ქართული პრესის მიმოხილვა 23.12.2020

რატომ ვერ გარისკა მთავრობამ შეზღუდვების სრულად მოხსნა - სპეციალისტები მიზეზებზე საუბრობენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა - ამას თითქმის არსად აკეთებენ

რამაზ საყვარელიძე - “გულთმისნობა გვიწევს, რათა გამოვიცნოთ, თუ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ისინი”

თურქულმა ბანკებმა აფხაზური საბანკო ბარათების მომსახურება დაიწყეს - რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას

* * *

რატომ ვერ გარისკა მთავრობამ შეზღუდვების სრულად მოხსნა - სპეციალისტები მიზეზებზე საუბრობენ

“28 ნოემბრიდან შემოღებულ შეზღუდვებს, გარკვეული ეფექტი მოჰყვა, რაზეც თუნდაც სტატისტიკა მეტყველებს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა შობა-ახალი წლისათვის ამ შეზღუდვების სრულად გასაუქმებლად. სწორედ ამის გამო, მთავრობამ ადრე დაანონსებული გეგმა შეცვალა და 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში ყველა შეზღუდვის დროებით გაუქმების ნაცვლად მხოლოდ 2 შეზღუდვას ამსუბუქებს და ისიც ნაწილობრივ. სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა ამას მხოლოდ მიესალმება. მათი თქმით, ნოემბრის ბოლოს ქვეყანა სრულ კატასტროფას სწორედ ამ შეზღუდვებით გადაურჩა და ამ რეჟიმის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეთა ნაწილი კი სამშაბათს გამოცხადებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. ისინი პირველ რიგში იმას აპროტესტებენ, რომ, დაპირების მიუხედავად, 24 დეკემბრიდან დიდ ქალაქებში არ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ვერ გარისკა მთავრობამ შეზღუდვების სრულად მოხსნა - სპეციალისტები მიზეზებზე საუბრობენ.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. გამონაკლისი ახალი წლისა და შობის ღამე იქნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა ისევ ძალაშია, ასევე ძალაშია მთელი ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვაც. რისკების გამო, ბაზრობები არ გაიხსნება, ამ პერიოდის განმავლობაში სავაჭრო ობიექტები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ. ამ შემთხვევაში კი დამატებითი რეგულაციები იმოქმედებს, მაღაზიების სამუშაო დრო 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრა, ადამიანების სავაჭრო სივრცეში დაშვება მკაცრი მართვით უნდა მოხდეს, ფართის ყოველ 20 კვმ-ზე არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში. ტანსაცმლის მაღაზიებში არ ინფუნქციონირებს გასახდელები. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე, “რეზონანსთან” აღნიშნავს, შეზღუდვების შენარჩუნება გამართლებულია, რადგან სპეციალისტების რეკომენდაციაც ეს იყო და ამით მორიგი ეპიდაფეთქებაც თავიდან იქნა აცილებული. “ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია იყო, რომ შეზღუდვები საერთოდ ყოფილიყო შენარჩუნებული. მაგრამ გაიხსნა ყველა ის დაწესებულება, სადაც გარკვეული გარანტიებია იმისა, რომ ადამიანთა მოძრაობა გაკონტროლდება. რა თქმა უნდა, სოციალური თანასწორობა შესაძლოა ითქვას, რომ გარკვეულწილად ირღვევა, იმიტომ, რომ ბაზრობა არ იხსნება, მაგრამ ეპიდემიოლოგიური კუთხით უფრო სწორი გადაწყვეტილება ალბათ ეს იყო. თუმცა, უნდა ვნახოთ, თუ რამდენად შეძლებენ ადამიანების ნაკადის გაკონტროლებას, რომ ეპიდემიის აფეთქება ისევ არ მოხდეს. დაწესებულებების თანამშრომლებმა შესაძლოა თავი დაიცვან, მაგრამ როდესაც ადამიანები რიგში დადგებიან და საერთო სივრცეში იმოძრავებენ, შესაძლოა სწორედ იქ მოხდეს გადადება. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საფრთხეა. მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებდა, ნამდვილად არ მინდოდა, რომ მათ ადგილზე ვყოფილიყავი. შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო, ძალიან დიდი ალბათობით, სიეტლის ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტის გათვლებით, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, დღეში 150 სიკვდილობა გვექნებოდა, რაც ეროვნული კატასტროფაა”, - ამბობს ზოიძე, რომლის თქმით, “ამ შეზღუდვებმა, რა თქმა უნდა, გარკვეული სტაბილიზაცია მოგვიტანა, მაგრამ ესეც მყიფეა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შობა-ახალი წელი მაქსიმალურად ოჯახურ წრეში გავატაროთ. მოდით ამ ახალ წელს ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც მძიმე შედეგად დაგვიჯდება. ყოველდღიური შემთხვევებიც რომ გვერდზე გადავდოთ, რომელიც შესაძლოა ნაწილი ტესტს არ იკეთებს და ა.შ., ყველაზე ტრაგიკული სიკვდილობის რაოდენობაა. დღეს რომ 50 ადამიანი გვეღუპება ესაა სამი კვირის წინ რომ 5 ათასზე მეტი შემთხვევა იყო, იმის შედეგი. ესაა ყველაზე დიდი ტრაგედია და 150 კი სამჯერ მეტს ნიშნავს, ანუ დაახლოებით 18 შემთხვეაზეა საუბარი. მთავარია, რომ აქამდე არ მივიყვანოთ. თუ აქამდე მივიდა, ვეღარაფერი ვეღარ გაუძლებს, რომლის შემდეგაც შემთხვევებიც და სიკვდილობაც კოსმოსური სისწრაფით იმატებს და ამ შეზღუდვებით ასეთი შავი სურათი უნდა ავიცილოთ თავიდან. ძირითადი ლოზუნგი კი ისაა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ თავს და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ამ დაავადების სივერაგე ისაა, რომ მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ხარ პასუხისმგბელი. წინააღმდეგ სემთხვევაში ძალიან დიდი ეროვნული დონის ტრაგედია გვექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ამავე აზრისაა ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძეც მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვება გამართლებულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგეს. “უბრალოდ აღარც ექიმები და აღარც მთავრობა რისკზე აღარ მივდივართ იმიტომ, რომ ერთხელ წავედით და რაც მივიღეთ, თქვენც ნახეთ, რომ დიდი აფეთქება მოჰყვა. მე თავიდანვე ვამბობ, რომ მაინც სჯობს, რომ ცოტა შევიზღუდოს, ახალი წელი კიდევ მოვა და მაინც სჯობს, რომ ჩვენ ცოცხლები დავრჩეთ. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც უკმაყოფილობის ტალღა ყოველთვისაა ხოლმე. ყველა ადამიანს ერთნაირი დამოკიდებულება არ აქვს. ზოგს სიტუაცია ბოლომდე გათვითცნობიერებულიც არ აქვს, თუ რა დიდი საშიშროების წინაშე დგას. ხშირად გამიგია ლაპარაკი - რაღა მე დამემართებაო. უკვე ყველას ჰგონია, რომ პირბადეს გაიკეთებს და ვირუსი არ დაემართება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს ასე არაა და ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც დასნებოვნდა და მძიმე შედეგებით დამთავრდა, ყველა მათგანი წესებს ძალიან მკაცრად იცავდა”, - განმარტავს ხმალაძე, რომის თქმით, “მიუხედავად ამისა სოციალური დისტანციის დაუცველობამ ეს პრობლემები გამოიწვია”, - დასძენს გამოცემა.

“თითოეული ადამიანისაც მესმის, რომ დღესასწაული წელიწადში ერთხელაა და ადამიანებთან შეხვედრა უნდა და ა.შ. მაგრამ როდესაც პანდემიაა, რომელ დღესასწაულზეა საუბარი?! ერთი ნაბიჯიღა გვქონდა დარჩენილი კარვების გაშლამდე და საველე ჰოსპიტლებამდე, კლინიკებში ადგილები თითქმის აღარ იყო დარჩენილი. ახლა როგორც იქნა რაღაცას მივაღწიეთ და კიდევ იგივე შედეგი მივიღოთ, რაც აკრძალვებამდე გვქონდა?! ეს არ უნდა განმეორდეს. მოვუწოდებ ყველას, რომ კარგად გააცნობიერონ რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, თან ზამთარია, იმუნიტეტი დაცემულია, ადამიანის ორგანიზმი ისეთი ძლიერი არაა, როგორიც ზაფხულში. იმიტომ იყო, რომ ზაფხულში ბევრად ნაკლები ადამიანი იღუპება, ახლა კი მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა მცირდება, ლეტალობამ შედარებით მოიმატა. ბევრ ქვეყანაში აკრძალვები ყველასთვის კარგი და მისაღები ვერ იქნება. როდესაც ასეთი სიტუაციაა, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა ის წესები, რასაც პროფესიონალები გვაწვდიან, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი გადარჩენისთვისაა და არა ფულის გასაკეთებლად და დროის გასატარებლად. შეზღუდვები, რომ სრულიად მოხსნილიყო, ინფიცირების დონე მოიმატებდა”, - თვლის გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ეს ის ინფექციაა, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და მერე უკვე გეომეტრიული პროგრესიით მიდის, თან ახლა ვირუსს მეტი ვირულენტობა და გადამდებლობის უნარი აქვს. ერთი დღით გახსნამ 6 ათასი შემთხვევა თუ მოგვცა... თან ნუ გვავიწყდება, რომ კორონავირუსი ბევრმა უკვე მოიხადა, მაგრამ მაინც, დღეს რომ შეზღუდვები სრულიად მოხსნილიყო, შემთხვევევათა რაოდენობა მაინც ძალიან დიდი იქნებოდა და კაცმა არ იცის როგორი მიმდინარეობა ექნებოდა. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება დაიღუპოს. ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, რომ ახალგაზრდა ყოველგვარი თანმხლები დაავადებების გარეშე დაიღუპა. აქ საუბარია გეომეტრიულ პროგრესიაზე, როდესაც ერთი ინფიცირებული კი არ ემატება, არამედ ხუთჯერ, ათჯერ მეტი დაინფიცირების კერა ემატება. შესაძლოა 10 ათასზე და მეტზეც გასულიყო, საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რიცხვები, რომელიც სხვისთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის ძალიან დიდია. ჩინეთში შესაძლოა ამდენი ინფიცირებული ერთ სოფელში ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამმილიონახევარი ვართ. ამიტომაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჯერ ჩვენს თავს და მერე იმას, რომ სხვებისთვის ინფიცირების წყარო არ გავხდეთ”, - დაასკვნის ხმალაძე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა - ამას თითქმის არსად აკეთებენ

“24 დეკემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპოტზე დაანონსებული შეზღუდვა არ მოიხსნება. ეს ეხება როგორც მუნიციპალურ, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ გამოაცხადა და მას საზოგადოებაში უკმაყოფილება უკვე მოჰყვა - მოსახლეობის დიდი ნაწილი სადღესასწაულო დღეებში სწორედ ტრანსპორტის აღდგენის მოლოდინში იყო. ხელისუფლება თითქოს ბოლო დრომდე შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებდა, თუმცა როგორც გუშინ გაირკვა, ეს საერთოდ არ მოხდება და ამ პერიოდში მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ სავაჭრო ცენტრები შეძლებენ, ყველაზე მთავარი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი კვლავ უმოქმედო მდგომარეობაში რჩება. როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა “რეზონანსს” უთხრა, ეს არასწორია, რადგან უთანაბრობას ქმნის. საერთოდაც, ამგვარი შეზღუდვა უშედეგოა, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას მაინც ახერხებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა - ამას თითქმის არსად აკეთებენ / “რა გამოდის, მარტო იმ ხალხს ვუკრძალავთ გადაადგილებას, ვისაც საკუთარი მანქანა არ ჰყავს?”

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არც ახალი წლის დღეებში, არც მანამდე და არც მერე არ მიმაჩნია სწორად. როგორც თვითონ საბჭოში ამბობენ, ამ აკრძალვით ამცირებენ მობილობას, თუმცა ეს ხდება იმ ხალხის ხარჯზე, ვისაც არ ჰყავს კერძო ავტომობილი. ძირითადად, ესენი არიან სოციალურად დაუცველები და სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები. აკრძალვა ვრცელდება ზუსტად მათზე. ვისაც კერძო ავტომობილი ჰყავს, აქვს საწვავის ფული და შეუძლია გადაადგილება, მათთვის ყველაფერი დასაშვებია, თითქოს ვირუსს ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც გადაადგილება არ შეუძლიათ. მსგავსი ტიპის შეზღუდვა არსად დაწესებულა, მათ შორის, არც იტალიაში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არის არაჰუმანური აქტი, მით უმეტეს - ეპიდემიის დროს. ჩემი ინფორმაციით, დედაქალაქის შემთხვევაში, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური მზად იყო, რომ ეს მძიმე ტვირთი, რაც ამ ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება ჰქვია, აეღო საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტანდარტების დაცვით. სანამ მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდებოდა, მგზავრთა ნაკადმა 40%-ით იკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა, ვისაც კერძო ავტომობილები ჰყავდათ, დაიწყეს მათი გამოყენება, ხოლო ტრანსპორტში დარჩნენ ის მგზავრები, რომლებსაც არ ჰყავდათ მანქანები. ახლა რა გამოდის, მარტო ამ ხალხს ვუკრძალავთ გადაადგილებას?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მესხიშვილი.

“გულწრფელად რომ ვთქვა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე მეტად მუნიციპალურის აღდგენა მიმაჩნია სწორად, რადგან ხალხმა შეძლოს სამსახურში მისავლა. თუნდაც ობიექტებს მუშაობის საშუალება მიეცეთ, მაინც ვერ მივა პერსონალი. მაგალითად, საცხობის თანამშრომელი, ვისაც 500-600 ლარი აქვს ხელფასი, როგორ მოახერხებს ტაქსით სიარულს? ყოველთვის ვამბობდი, რომ ტრანსპორტის გაჩერება არის არაჰუმანური აქტი და მის აკრძალვას მოერიდა ყველა ევროპული სახელმწიფო, რადგან ეს ითვლება დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად. ვინც ეს შეზღუდვა დააწესა, მან გადაადგილება აუკრძალა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არ ჰყავთ კერძო ავტომობილები“, - დაასკვნის მესხიშვილი. მართალია, დაწესებული შეზღუდვები კერძო ტრანსპორტს არ შეეხო, თუმცა არანაკლებ პრობლემა იქმნება სხვა კუთხითაც. გაზრდილია გადაადგილების საფასური, ამასთანავე, გადატვირთულია მოძრაობა, რაც საფრთხის შემცველია. “ეკო-ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უნდა იყოს თანაბარი. თუ ვფიქრობთ, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნა საფრთხის შემცველი არ არის, მაშინ ტრანსპორტსაც უნდა გაეგრძელებინა მუშაობა გარკვეული რეგულაციების დაცვით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გადაწყვეტილება, რომ ტრანსპორტმა მუშაობა არ განაახლოს, არის არათანმიმდევრული და არაპროპორციული. ნაწილობრივ დაშვება კომერიული ობიექტების ამუშავებისა და, ამასთანავე, ძალაში დატოვება ტრანსპორტის შეზღუდვისა გამოიწვევს დისბალანსსა და სხვა პრობლემებს. გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო ცენტრებმა ნაწილობრივ განაახლონ მუშაობა, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა, ანუ ადამიანებს ვეუბნებით, რომ შეუძლიათ, ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას არ ვაძლევთ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს გადაჭარბებული რაოდენობით პირადი ავტომობილებით მოძრაობას და სატაქსო მომსახურების გაზრდას, რაც თავისთავად ერთგვარ ქაოსს შექმნის, რასაც ჩვენ უკვე ვხედავთ, განსაკუთრებით - საღამოს საათებში. ქალაქში არის საცობები, პარალიზებულია მოძრაობა და ეს კიდევ უფრო გართულდება და კიდევ უფრო გამძაფრდება, როცა გაიხსნება სავაჭრო ცენტრები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24-31 დეკემბრის ჩათვლით ქალაქში იქნება კატასტროფული მდგომარეობა, სატრანსპორტო ქაოსი, რაც კიდევ სხვა საფრთხეებთანაა დაკავშირებული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვასო ურუშაძე.

“როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში, ვირუსის გარდა, არის სხვა პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მოგვარება. ვიდრე რაიმე შეზღუდვა დაწესდება, აუცილებელია, უფრო ზუსტად იქნას საკითხი შესწავლილი, რადგან შესაძლოა, ერთი პრობლემის მოგვარებამ სხვა პრობლემა გამოიწვიოს. კორონავირუსის გარდა, ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემაც არსებობს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უკავშირდება. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ, დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს. ამ ეტაპისთვის შეზღუდვების შემსუბუქება არასწორია, მაგრამ საინტერსოა, რა ალტერნატივა აქვთ იმ ხალხისთვის, ვისაც რეგიონებში წასვლა ჰქონდა დაგეგმილი და არ აქვს იმის საშუალება, რომ ისარგებლოს კერძო ტრანსპორტით. როგორც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აღნიშნავს, აუცილებელი იყო გადაადგილების აღდგენა, პარალელურად კი შემუშავებულიყო დამატებითი რეგულაციები”, - დასძენს გამოცემა.

“დღეს ჩვენ ძალიან რთული საკითხის წინაშე ვართ. ის ხალხი, ვისაც ტრასპორტი სჭირდება, წარმოდგენა არ მაქვს, რას იზამს. ვფიქრობ, რაღაც ნორმატივი უნდა შემუშავებულიყო, რომ მგზავრებს გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ. შეიძლება ეს ყოფილიყო უფრო მკაცრი კონტროლი, დამატებითი დეზინფექცია ან სხვა რამ. ჩვენ ისეთი ქვეყანა გვაქვს, სადაც დედაქალაქი უმთავარესია. ყველა დღესასწაულზე ადამიანები ჩამოდიან რეგიონებიდან ან მიდიან რეგიონებში და ამას ვერ შევცვლით, შესაბამისად, რაღაც დაშვება უნდა ყოფილიყო და ადამიანებს უნდა ჰქონოდათ გადაადგილების შესაძლებლობა. ახლა ისინი იზოლაციაში დარჩნენ“, - თვლის მევლუდ მელაძე.

რამაზ საყვარელიძე - “გულთმისნობა გვიწევს, რათა გამოვიცნოთ, თუ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ისინი”

“ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიდან ჯერჯერობით რაიმე რეალური და ხელჩასაჭიდი შეთანხმება არ არსებობს. “ქართული ოცნება” არ ისაუბრებს ვადამდელ არჩევნებზე, თუმცა შეიძლება ოპოზიციას გარკვეული კანონპროექტები შესთავაზოს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ დასავლური ელჩების დაკვირვების და ინტერესის საგანიცაა”, - ასე ეხმაურება “რეზონანსთან” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის დავით სერგეენკოს განცხადებას ოპოზიციასთან მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებების თაობზე, სადაც, სერგეენკოს თქმით, მდგომარეობა ჯერ კიდევ არ შესულა ჩიხში და შეთანხმებისთვის რესურსები ჯერ კიდევ არსებობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ჩვენ გულთმისნობა გვიწევს და გვიჩნდება კითხვა - საერთოდ თუ მიდის საუბარი რაიმე რეალურზე” - საყვარელიძე “ოცნება”-ოპოზიციის მოლაპარაკებაზე.

“მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა. ჩემი აზრით, რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის. ამ შეთავაზების წინასწარ გაჟღერება არ მგონია სწორი იყოს, მეხუთე რაუნდზე გამოჩნდება შეთავაზებები. ისევე, როგორც მოლაპარაკებების, ისე ამ რაუნდების ფილოსოფიაც ეგ არის, რომ ისეთი შეთავაზებები შეჯერდეს, რომელზეც კომპრომისი შესაძლებელი იქნება. მე არ ვიცი კონკრეტულად რაზე იქნება მეხუთე რაუნდზე ლაპარაკი, თუმცა, მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. საყვარელიძის თქმით კი, ამ მოლაპარაკებებიდან რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებეზე მხარეები შეთანხმების მიღწევას სულაც არ ცდილობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამწუხაროდ, ჩვენ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებიდან არაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი, ამიტომ გულთმისნობა გვიწევს, რათა გამოვიცნოთ, თუ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ისინი. ჩვენ ჩვეულებრივმა მოკვდავებმა არ ვიცით ისინი რაზე საუბრობენ და სრულიად ლოგიკური იქნება კითხვა - საერთოდ თუ მიდის საუბარი რაიმე რეალურზე. ჩვენ, ვინც ამ მოლაპარაკებების მიღმა ვართ, გვაქვს განცდა, რომ ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რადგან ეს ადამიანები, ვინც ჩართული არიან ამ პროცესში, გამოდიან მოლაპარაკებიდან და ერთი და იმავეს ამბობდნენ, რასაც ადრე - იგივე პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, ვადამდელ არჩევნებზე და ა.შ ამიტომ ძალიან რთულია იმის ვარაუდი, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება. მე ნამდვილად არ ვიცი რის შეთავაზებას აპირებს “ოცნება” ოპოზიციისთვის, რომ პარლამენტში შეყვანაზე დაითანხმოს, თუმცა ერთ რამეში თითქმის დარწმუნებული ვარ - რომ მოლაპარაკებებზე “ოცნება” არ საუბრობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, რადგან ეს მათთვის ძალიან წამგებიანია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“უფრო ვფიქრობ, რომ გარკვეული კანონპროექტების შეთავაზებას დაიწყებს ოპოზიციისთვის, რომლებსაც ასევე დასავლეთიც ითხოვს ჩვენგან. ასეთი კანონპროექტებია, მაგალითად, სასამართლო სისტემის დაკომპლექტება, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხი, რათა ის შენიშვნები აღარ იყოს, რომლებიც აქამდე იყო და ა.შ. ეს შეთავავზებები ადრეც ითქვა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან იქნება, მაგრამ დიდი ენთუზიაზმი ამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას არ გამოუხატავს და სავარაუდოდ არც გამოხატავს. ამიტომ ვამბობ, რომ რეალურად ის, თუ რა შეიძლება იყოს ქმედეთი შეთავაზება, რომელზეც ოპოზიცია წამოვა, ჩემნაირი მაყურებლისთვის, ვინც მხოლოდ აკვირდება და უშუალოდ არ იღებს ამ პროცესში მონაწილებას ძალიან რთული სათქმელია”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

თურქულმა ბანკებმა აფხაზური საბანკო ბარათების მომსახურება დაიწყეს - რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას

“აფხაზურ საბანკო ბარათს, რომლის გამოყენებაც თურქეთში დაუშვეს, თუ საერთაშორისო ლეგიტიმაცია გააჩნია და მისი გარანტორი რუსული ბანკები არიან, მაშინ ავტომატურად საუბარია რუსულ ბანკებზე, რომლებმაც აღნიშნული საკითხი დაუშვეს. მაგრამ თუ ეს არის აფხაზური ბანკი, ამაზე შესაბამისი გამოძიება უნდა ჩატარდეს და რეაგირება მალევე უნდა მოხდეს”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი საკითხს ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათების თურქეთის ბანკებში გამოყენების თაობაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თურქულმა ბანკებმა აფხაზური საბანკო ბარათების მომსახურება დაიწყეს - რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას.

“საუბარია აფხაზური “აპრა ვორლდის” საბანკო ბარათებზე, რომლეთა გამოყენებაც თურქულ ბანკებში - “იშ ბანკსა” და “ზირაატ ბანკში” იქნება შესაძლებელი. “რეზონანსი” შეეცადა ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თბილისში მოქმედი “ზირაატ ბანკის” ფილიალს დაკავშირებოდა, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ზაქარეიშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს მეგობარი სახელწიფოა, რომელიც პატივს სცემს და აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნული ინფრომაცია კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მთავრობასთან უნდა გადაამოწმოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად, ის ასეთ შეცდომებს არ დაუშვებს. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია. თუ საუბარია კერძო ბანკებზე, კერძო ბანკი შედარებით თავისუფალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგულაცები და კანონი მას არ ეხება. ვფიქრობ, ამ ვითარებიდან გამოუვალი არაფერია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიმართოს თურქეთის მთავრობას და კორექტულად უნდა ესაუბროს, თუ რაშია საქმე და სთხოვოს, რომ ეს საკითხი აღმოფხვრას. მე არ მგონია ამას დიდი დრო დასჭირდეს. ვფიქრობ, მაქსიმუმ ოთხ დღეში ეს საკითხი მოგვარდება. თურქეთი ძალიან მკაფიოდ და ცალსახად იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე მის ფინანსურ სუვერენიტეტსაც. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი სულ მალე მოგვარდება. მე ის შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, რომ ეს იქნება კერძო ბანკები და არა თურქეთის სახელმწიფო ბანკები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ზოგადად, კერძო ბანკებს თავისი ინტერესები აქვთ. როგორც წესი, აფხაზეთთან არსებული საბანკო ბარათები რუსეთთან არის ჰარმონიზაციაში. ამიტომ არც ისაა გამორიცხული, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს რუსული ბანკის ფილიალია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას დასჭირდება გამოძიება და თუ აღმოჩნდა, რომ წმინდა წყლის რუსული ბანკია, რაც გამორიცხული ასევე არაა, ამაზეც უნდა მოხდეს რეაგირება და თუ ეს არის აფხაზური ბანკი, მაშინ თურქეთს ამაზეც ექნება შესაბამისი რეაქცია. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში რუსული ბანკის ბარათები მოქმედებს. ეს საკითხი კი უფრო ღრმად ფინანსისტებმა უნდა გაარკვიონ. თუ ამ “აპრას” ბარათებას საერთაშორისო ლეგიტიმაცია გააჩნია და მისი გარანტორი რუსული ბანკებია, მაშინ საუბარია რუსულ ბანკებზე, მაგრამ თუ ეს არის აფხაზური ბანკი, მაშინ, რა თქმა უნდა, თურქეთი ამაზე რეაგირებას მოახდენს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა