჩემი თაობა და ის ადამიანები დავიცავთ, ვინც 80-იანი წლების ბოლოს სწორედ დავითგარეჯის დაცვით დაიწყო ეროვნული მოძრაობა. თუ ვინმეს სურს დღეს აზერბაიჯან-საქართველოს დაპირისპირება და ამით ხელის მოთბობა, ეს მხოლოდ რუსეთია, რომელსაც უნდა დაანგრიოს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამკუთხედი, დაუკარგოს მას საერთაშორისო ფუნქცია. თუ ჩვენ ყოველივე ეს დავკარგეთ და მილსადენები და საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძები რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა, საქართველო გახდება გეოპოლიტიკური ჩიხი, რომლითაც აღარავინ დაინტერესდება”, - დაასკვნის ლაგაზიძე.

“რა გამოდის: აზერბაიჯანელებს ეუბნებიან, თქვენ არაფერზე ინაღვლოთ, ჩვენ გარეჯა კი არ გვაინტერესებს, არამედ წინასაარჩევნოდ ამ თემით ოპოზიციას ერთ კაი წიხლს ჩავაზელთ და მერე როგორც აქამდე არ გვახსოვდა, ისე მივივიწყებთო. საქმე ის გახლავთ, რომ “ოცნება” მიხვდა, ამ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” ფანტომი ხალხის დასაშინებლად უკვე აღარ გამოდგება იმ დოზით, როგორითაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამოდგა, როდესაც “ნაციონალების” რეინკარნაციის შიშით ხალხი საარჩევნო უბნებში მიცვივდა. თანაც, ასპარეზზე ბევრი პერსპექტიული პარტია გაჩნდა, რომელთაც ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვთ იმდენად, რომ ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი და მხარდაჭერა ძალავს ხელისუფლებისას. ჰოდა, “ოცნებამაც” დაგეგმა სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით “დავითგარეჯა”, რომლითაც ოპოზიციური სპექტრის ჩარეცხვასაც აპირებს და საზოგადოების პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით, გადაუწყვეტელი და ინდიფერენტული ამომრჩევლის მიყვანასაც თავის მხარდასაჭერად. ასე რომ, “გარეჯის საქმე” ყველაზე მეტად ხელისუფლების საარჩევნო შიშებს ათვალსაჩინოებს. ხოლო თუ მოხდა სასწაული და აზერბაიჯანმა გარეჯის სადავო ტერიტორია არჩევნებამდე დაგვიბრუნა, პირველი მე მოვუხდი ქუდს “ოცნების ხელისუფლებას”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს “ოცნების” მხრიდან საკუთარი სახელისუფლებო ამბიციებისთვის გარეჯის შეწირვა გამოვა”, - დასძენს რესპონდენტი.

მაქვს ვარაუდები, თუ რატომ გამოიყენეს საზღვრის დასადგენად ე.წ. კედლის რუკა, რაც დაუშვებელი იყო - თენგიზ გორდეზიანი

“საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დასადგენად უნდა გამოეყენებინათ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელზეც ტერიტორია სრული სიზუსტითაა მოცემული. ამის ნაცვლად კომისიმ არაზუსტი 1:500 000 მასშტაბის რუკა გამოიყენა. რატომ დაუშვა შეცდომა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიამ და რა განსხვავებაა ამ ორ რუკას შორის? - საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი და თსუ-ს პროფესორი თენგიზ გორდეზიანი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ საზღვრის დადგენის დროს აუცილებელია ტოპოგრაფიული რუკის გამოყენება, რომლის მასშტაბიც 1:200 000-ია, ხოლო 1:500 000 მასშტაბის ე.წ. კედლის რუკის გამოყენება ასეთ სერიოზულ და გარდამტეხ პროცესში კომისიის მხრიდან დაუშვებელი იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მაქვს ვარაუდები, თუ რატომ გამოიყენეს საზღვრის დასადგენად ე.წ. კედლის რუკა, რაც დაუშვებელი იყო - თენგიზ გორდეზიანი.

“აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაში ამ მონაკვეთზე და სხვა მონაკვეთებზეც გამოყენებულია 1:500 000 მასშტაბის რუკა, რომელიც არის ზოგადი რუკა და მისი გამოყენება ასეთი სენსიტიური თემის გადაწყვეტისას, როგორიცა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მიუღებელია. აქ გამოყენებული უნდა ყოფილიყო 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა იმიტომ, რომ ეს არის ზუსტი რუკა. ტოპოგრაფია თვითონ ნიშნავს ზედაპირის დეტალურ აღწერას, შესაბამისად საუბარია მსხვილმასშტაბიან რუკაზე, რომელიც გამოირჩევა ზედმიწევნითი დეტალურობით, რომელიც დაიბეჭდა 1938 წელს. რატომ არ გამოიყენა კომისიამ ეს რუკა, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა მაქვს ვარაუდები. ერთ-ერთი მიზეზია, რომ 1:200 000 რუკა ვერ მოიძიეს არქივში, ან მოიძიეს და ფიზიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებდათ, რადგან რუკაზე აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო. მე მაქვს ეჭვი, რომ სავარაუდო მიზეზი არის სწორედ ეს. აღნიშნულ რუკაზე, სადაც დავით გარეჯის ტერიტორიაა და საზღვარია მოცემული, ფერადი ფანქრით, სამ ფერში გატარებულია კიდევ სხვა საზღვარი. ამიტომ შეიძლებარუკაზე კარგად არ ჩანდა სახელმწიფო საზღვრის პირობითი აღნიშნვნა, თუმცა მესმის, რომ ეს ძალიან სუსტი არგუმენტია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ გორდეზიანი.

“მე უფრო მგონია, რომ შეიძლება ვერ მოიძიეს ეს რუკა და შეთანხმების დროს გამოიყენეს 1:500 000 მასშტაბის რუკა, რამაც, ფაქტობრივად, დააზიანა საქართველოს სასაზღვრო მდგომარეობა აღნიშნულ და სხვა მონაკვეთებზე, რადგან რუკა ფერადი არაა და კარგად არ ჩანს ისეთი სტრატეგიული სამხედრო ობიექტები, როგორიცაა მწვერვალები, სიმაღლეები, საყრდენი წერტილები, კომუნიკაციები იგივე გზები, ტყიანი და უტყეო არეალები. ამიტომაც ასეთი პრიმიტიული შინაარსის რუკის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხის გადაჭრისას აბსოლიტურად მიუღებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, 1:500 000 მასშტაბის რუკა დაიბეჭდა 1993 წელს, მაგრამ 1938 წელს უკვე დაბეჭდილი იყო საქართველოს ფერადი ადმინისტრაციული დაყოფის რუკა ორ - ქართულ და რუსულ ენაზე. ამ ორივე რუკაზე უდაბნოს მწვერვალი, მონასტერი და მთელი კომპლექსი, ასევე მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 300 მეტრი მთლიანად ექცევა საქართველოს შემადგენლობაში. საუბარია მთლიან კომპლექსთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაზეც - ე.წ. ყარაიაზის ველის არეალზე. ამიტომ, თუ მაინცდამაინც 1:500 000 მასშტაბის რუკის გამოყენება სურდათ, ეს ორენოვანი ფერადი რუკა უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამის მაგივრად კი კედლის რუკა გამოიყენეს. როგორ შეიძლება კედლის რუკის გამოყენება ასეთი სენსიტიური საკითხის დროს?” - განაგრძობს საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი.

“დააკვირდით რა მდგომარეობაა - კარტოგრაფიული ტერმინით 1:500 000 მასშტაბის რუკის ზღვრული სიზუსტე არის 500 მეტრი. ესე იგი 1 მილიმეტრს 500 მეტრი შეესაბამება. სასაზღვრო ზოლის სიგანე არის 40 მეტრი - 20 შიგნით და 20 გარეთ. ახლა თავად განსაჯეთ, სად 40 მეტრი და სად - 500 მეტრი. მივიღებთ სიზუსტეს? რასაკვირველია ვერ მივიღებთ. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ყველა ნორმალური სახელმწიფო იყენებს 1:200 000 მასშტაბს, რომელიც მიიჩნევა სამხედრო მასშტაბად. მით უმეტეს 40-იან წლებში სხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები არ იბეჭდებოდა, დაბეჭდილია მხოლოდ 1:200 000 მასშტაბის რუკა რომლის ნომენკლატურა “K 38-22”-ია და არის დეტალური რუკა. განვმეორდები, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის ყოფილმა კომისიამ გამოიყენა1:500 000 მასშტაბის ამიერკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფის რუკა საზღვრის დადგენის დროს, რომელიც არაზუსტია. ამასთან დაკავშირებით 1993 წელს შეიქმნა კომისია ასეთივე სახელწოდებით. ამ კომისიაში მოღვაწეობდა აწ უკვე გარდაცვლილი ჩემი პედაგოგი, კარტოგრაფი და პროფესორი ჯანსუღ კეკელია. მოხდა ისე, რომ ამ კომისიის შექმნიდან 1 წელში კეკელია წამოვიდა. წამოსვლის მიზეზი კი, როგორც თავად ამბობდა, კომისიის წევრების არაპროფესიონალიზმი იყო. მისი თქმით, მას კომისიაში არ უსმენდნენ და ვერ იქნებოდა იქ, სადაც არაპროფრსიონალები მუშაობდნენ”, - დასძენს თენგიზ გორდეზიანი.

ბადრი ჯაფარიძე - “ჩვენს კანდიდატებს მუდმივად უთვალთვალებენ”

“ქართული ოცნების” ლიდერები თავიანთი განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. მათ სურთ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ვითომ მოიპოვეს ახალი მასალა, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს მოლაპარაკებაში ვითარების საქართველოს სასარგებლოდ შეცვლის საშუალებას იძლევა. ჩემი ეჭვი, ერთი მხრივ, ემყარება იმას, რომ პროკურატურა არ არის თავისუფალი, მეორე მხრივ კი იმას, რომ სამ კვირაში არჩევნებია”, - აცხადებს პარტია “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენს კანდიდატებს მუდმივად უთვალთვალებენ” / “არანაირი ხვრელი არ უნდა დავტოვოთ, რომ ხელისუფლებას ხმების მოპარვის საშუალება მივცეთ”.

“ქართული ოცნება” პროკურატურას უკვე დიდი ხანია იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. შეგახსენებთ ტრაქტორებისა და კაბელების საქმეს. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ადამიანების დაკავება სწორედ საარჩევნო პერიპეტიებს უკავშირდება. ჩვენს კანდიდატებს მუდმივად უთვალთვალებენ. ამ სამარცხვინო პრაქტიკის მიზანი ჩვენი მომხრეების დაშინებაა. ჩვენი პარტიის წევრებს დაუზოგავად სცემეს, თავდამსხმელი კი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამტრედიაში ორჯერ დაუმტვრიეს “ლელოს” წევრებს ავტომანქანები... მმართველ გუნდის ტყუილები ემსახურება ერთადერთ მიზანს - დემორალიზებული მხარდამჭერების გამხნევებას. რეალობას აცდენილი ციფრების მანიპულაციით ცდილობენ ამომრჩევლის შენარჩუნებას. გარწმუნებთ, “ქართული ოცნება” დამაჯერებლად დამარცხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს მხარდამჭერების ზრდა, რეიტინგები, რომელთაც შიდა კვლევებით ვიღებთ. დარწმუნებული ვარ, დარჩენილი სამი კვირის განმავლობაში ამ ტენდენციას გავაგრძელებთ, არჩევნებზე დიდი მხარდაჭერით მივალთ და მოგვეცემა საშუალება, გავხდეთ მთავარი კოალიციური ძალა. სულ რაღაც 9 თვის წინ დაფუძნებული პარტია ვართ. დრო დაგვჭირდა, რათა ხალხი დაგვერწმუნებინა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ჩვენმა პროგრამამ, რომელსაც ვუწოდეთ “ახალი მარშალის გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის”, დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, ყველა ხედავს, რომ ჩვენი გუნდი შედგება ლიდერებისგან, საქმეში გამოცდილი და პატრიოტი პროფესიონალებისგან, რომელთაც ყველა უნარ-ჩვევა აქვთ საიმისოდ, რომ ხორცი შეასხან საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმას. აი, ეს ფაქტორები განსაზღვრავს ჩვენი მხარდამჭერების რიცხვის ზრდას”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა ინიციატივამ მევახშეობის აკრძალვის შესახებ” - პასუხობს:

“ჩვენ რამდენიმე პრობლემა გვაქვს: მათ შორის პირველია ხელისუფლების დაფინანსებული ჩვენი საწინააღმდეგო კამპანია. ზოგიერთი პარტია მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ “ლელოზე” მიიტანონ იერიში. ცდილობენ, დაამკვიდრონ აზრი, რომ ბანკირობა და მევახშეობა ერთი და იგივეა, ბანკირობა თურმე ქვეყნისთვის უბედურების მომტანია. ეს გამიზნული შავი პიარია. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას მევახშეობის აკრძალვის შესახებ, ჩვენ გვყავს ათასობით კერძო იპოთეკარი, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან - მოქალაქეებს აძლევენ თანხას უზარმაზარი პროცენტის სანაცვლოდ და მათ ქონებას წინასწარ გროშებად იფორმებენ. სესხის პროცენტი ისეთი მაღალია, შეუძლებელია გადახდა. ჩვენ ასეთი ტიპის მევახშეობას უნდა ვებრძოლოთ და არა თანამედროვე ბანკს, რომელიც შენი ფინანსური მრჩეველია, სესხს მხოლოდ მაშინ გაძლევს, თუ მისი გადახდა შეგიძლია”.

“რას აკეთებს კერძო იპოთეკარი? სესხს ისეთი მაღალი პროცენტით გასცემს, რომ მსესხებელმა გადახდა ვერ შეძლოს. აქ ყველაზე მთავარი პრობლემა დაბალი ფინანსური განათლებაა. გვეუბნებიან, მიკროსაფინანსოებს რას ერჩოდითო. 120%-ში რომ გაძლევდა სესხს, როგორ უნდა გადაგეხადა? ახლა პროცენტი ჩამოსწიეს და 50% ჭერია. როგორ შეიძლება მამუკა ხაზარაძეს მევახშე უწოდო? მოქალაქეები, რომელთაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და მევახშეებმა დააზარალეს, რა თქმა უნდა, აგრესიულად არიან განწყობილი. მათთვის ბანკი და კერძო იპოთეკარი ერთი და იგივეა. ერთი პარტია (მის სახელს არ დავასახელებ) ურცხვად ამბობს, თითქოს ჩვენ ათასობით მოქალაქე გამოვყარეთ ბინებიდან. ასეთ უსინდისობას რომ იკადრებს პოლიტიკური პარტია, შესაბამის პასუხსაც მიიღებს არჩევნებზე”, - მიიჩნევს ბადრი ჯაფარიძე.

“რაც შეეხება ბანკის საპროცენტო განაკვეთს, თქვენ ბანკში ანაბარს უფასოდ ხომ არ მიიტანთ, საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა გინდათ. თქვენი ანაბარი ბანკმა სხვას უნდა მისცეს სესხად, იქიდან თქვენც უნდა მოგცეთ პროცენტი და ხარჯებიც აინაზღაუროს. ჩვენ დღეს რეგიონში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი გვაქვს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგიონიდან საქართველოს გარდა არც ერთ ქვეყანას არა ჰყავს წარმოდგენილი ერთი ბანკი მაინც. ლონდონის საფონდო ბირჟაზე რომ მოხვდე, უმკაცრეს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე. ხელისუფლებამ იცის, რომ ახლა მოსახლეობას ძალიან უჭირს, სესხები აქვს, და ჩვენს გასაშავებლად ანტისაბანკო კამპანიას იწყებს. ეს ყოვლად უპასუხისმგებლო ქმედებაა. “მარშალის გეგმის” თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ ეროვნული ბანკის რეგულაციების იმდაგვარად შეცვლას, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს”, - განმარტავს “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი.

“ხელისუფლების პროვოკაციებს და ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ხშირი შეხვედრები გვაქვს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან. პანდემიური ვითარების მიუხედავად, დამკვირვებლები უკვე ჩამოვიდნენ და მათ ყველა ინციდენტის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას. გარდა ამისა, ყველა უბანზე გვეყოლება ჩვენი ტრენინგგავლილი წარმომადგენელი. არანაირი ხვრელი არ უნდა დავტოვოთ, რომ ხელისუფლებას ხმების მოპარვის საშუალება მივცეთ. ხალხს ეუბნებიან, მაინც არაფერი შეიცვლება და არჩევნებზე წასვლას აზრი არა აქვსო. ხელისუფლების ეს კამპანია მოსახლეობის დემოტივიზაციას ისახავს მიზნად. ვარწმუნებ ამომრჩეველს, რომ მათი ერთი ხმაც არ დაიკარგება”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს